საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

6/22/2006

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის.

მთავრობის წევრებთან ერთად, დიდი ხანია წამყვანი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მსურდა.

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ თითქმის ყველა დიდი სამშენებლო კომპანიაა წარ,ოდგენილი.

მთელ საქართველოში მშენებლობა ერთ-ერთი სასიცოცხლო დარგია.

გაზვიადებული არ იქნება იმის თქმა, რომ საქართველოში დიდი აღმშენებლობის პროცესი დაიწყო.

დღევანდელი სამშენებლო მასშტაბების მსგავსი პრეცენდენტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.

2003 წლის, ანუ რევოლუციამდელ მონაცემებთან შედარებით, წლევანდელი წლის დამლევისათვის საქარართველოში მშენებლობის მოცულობა ოთხმაგდება.

სამშენებლო სექტორი შეიძლება რამდენიმე ფენად დავყოთ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაკვეთები.

ამაში შედის ის, რაც ჩვენს ხალხს უპირველესად სჭირდება, კერძოდ, საავადმყოფოები და სკოლები.

წელს სამასზე მეტი სკოლა უმაღლეს დონეზე რემონტდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ბავშვები გამთბარ შენობებში იქნებიან, სადაც დაცული იქნება ყველა სანიტარული ნორმა.

50 სკოლიდან ერთი ახალი სკოლა აშენდება.

წელს თბილისში, გორსა და ზუგდიდში დავიწყეთ და პრაქტიკულად უკვე ვასრულებთ სამი დიდი საავადმყოფოს მშენებლობას, ხოლო შემოდგომიდან 20 სრულიად ახალი საავადმყოფო კომპლექსის მშენებლობას დავიწყებთ.

ჩვენ ვიწყებთ რამდენიმე ათეული ახალი სკოლის და ათი დიდი ამერიკული სკოლის მშენებლობას, სადაც ტექნიკური დარგების მოსამსახურე პერსონალი მომზადდება.

ესეც შემოდგომით დაიწყება.

ასევე ვაშენებთ პენიტენციალურ დაწესებულებას, დიდ ციხეს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მოვინახულე.

იქაც საკმაოდ დიდი მოცულობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამას გარდა, შენდება ყველაზე დიდი სამხედრო ნაწილი, რომელიც ოდესმე აშენებულა საქართველოში.

ასე რომ, სახელმწიფო დაკვეთა უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური იქნება.

ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვამდე ვაპირებ, რომ საქართველოში არც ერთი დასახლებული პუნქტი არ დარჩეს, სადაც გარემონტებული, ან მთლიანად ახალი სკოლა არ იქნება; არ დარჩეს არც ერთი რეგიონული ცენტრი სადაც სრულიად ახალი საავადმყოფო არ იქნება; აღარაფერს ვამბობ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე.

მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კერძო მშენებლობას შეეხება.

თქვენთვის ცნობილია, რომ წელს თბილისში ერთდროულად 2 მილიონი კვადრატული მეტრი შენდება, მაგრამ მომავალი წლიდან ვგეგმავთ, რომ ყოველწლიურად მილიონი კვადრატული მეტრი აშენდეს.

ჩვენს რეგიონში ეს ძალზე მაღალი მაჩვენებლებია, თუმცა ლიტვაში დაახლოებით 7-ჯერ მეტი შენდება და ჩვენთვის ორიენტირი სწორედ ის უნდა იყოს.

აჭარაში დიდი სამშენებლო ბუმი დაიწყო და პრაქტიკულად მხოლოდ ყაზახური ინვესტიციებით ყველანაირი სასტუმროს მშენებლობა იწყება.

თავად ხალხმა კი, რაც წელს აჭარაში თავად დავთვალე, 20-25 სასტუმრო ააშენა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გათვლებით, ბათუმში მოსახლეობა, მინიმუმ, გაორმაგდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმში და ზოგადად აჭარაში, სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების გარდა, ბევრი საცხოვრებელი სახლიც უნდა აშენდეს.

საამისოდ ტერიტორია და შესაძლებლობები არის და ფულიც სულ უფრო მეტად ჩნდება.

პირველად წელს დაიწყო ახალი მშენებლობები ქუთაისში გორსა და რუსთავსა და თელავში.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამ პროცესში ზოგიერთი თქვენგანიც მონაწილეობს.

საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში, თბილისის გარდა, არსად არაფერი შენდებოდა, მაგრამ წელს გაჩნდა ფული იმისათვის, რომ კერძო ბინათმშენებლობა რეგიონებში დაწყებულიყო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონებში ხალხს გაუჩნდა საშუალება საკუთარ თავს და ოჯახს ბინა აუშენოს.

ასე რომ, ძალიან დიდი მასშტაბებზეა ლაპარაკი, რომელსაც მთელი სამშენებლო სექტორისა და სახელმწიფო აპარატის სერიოზული გადაწყობა სჭირდება.

უნდა გვესმოდეს, რომ მოცულობის ზრდასთან ერთად, უნდა გაუმჯობესდეს მშენებლობის ხარისხიც - ეს სამშენებლო მასალების ხარისხს შეეხება, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სეისმომედეგობისა და ურბანულ საკითხებს.

არ შეიძლება შენობები დაიდგას იქ, სადაც კომუნიკაციები არ არის და ხალხი გრძელვადიანად ვერ იცხოვრებს - მაშინ, როდესაც მილი გათვლილია ორ სახლზე, არ უნდა აიგოს ოცი, რადგან იქაურ მცხოვრებლებს წყალი, კანალიზაცია და სხვა ელემენტარული პირობები არ ექნებათ.

აქედან გამომდინარე, სწორი რეგულაციაა აუცილებელი.

მნიშვნელოვანია, რომ ესთეთიკური ხარისხიც მაღალი იყოს, რადგან რასაც ეხლა ვაშენებთ, ის ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მრავალ მომავალ თაობას უნდა დარჩეს.

ხომ მოგვწონს ჯვარი, სვეტიცხოველი, ნარიყალა, ძველი თბილისის ისტორიული ცენტრი, ჰოდა კეთილი ვინებოთ და არ დავამახინჯოთ იერი, ნუ მოვჭრით თავს ჩვენს შთამომავლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა, მაინც შეიძლება ყველაფრის გულიანად და უფრო ხარისხიანად გაკეთება.

ამიტომ სერიოზული ცვლილებების განხორციელებაა საჭირო.

დღეს რასაც სახელმწიფო აპროექტებს ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ის, რასაც თქვენ აპროექტებთ, თუმცა დადებითი ცვლილებები სახეზეა და მიხარია, რომ ეს ასეა.

დადებით მაგალითებს ყველანაირად წავახალისებთ.

მივესალმები იმას, რომ "ხრუშჩოვკების" ტიპის ბინების დანგრევა და ახალი სახლების მშენებლობა დაიწყო.

ჩვენ გვინდა თქვენგან გავიგოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ პროცესის ხელშესაწყობად, იმისათვის, რომ ეს პროცესი არა მარტო თბილისის ცენტრში, არამედ გარეუბნებშიც განვითარდეს.

შემდეგი საკითხი კადრებს შეეხება.

ჩემგან არ გესწავლებათ, რომ ამ მხრივ, სერიოზული პრობლემები გვაქვს და მინდა გითხრათ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო.მათ მოსაგვარებლად.

ჩვენ ტექნიკური მომზადების რამდენიმე ათეულ სკოლას ვხსნით.

კადრების სიმცირის გამო, ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის - ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში არაფერი აგვიშენებია.

მას შემდეგ, რაც რაჭასა და იმერეთში მიწისძვრით მიყენებული ზიანის აღსადგენად, სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა, არაფერი გაკეთებულა. ქართული სამშენებლო სექტორის მოღვაწეობასაც აქ დაესვა წერტილი.

თქვენი ძალებითა და ენთუზიამით საქმე ისევ დაიძრა, მაგრამ რეალურად, კადრები არ გვყავს და მუშა-ხელი ხელახლა უნდა მოვამზადოთ.

სახელმწიფო კადრების მოსამზადებელ რამდენიმე ათეულ ცენტრს ააშენებს, მომავალ წელს 15-20 ასეთი ცენტრი გაიხსნება.

თითოეული ამ ცენტრის ფუნქციონირებას ფინანსურად სახელმწიფო უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ გამოცდილი მშენებლები გვჭირდება, რომლებიც ახალ კადრებს მოამზადებენ - აუცილებელია, რომ მლესავმა გაზარდოს მლესავი, სანტექნიკოსმა ასწავლოს სანტექნიკოსს და სხვა პროფესიების სპეციალისტებმა აღზარდონ შესაბამისი მუშაკები.

მათ ხელფასებს ჩვენ ავანაზღაურებთ, მაგრამ კადრები იმ სპეციალისტებმა უნდა მოამზადონ, რომლებიც პრაქტიკაში თქვენ უკვე გამოცდილი გყავთ.

ჩვენი გეგმის მიხედვით, საქართველოში სამშენებლო სექტორში ერთი წლის განმავლობაში, დამატებით, 50 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ.

ეს შესაძლებელია, მაგრამ წინასწარ გარკვეული ზომების გატარებას და დიდ მომზადებას მოითხოვს.

ასევე, ახალი ტექნოლოგიებია შემოსატანი, რისთვისაც იმპორტირებულ დასავლურ ტექნოლოგიებზე საბაჟო გადასახადებს ვაუქმებთ.

აქაც, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენ უნდა გვითხრათ, რადგან, როგორც მთავრობამ, ჩვენ შესაძლოა ბევრი რამ არ ვიცოდეთ და ესა თუ ის საკითხი თქვენი გადასაწყვეტი იყოს.

შესაცვლელი კანონმდებლობაც.

უნდა ვიცოდეთ როგორ დავხვეწოთ იპოთეკის კანონი, სხვა რა ნორმებია დაკავშირებული საბანკო სექტორთან და დაფინანსებასთან მიმართებაში.

ბუნებრივია, ეს საკითხი ბაზრით რეგულირდება, თუმცა კანონმდებლობას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბევრი საკითხია, რომლებიც ერთად შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რადგან საქართველო 2-3 წელიწადში სრულიად სახეცვლილი ქვეყანა უნდა გახდეს.

არ ვიცი ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ახალი რამ შენდება.

მინახავს ბევრი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, რომლებსაც ახალი აეროპორტი დღემდე არა აქვს.

საქართველოს, თბილისსა და ბათუმში, ერთ წლის შემდეგ ორი ახალი აეროპორტი ექნება - ახალი ტერმინალებით, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებით, ტექნიკით.

არ ვიცი ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი საავადმყოფო და სკოლა შენდება, თუმცა იმდენი წლის განმავლობაში ვინგრეოდით, რომ ამაში გასაკვირი არაფერია.

ყველაფერი შენდება იმის გამო, რომ ეს უბრალოდ აუცილებელია და იმის გამო, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ვალდებული ვართ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესტეთიკურ მხარესაც უნდა მივხედოთ.

დამემოწმებით, რომ ქრთამებს ეხლა აღარავინ გთხოვთ.

თუმცა, თუ იმ თანხას, რომელსაც ადრე ქრთამებზე ხარჯავდით, ხარისხსა და გარეგნულ იერსახეს მოახმართ, ბევრად უკეთესი შენობები გვექნება.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწვეტა, კერძო სექტორთან და ბიზნესთან ძალზე მჭიდრო თანამშრომლობით მოხდეს.

ჩვენ თქვენი არც უფროსები ვართ და არც ზედამხედველები.

ჩვენი ამოცანაა ის, რაც ყველა სახელმწიფოს ფუნქციაა - თქვენთან პარტნიორობის პირობებში შევძლოთ მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილის, მეტი კეთილდღეობის შექმნა როგორც თქვენი თავისთვის, ისე ზოგადად, ქვეყნისთვის.

ჩვენ კი მაქსიმალურად მეტი გარანტია უნდა მოგცეთ იმისათვის, რომ საქართველოში მომუშავე ყველა მშენებელს რაც შეიძლება გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს, რათა ახალი მშენებლობები გამოჩნდეს.

მსურს კარგი ამბავი გამცნოთ იმის თაობაზე, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის დარგის სპეციალობებზე შემოვიდა.

სანაცვლოდ, შემცირდა მოთხოვნა ტრადიციულ პროფესიებზე, მაგალითად, საერთაშორისო სამრთალზე, რადგან ხალხი მიხვდა, რომ იურისტები საკმაოდ მრავლად გვყავს.

ამასთან, მართალია, იურისტები მომრავლდნენ, მაგრამ კარგი სპეციალისტი ცოტა გვყავს.

ნაკლები კონკურსია ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტში, რადგან კონკურენცია დიდია, ხოლო ადგილი - ცოტა.

ახალგაზრდობა ხვდება რა ტენდენციაა ქვეყანაში და ეს კარგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორს აქვს პერსპექტივა, რადგან, როგორც წესი, ახალგარზრდებს არ ეშლებათ საით წავიდნენ.

ჩვენის მხრივ, კი რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს.

აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ თითოეული ინდუსტრიისა და სექტორის წარმომადგენელმა ღიად ილაპარაკოთ ვინ და რა გიშლით ხელს, რა არის შესაცვლელი, რა არის გასაუმჯობესებელი და რა - გასაუქმებელი, ან იქნებ რომელიმე სახელმწიფო უწყება უნდა დაიხუროს, შესაძლოა ახალი უწყება იყოს შესაქმნელი (ამასაც გავაკეთებთ) და სხვა.

მზად ვარ მოგისმინოთ და ეს საკითხები განვიხილოთ.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პარლამენტში მიმდინარეობს დავა სამშენებლო ექსპერტიზის სამსახურის შესახებ.

ზოგს მიაჩნია, რომ ამ სამსახურის გარეშე დავინგრევით და დავიქცევით, თუმცა ყველამ იცის, რომ ის კორუფციის ბუდეა.

მათ მიერ განხორციელებული ყველანაირი ექსპერტიზა და დასკვნა გარკვეული თანხა ღირს, მაგრამ ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ჩემი მმართველობის მესამე წელს ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა - კორუფციის ხანას წერტილი დაესვა.

ამ სამსახურის გაცემულია ყველა ნებართვა, რომელთა წყალობითაც ქალაქში დაუმთავრებელი შენობები დგას და უხარისხო, გვერდზე გადახრილი სახლები მომრავლდა.

ვაკის პარკთან დადგეს სახლი, რომელიც პიზის კოშკივით არის გადახრილი.

თავის დროზე, მაშინ, როდესაც ვაკის დეპუტატი ვიყავი, ამ სახლის მშენებლობის შესაჩერებლად ვიბრძოდი და მის მშენებლებს არაფერი შეერგო, რადგან ხალხი ვერ შესახლდა.

არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტიზის ცნობა სწორედ ამ სამსახურში ჰქონდათ აღებული.

ეს სამსახური რომ გასაუქმებელია, ეჭვს არ იწვევს, ზოგიერთი მუშაკი, შესაძლოა, დასაჭერიც იყოს.

დამთავრდა! მსგავს კანტორებს ვერავინ ვერსად გახსნის!

ბევრი რამ მშენებლისა და დამკვეთის ურთიერთშეთანხმებით უნდა წყდებოდეს.

სახელმწიფო მშენებლობებს ყველანაირად ვაკონტროლებთ და ღმერთმა არ ქნას, რაიმე გადახრა შევნიშნოთ.

მით უმეტეს, როდესაც ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ ბინას იშენებს, ყველაფერს გულდასმით გააკონტროლებს.

ამ მიმართულებით, მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური