საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

7/17/2006

მოგესალმებით!

მინდა გითხრათ, რომ პირველად ისტორიაში დიდი რვიანის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკულ ფორუმზე საქართველოს საკითხის განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

ჩვენი განვითარებისთვის ეს მართლაც ისტორიული შტრიხია და

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ძალიან აქტიური დიპლომატიის შედეგი.

ეს არის შედეგი იმისა, რაც საქართველოს შიგნით გაძლიერების, განვითარების და რეფორმების კუთხით ხდება.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბევრად მეტია გასაკეთებელი, მაგრამ ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერას იწვევს.

ეს არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორების და დემოკრატიულ სახელმწიფოთა ლიდერების მხარდაჭერაა, არამედ ეს უპრეცენდენტო მაღალი მხარდაჭერა და ცნობადობაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო აზრში აქვს.

დიდი რვიანის ფორუმის დამთავრებამდე მინდა გავაკეთო განცხადება, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც იხილებოდა პეტერბურგში და რომელიც ფორუმის დამთავრებამდე განიხილება.

პირველი - ეს არის კონფლიქტების საკითხი საქართველოში.

ეს ეთნიკური კონფლიქტები არ არის, ეს თავზე მოხვეული პოლიტიკური კონფლიქტებია, რომელიც პოსტ საბჭოთა ძალებს უკავშირდება. ისინი ცდილობენ მეზობელი ტერიტორიების რაღაც ნაწილის მითვისებას, ყველაზე სასურველი ლუკმა კი, მათთვის საქართველო იყო. თავის დროზე მათ ეს მოახერხეს.

დღეს საქართველო ახალი ქვეყანაა და მას სხვანაირი მთავრობა ჰყავს. მას აქვს აღებული კურსი - ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს.

მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ამ კონფლიქტებთან მიმართებაში დროის გაწელვას ჩვენ აღარ შევეგუებით.

ჩვენ არ შევეგუებით ნებისმიერ მცდელობას საქართველოს თავს მოახვიონ კონფროტაცია, ვინაიდან ჩვენ მშვიდობიანი განვითარება, თანამედროვე ეკონომიკა და ინვესტიციები გვჭირდება.

ჩვენ სიტუაციის არევის საშუალებას არავის მივცეთ.

ჩვენ არ შევეგუებით მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს ეს ტერიტორიები ოდესმე ჩამოშორდეს, ამაში ჩვენ საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორებისაგან სრული მხარდაჭერა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთშიც შეწყდება მსგავსი განცხადებების კეთება და ამ მიმართლებით სხვა ნაბიჯების გადადგმაც.

ჩვენ ცხინვალის რეგიონისთვის ზუსტი მშვიდობიანი მოწესრიგების გეგმა გვაქვს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმ პროვოკაციებით, რომელიც ცხინვალში ბოლო დღეებში მოეწყო, რომელსაც სამწუხაროდ მხხვერპლი მოჰყვა, ვინმეს თვალს აუხვევენ და საქართველოში სიტუაციის არევისათვის საფუძველს მოამზადებენ, დიდი ხანია, ჩვენი სერიოზული ძალისხმევის შედეგად, ამას აღარავინ აღარ იჯერებს და ძალიან საპირისპირო რეაქციებსაც იწვევს.

ჩვენ მშვიდობიანი მოწესრიგების გეგმა გვაქვს, რასაც მხარს ეუთო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის ეუთოს ფორუმზე რუსეთიც უჭერს.

ჩვენი სურვილია ეს გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ.

აფხაზეთთან მიმართებაში - ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ თურმე აფხაზეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელიც საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფას დააკანონებს, პროვოკაციულია, უზნეობაა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასერიოზულად აღიქმება. მინდა ვთქვა, მთავარი, რაც უნდა განხორციელდეს აფხაზეთში, ეს დევნილების დაბრუნება, ადამიანის უფლებების დაცვა და იმ დარღვევების აღკვეთაა, რომელიც იქ მიმდინარეობს - რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური ჯგუფების გათვალისწინებით.

დარწმუნებული ვარ, დიდი რვიანის ყველა წევრი ამ ხედვას გაითვალისწინებს და ის პოზიციები, რომელიც საქართველოს მხარდაჭერის მისამართით გამოიხატებოდა, მომავალშიც გაგრძელდება.

შემდეგი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - რუს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეეხება. რუსეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორულ პირობებში თანაარსებობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს შეესაბამება.

ამ რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს დიპლომატიამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია დააფიქსირა.

ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთისათვის ძალზე მნივშნელოვანია და თქვენ კარგად იცით, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს პოზიცია დღესდღეობით ბევრ რამეს წყვეტს. საქართველოს კი, ძალზე პრინციპული პოზიცია ექნება.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ისევე სამართლიანად უნდა მოგვეპყრონ, როგორც ნებისმიერ დიდ ქვეყანას ეპყრობიან.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი სამართლიანი ინტერესები და ადრე დადებული შეთანხმებების დაცვა მოვითხოვოთ, თავმოყვარეობა და ღირსება გაგვაჩნია.

ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და ჩვენი სურვილიცაა, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მაქსიმალურად სწრაფად შევიდეს.

ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხები მაქსიმალურად სწრაფად დარეგულირდეს, მაგრამ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების ან მისი განადგურების მცდელობა გეგმაზომიერად და ყველა აკრძალული მეთოდით ხორციელდება, თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ.

რა თქმა უნდა, ეს არავის გამოუვა.

ამ გაჭირვებიდან, საქართველო უფრო ძლიერი, ბევრად უფრო განვითარებული ეკონომიკით გამოვა.

ჩვენ იმ სიძნელეებს გადავიტანთ, რომლებიც ხელოვნურად შეგვექმნა და ამ გზას ვადგავართ კიდეც.

ჩვენი სურვილია, რომ ეს საკითხები რუსეთთან პარტნიორობის პირობებში გაირკვეს. მანამ, სანამ ეს საკითხები არ გაირკვევა, საქართველო საკუთარ პოზიციას ვერ შეიცვლის, რადგან, ეს პოზიცია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ელემენტარული, ნორმალური და წესიერი პრინციპების დამკვიდრებას ეფუძნება, ამაში ვერავინ გაგვამტყუნებს.

ჩვენ მშვენივრად გვესმის ნორმალური პროცესების წარმართვასთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობაში რუსეთის ინტეგრირება. რისთვისაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან და რუსეთთან ერთად ვითანამშრომლებთ.

შემდეგი საკითხი - ეს ენერგეტიკის საკითხია.

თქვენ იცით, რომ ამ კვირაში მეორე ისტორიული მოვლენაც მოხდა, ეს იყო ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის პრეზენტაცია.

ამ ნავთობსადენის მშენებლობა ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო, მაგრამ როცა ჩვენ მოვედით, კონტრაქტის პირობების შეცვლის საკითხი დავაყენეთ და მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში განხორციელდა 150-160 მილიონ დოლარზე დამატებითი ინვესტიცია.

ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, პარტნიორულ ვითარებაში, ჩვენ მოვახერხეთ ახალი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდა.

საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გაზის საკითხის გადაწყვეტაა.

ჩვენმა წინამორბედმა მთავრობამ სამწუხაროდ, ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველოს პრაქტიკულად გაზი არ ხვდებოდა. იქ იყო კორუფციული გარიგება, რომელსაც იმ ხელისუფლების ყველაზე უფრო გახრწნილი ნაწილი კურირებდა. ის ხალხი, რომელიც გაქცეულია და საქართველოს იქედან უქმნის პრობლემებს.

ამ ხალხმა ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას გაზი საერთოდ არ ხვდებოდა.

ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო აუცილებად იყიდის მნიშვნელოვან ნაწილს და პირველად, ამ ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს გაზით მომარაგების ალტერნატივა გაუჩნდება.

ამავე დროს, ჩვენი სურვილია საქართველოს ენერგოსაკითხის რუსეთთან მოგვარება და დალაგება.

ჩვენ არ გვინდა ერთმანეთს რაიმე სახის გართულებული სურპრიზები გავუკეთოთ.

ყველა ამ საკითხში მზად ვართ ჩვენი პარტნიორების ინტერესები ბოლომდე გავითვალისწინოთ, მანამ სანამ ეს არ ეხება და არ უპირისპირდება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნი და ყოვლისმომცველია.

ეს არის ის საკითხები, რომელიც დიდი რვიანის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის მისამართით მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას უკავშირდება.

მინდა იცოდეთ თქვენ, ჩემო თანამემამულეებო!

ყველას გვმართებს მოთმინება, მოთმინება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე.

ერთი რამ ნათელია, საქართველო სწორ გზაზე დგას.

საქართველოს გაუჩნდა ნათელი პერსპექტივა.

ჩვენი ერთიანობის, მოთმინების, ერთმანეთის გვერდით დგომის, გამბედაობის და შეუპოვრობის პირობებში ყველა ამ ამოცანას, რომლის გადაწყვეტა ბევრს რთულად მიაჩნია, ბევრად ჩქარა გადავწყვეტთ.

ამაში მე დარწმუნებუოლი ვარ.

თუკი ჩვენ, ყველანი ერთად დავდგებით, ამ პრობლემებს ბევრად უფრო ადრე გადავწყვეტთ, ვიდრე იმ ხალხს წარმოუდგენია, რომლებიც ამ პრობლემებს ქმნიდა, დღესაც ართულებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომავალშიც გარკვეული დაბრკოლებები შეგვიქმნას.

მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს პასუხი პეტერბურგში მნიშვნელოვნად გაეცემა.

დანარჩენი კი, აქ, ყველა ჩვენგანის ძალისხმევის და შრომის შედეგი იქნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური