საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო

11/9/2006

მოგესალმებით ყველას!

მინდა გითხრათ, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ძნელია ისაუბრო მოვლენის მნიშვნელობაზე, როცა რაღაც ქაღალდს აწერ ხელს, მაგრამ როდესაც ქაღალდის ხელმოწერას მოყვება ის, რომ ორ წელიწადში თბილისში იქნება ყველაზე თანამედროვე, კომფორტული, მიმზიდველი და პრესტიჟული სასტუმრო საქართველოში, რისი წარმოდგენაც ორი წლის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ ეს კონკრეტული შედეგი იქნება.

ჩვენ ამ ყველაფრისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.

როცა ჩვენ დავიწყეთ, ქალაქის გალამაზება, პირველად შენობების ფასადები შეიღება. მაშინ ამბობდნენ, რომ თბილისი მრავალი საუკუნის განმავლობაში ნაცრისფერი ქალაქი იყო. მე ვნახე მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის ფოტოები, სადაც თბილისი მთლიანად ფერადია.

ჩვენ საბჭოთა კავშირმა ჩაგვაგონა, რომ ყველაფერი ნაცრისფერი, მუქი და ერთნაირი უნდა ყოფილიყო.

შემდეგ, შადრევნების გაკეთება დავიწყეთ, მაგრამ მათ არც ეს მოეწონათ. გმირთა მოედანზე გაკეთდა შადრევანი, ორ წელიწადში იქვე სასტუმრო „ინტერკონტინენტალი" აშენდება. ეს ეკონომიკური გარღვევა და წინგადადგმული ნაბიჯია.

ეს ნიშნავს ბევრად მეტ ინვესტიციას, ბევრ ტურისტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი ქართველი დასაქმედება.

თბილისი კარგადმაცხოვრებელი ადამიანების ქალაქი გახდება, რომლითაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიამაყებთ.

რამდენიმე წლის წინათ, საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ჩვენს წარსულზე, ტრადიციებზე, ღვინოზე, ქართულ სამზარეულოზე ვუყვებოდით.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს, ამ ყველაფერს ადამიანები თავადაც ხედავენ. იმისათვის, რომ საქართველოში ხალხი ჩამოიყვანო, მთავარი სავიზიტო ბარათი ჩვენს ეკონომიკაში მიმდჟინარე რეფორმები უნდა იყოს.

საქართველო, რომელიც ორი წლის წინათ, ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, 137-ე ადგილზე იყო, დღეს 37-ე ადგილზეა, მომავალ წელს კი, ჩვენ პირველ ოცეულშიც გადავინაცვლებთ.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბევრი რეფორმა გატარდა.

საქართველო დიდი ბრძოლის ფასად, ევროპაში სამ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანას შორის ითვლება.

ჩვენ ამ ვითარებას ყველაფრის ფასად შევინარჩუნებთ. ეს შეუქცევადი პროცესია. ეს არის ჩვენი რესურსი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველაფრის მიუხედავათ დინამიურად ვითარდება.

ჩვენ ვანხორციელებთ ეკონომიკურ შეტევას.

როცა საქართველოს, არცთუ ისე ადვილ კონტექსტში უხდება არსებობა, ჩვენი ეკონომიკის ყველაზე საუკეთესო თავდაცვა და განვითარება არის ფართოეკონომიკური შეტევა ყველა მიმართულებით. ეკონომიკის ლიბერალიზაციის მხრივ, აგრესიული საინვესტიციო პროგრამა, აგერსიული რეფორმები უნდა განხორციელდეს, მეტი თავისუფლება და მოქნილობა უნდა იყოს.

ალექსანდრე დიუმა ამბობდა - თბილისი აღმოსავლეთის პარიზიაო. თბილისი და მტკვრის ეს სანაპირო, რომლის მახლობლადაც ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება, მრავალი საუკუნის განმავლობაში ვაჭრობის, კომერციის და ადამიანების მიმოსვლის ცენტრი იყო მთელი შუა აზიის, კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.

პირველად, მრავალი წლის შემდგ, საქართველო ამ ფუნქციას იბრუნებს. ჩვენ ორი აეროპორტის მშენებლობას ვამთავრებთ, ვაშენებთ ათეულობით ახალ სასტუმროს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, მოსკოვის გარდა, ამდენი ცნობილი სასტუმროს სახელი არსად არ არის თავმოყრილი.

რამდენიმე თვის წინათ, მე დავესწარი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს „ჰაიატის" მშენებლობის დაწყების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას. საქართველოში შემოსვლა მათ თქვენ დაგასწრეს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მათ მშენებლობის დასრულება დაასწროთ.

ადრე სოციალისტური შეჯიბრი იმართებოდა, დღეს კი, თქვენი შემოსავლებისათვის, საქართველოს ასაშენებლად და და ქართველების კეთილდღეობის დასამკვიდრებლად, კაპიტალისტური შეჯიბრი მიმდინარეობს.

ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩაის დასალევად ხშირად მოვალ-ხოლმე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში", გავიხსენებ, თუ როგორ მოვაწერეთ ხელი ამ სასტუმროს მშენებლობას და თქვენს მიერ გახსნილი კაფედან ერთად დავითვალოთ ცაზე ვარსკვლავები.

მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური