'მწერლის გაზეთი' - მოგზაურობა წარსულის მატარებლით

3/31/2006

"დაწერო წიგნი საკუთარი ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდზე, ეს თითქმის იგივეა, რომ "სხვა მატარებელში გადაჯდე", მატარებელი, საიდანაც ჩამოხვედი, გაურკვეველი მიმართულებით აგრძელებს გზას, შენ კი საკუთარ ბედს მეორე მატარებელს უკავშირებ, რომელიც სულ სხვა სადგურისაკენ მიდის, ახლა, როდესაც გასული ათი-თორმეტი მშფოთვარე წლის აღწერა დავაპირე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სადღაც შუალედურ სადგურზე ჩამოვედი და დროებით (თუნდაც რამდენიმე თვით) მოგზაურობა შევწყვიტე, რათა ყველაფერს თავი მოვუყარო, დავახარისხო, გეზი მივცე" - წერს საქართველოს პირველი ლედი თავის წიგნში "იდეალისტის ნაამბობი" და მართლაც მისი წარსულის მატარებლით მოგზაურობა ბევრ ისეთ რამეს გვაცნობს და გვიხსნის, რის შესახებაც გარკვეულწილად ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა...

წაიკითხო და გაეცნო ისეთ წიგნს, როგორიც "იდეალისტის ნაამბობი" გახლავთ, ვფიქრობ იგივეა, ავტორთან ერთად შენც იმოგზაურო წარსულის მატარებლით და ბევრი რამ, რაც თავის დროზე, ერთი მხრივ, ასაკის გამო და, მეორე მხრივ, ბევრ ფაქტზე, ეპიზოდზე, მოვლენაზე, რომელზეც თვალი და აზრი არ მიგვიწვდებოდა და ვერ ვაანალიზებდით, დღეს ნათლად და კონკრეტულად შეიძლება წარმოიდგინო, გაიაზრო და გარკვეული დასკვნებიც გააკეთო; გაითვალისწინო ის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური შეცდომებიც, რაც წარსულის მეხსიერებამ შემოგვინახა.

და მაინც, ვიდრე ამ წარსულის მატარებელზე ავიდოდეთ, ავტორის წინათქმას თვალს ვერ ვწყვეტ:

"იდეალიზმი მსოფლიოს ჯერ კიდევ სჭირდება, წარმატების გასაღები ადამიანს საკუთარ ხელში აქვს: საჭიროა მოზრდილი დოზით თავდაჯერება და თვითკრიტიკა, რკინის მოთმინება, გულახდილობა, მიზანდასახულობა და რწმენა, რომ პატიოსნება და სამართლიანობა გაიმარჯვებს. თანაც ყოველივე ეს შეზავებული უნდა იყოს იუმორისა და სილაღის მარილით. წარმატება ამ წარმატებისთვის მზადყოფნას ნიშნავს, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგება.

როგორც ამბობენ, მწვერვალზე ასვლა უფრო ადვილია, ვიდრე იქ დარჩენა. ე.ი. წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება გველის. ჩვენ კვლავაც წარბშეუხრელად გავწევთ ჭაპანს".

ამ წიგნიდან ბევრ რამეს სწავლობ. წიგნი რომ გარკვეული მიზანდასახულობითაა შექმნილი, ამას ავტორის წინათქმაც მიგვანიშნებს; დასათაურება, რომელიც ცალკეულ თავებს გააჩნია, ამის ნათელი ილუსტრაციაა, მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესო ისაა, რომ იმ პრობლემებთან ერთად, რომელიც წიგნშია წამოჭრილი და გადაწყვეტილი, ერთგვარი "ლირიკული გადახვევებიც" გვხვდება, რომლებიც თავისთავად საკაცობრიო პრობლემატიკადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ასე, მაგალითად:

"ბუნებრივია, არაფერი სჯობს იმას, როცა მატარებლები დროულად დადიან და ყველაფერი კარგად მუშაობს... მაგრამ ნუთუ არ შეიძლება ცოტა უფრო ფართო სამოძრაო არეალი? ასე ხომ მართვად ობიექტებს, დიახ, რობოტებს ვემსგავსებით?! ამას `მეტისმეტი საგზაო ნიშნები ჰქვია! ყოველ ნაბიჯზე შავსა და თეთრს შორის არჩევანის გაკეთება გიწევს და თამაშის შემდგომ ეტაპზე გადადიხარ, არადა, რამდენი ფერია შავსა და თეთრს შორის` ეს მრავალფეროვნება ხდის ცხოვრებას საინტერესოს, მასში გასარკვევად კი ადამიანები გჭირდება და არა მანქანები!".

მოტანილი ამონარიდი რომ გავიაანალიზოთ და მასში ჩადებული აზრი გავშიფროთ, ახალი წიგნის შექმნა დაგვჭირდება, რადგანაც თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, კაცობრიობის ყველაზე დიდი სატკივარი სწორედ ის არის, რომ "რობოტებს ვემსგავსებით"... "მრავალფეროვნება ხდის ცხოვრებას საინტერესოს, მასში გასარკვევად კი ადამიანები მჭირდება და არა მანქანები". ადამიანი რომ ამ სამყაროს ანი და ჰაე, ადამიანი რომ თავისთავად მთელი სამყაროა, ეს არამც და არამც არ უნდა დავივიწყოთ - აი, რას შთაგვაგონებს ავტორი...

"იდეალისტის ნაამბობი" - მეტად საინტერესო შეგონებებს, დაკვირვებებს და მსოფლმხედველობასაც გვიზიარებს. ავტორის თითოეული წერილი, რომელიც ჩართულია ცალკეულ თავში, ცხოვრებისეულ პრობლემათა ღრმად განჭვრეტა, ინდივიდუალური აზროვნებაა და მათში ბევრ ისეთ რამეს ეცნობი, რაც თითქოს შენც გიგრძვნია, განგიცდია, მაგრამ მისი გადმოსაცემი ფორმა ვერ მოგინახავს. აი, თუნდაც ეს წერილი: "აიღე ნებისმიერი მოვლენა, რომელიც შენს ცხოვრებაში მომხდარა, ან თუნდაც მოგზაურობა, თუ თავიდან ბოლომდე გონების თვალით არ გაივლი და დაამუშავებ, ჩათვალე, რომ არც განგიცდია. ეს რამდენიმე საფეხურს მოიცავს, ჯერ უნდა ილაპარაკო, მერე იტირო, იცინო, აღტაცებით გაიხსენო, ისევ შიში იგრძნო, აღწერო და ბოლოს ფოტოალბომში დააარქივო. ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, მახსენდება: აი, მაშინ შეცდომა დავუშვი... იმან გული დამწყვიტა... და მაინც, რა კარგია, რომ ასეთი რამ გამოვცადე"... და შემდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოვებს ავტორთან, ეს არის მისი დიდი მისწრაფება ჰუმანიზმისადმი, ადამიანებთან ურთიერთობის, მათი დახმარების დიდი წყურვილი "... მინდა ჰუმანიტარულ მოძრაობაში გადატრიალება მოვახდინო"... წერს ავტორი და თავის მრავალ მინდას შორის საქართველოს გმირობაც ეოცნებება... ყველაზე მთავარი ამ წერილში მაინც ის არის, რომ ადამიანთა სიყვარულის საგზალი თავისი სამშობლოდან, თავისი ოჯახიდან მოაქვს და იმდენად აღმატებული ხარისხისაა, ქვეყნად მოფენა შეუძლია მისი.

".. რაც უნდა შორს წავიდე, მუდამ ჩემთან იქნება სითბო, რომელიც ამ ბუდიდან გამყვა - იმედი მაქვს, ჩემი ოჯახისათვის თავადაც ასეთივე თბილ ბუდეს მოვაწყობ".

როდესაც ასეთი განწყობით მიდიხარ ცხოვრებასთან, როდესაც იცი, რა, როგორ და რისთვის უნდა აკეთო, შეუძლებელია მომავალიც წარმატებული არ გქონდეს!

ეცნობი წიგნს და მოხიბლული რჩები იმით, რომ ასე ძლიერ შეყვარებული ქალბატონი ყოველთვის აანალიზებს მოვლენებს, ყველა საკითხს თავის ადგილს უძებნის და ისიც კარგად იცის:

"მას, ვინც შერეულ ქორწინებაში იმყოფება, ადაპტაციის მეტი უნარი მოეთხოვება, ერთდროულად შენი მეორე ნახევრის შინაგან სამყაროსაც ეგუები და საკუთარი პრინციპების შენარჩუნებასაც ცდილობ. ზოგჯერ რაღაც უნდა დათმო, ზოგჯერ კი ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. დიდებულია, როდესაც ხედავ როგორ ავსებთ ერთმანეთს სწორედ იმით, რომ სხვადასხვა კულტურის შვილები ხართ" - გვამცნობს ავტორი თავის აზრს და ვგრძნობთ, რომ ესეც ქალბატონი სანდრას დიდი დაკვირვებისა და ერუდიციის გამოხატულებაა.

საერთოდ, ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მხიარულება და ტაშისკვრა რომ არ შეიძლება იყოს, ეს ძალიან კარგად ესმის "იდეალისტის ნაამბობის" ავტორს. ის, რომ დღეს ღამე ცვლის, სინათლეს - სიბნელე, მხიარულებას - სევდა უცხო არ არის მისთვის და სწორედ ამ ცვალებადობაშიც რომ ცხოვრების მუხტი დევს, ესეც კარგად იცის.

"ხშირად, როცა ცხოვრების საზრისზე, ახლობლებთან განშორებაზე ფიქრი წამიღებდა, ფლამანდიელი პოეტისა და მოძღვრის ფილბოსმანსის ლექსებს გადავშლიდი და იქ ვკითხულობდი, რომ ცხოვრების ცვალებადობას უნდა შევეგუოთ, რადგან სევდას სიხარული მოსდევს, სიხარული კი შეიძლება ისევ ღრუბელმა დაჩრდილოს. ვინც ამას კარგად გაიაზრებს, უფრო ფხიზლად და ხალისიანად ცხოვრობს".

ყოველივე წინათქმული ძალიან მოკლედ და კონკრეტულად წარმოგვიდგენს ქალბატონ სანდრა რულოვსის პორტრეტს. როდესაც წიგნს შენს ცხოვრებაზე ქმნი, რა თქმა უნდა, გსურს თუ არ გსურს, ავტოპორტრეტსაც ხატავ და ვფიქრობთ, რომ ავტორმა საკმაოდ კონკრეტული შტრიხებით წარმოგვიდგინა საკუთარი სახე, მაგრამ ეს სახე უფრო მდიდრდება, უფრო დახვეწილი ხდება დროთა განმავლობაში და ქართველი მკითხველისათვის მეტად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ეს ჭკვიანი, დაკვირვებული, დიდად ერუდირებული ქალბატონი ჯერ ერთი, ქართველების რძალია და რაც ყველაზე მეტად შთამბეჭდავია, საქართველოს სიყვარულით უფეთქავს გული. კიდევ უფრო სასიამოვნო ის არის, რომ ქალბატონი სანდრა მხოლოდ გრძნობებით და ემოციებით კი არ შეუერთდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულს, მან გონებისმიერ შეისწავლა, გააანალიზა და შეისისხლხორცა საქართველოს წარსული, მისი აწმყო და მომავლისთვისაც დაიწყო ზრუნვა. იგი ღრმად იხედება საქართველოს უშორეს წარსულში, ეცნობა მის მწერლობასა და ზოგადად კულტურის ძეგლებს, აღფრთოვანებული რჩება საინტერესო მასალებით, რაც დასაბამიდან აძლევდა ქართველს საშუალებას "დამდგარიყო ერად სხვა ერთა შორის".

"იდეალისტის ნაამბობის" ავტორს არც დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენები რჩება უყურადღებოდ:

"ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი. ქართველები რომ ევროპის თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს და ამ შემთხვევაში არაერთი ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორია გასათვალისწინებელი.

1999 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, დმანისის ძველ ნაქალაქარში, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილმა ორმა თავის ქალამ მსოფლიოს ისტორიკოსები ააფორიაქა. თავის ქალები 1,7 მილიონი წლით დაათარიღეს. უნიკალური აღმოჩენის ირგვლივ "ნეიშენელ ჯიოგრაფიკმა" 2001 წელს სტატიაც დაბეჭდა სათაურით "პირველი ევროპელები საქართველოში". - მიუთითებს ავტორი თავის წიგნში და ვგრძნობთ, რომ მასაც ყველა ქართველთან ერთად სიამოვნებს და აღაფრთოვანებს ეს ფაქტი. თავისთავად ისიც საინტერესოა, რომ ქალბატონი სანდრა რულოვსი ევროპა-აზიის ქვეყნების ისტორიულ პრობლემატიკასაც ზედმიწევნით, დიდი ცოდნით და საინტერესო ასპექტით წარმოგვიდგენს.

ისევე როგორც ყველა უცხოელი, ჩვენი პირველი ლედი ქართულ სუფრასა და სამზარეულოს დიდად აფასებს. იგი დაკვირვებითა და ცოდნით აცნობს მკითხველს, როგორც ქართული სამზარეულოს, ისე ქართული სუფრის მრავალფეროვნებას... საერთოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული ეთნოსი ქალბატონი სანდრა რულოვსისათვის დიდად საინტერესო გამოდგა და ყველაფრის დამკვიირვებელი და ცოდნისმოყვარე ქალბატონის მსოფლმხედველობის არეალი აქ, ჩვენს სინამდვილეში, კიდევ უფრო გამდიდრდა. ამის თქმის საშუალებას მის მიერ ღრმა, სიზუსტით მოძიებული ისტორიული, ლიტერატურული თუ სხვა მასალები გვაძლევს.

წიგნი ისე მრავალფეროვანი და მდიდარია თემატიკით, გიძნელდება უყურადღებოდ დატოვო მთელი რიგი მოვლენები. მაგრამ შეუძლებელია იმ მთავარს არ მიუახლოვდე და ყურადღება არ გაამახვილო ფაქტზე, რამაც საქართველოსადმი ასეთი დიდი სიყვარული გაუჩინა ქალბატონ სანდრას...

სანდრას თანამეცხედრე მიხეილ სააკაშვილი დღეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში გახმაურებული სახელია, საქართველოს ახალგაზრდა, ენერგიული მეთაური.

როგორც "იდეალისტის ნაამბობში" ვკითხულობთ, ქალბატონ სანდრას, ვიდრე თავის მომავალ მეუღლეს შეხვდებოდა, საქართველო გააცნო ბედისწერამ, როგორც ერთგან თავადვე მიუთითებს წიგნში: "ბედი თავის ნებაზე ათამაშებს ყველას და ცხოვრებაც ხომ ამით არის საინტერესო"... გააჩნია, ვის როგორ ათამაშებს... ქალბატონ სანდრას ბედისწერა მართლაც იღბლიანი გამოდგა, როდესაც დაკირვებით წაიკითხავ მთელ რიგ ეპიზოდებს ამ წყვილის წარსულიდან, რწმუნდები, რომ ბატონი მიხეილის ცხოვრებაში, მის პოლიტიკურ სარბიელზე დაწინაურებაშიც კი გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი მოსიყვარულე, მზრუნველ და ყურადღებიან მეუღლეს. აქვე იკითხება ერთი იდუმალი და საინტერესო რამ: თავად ქალბატონ სანდრას მეკვლე და წინამძღოლი ამ "სხვათა ქვეყანაში", ამ შორეულ ქორწინებაში დიდი, ამაღლებული და მშვენიერი სიყვარულია.. წლების მანძილზე მეგონა, რომ ასეთი ყოვლისმომცველი სიყვარული მხოლოდ ქართველ ქალებს ახასიათებდათ. ამ წიგნმა დამარწმუნა, რომ ყველა ეროვნების ქალბატონს თავისი წილი მზიანი გული აქვს და ამ მზიური გულიდან ამოხეთქილი სიყვარულის ტალღა შეუძლებელს შეგაძლებინებს, მიუწვდომელს მიგაღწევინებს.

გაოცებული რჩები, როდესაც ამ დიდი სიყვარულის ისტორიაში ნიდერლანდელი ქალბატონის ქართულ ოჯახურ ტრადიციებთან ზიარებასა და შეკავშირებას ეცნობი... ყველაზე მეტ გაკვირვებას კი ის იწვევს, რომ ეს წიგნი - ქალბატონ თამარს, მიხეილ სააკაშვილის დიდ ბებიას ეძღვნება. როგორ შეიძლება არ აღფრთოვანდე ამ ფაქტით?... ოჯახი, სადაც უკვე რამდენიმე თაობაა გაერთიანებული, მის ტრადიციულ თავისებურებებს შეგუებულ უცხოელ რძალს სიყვარულითა და პატივისცემით აღავსებს... და ყველაფერი ესეც დიდი სიყვარულიდან მოდის.

"...კოლუმბიელი პოლიტიკოსის წიგნი წავიკითხე - "გულის მძვინვარება". მისი პარტიის "ჟანგბადის" საქმიანობასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის იმდენი მსგავსება აღმოვაჩინე, რომ მეის წერილი მივწერე. 2002 წლის თებერვალში პასუხიც კი მივიღე მისგან. წერილში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მებრძოლი პოლიტიკოსისათვის ფასდაუდებელი რამაა მეუღლის მხარდაჭერა და მირჩევდა, ყველანაირად მხარში დავდგომოდი ქმარს, მართალია, მე და მიშა დღეში ოცდაოთხივე საათს ერთად ნამდვილად არ ვატარებდით, მაგრამ ერთმანეთს მაინც ყველაფერს ვუზიარებდით. ვიცოდი რაზე ფიქრობდა, რას გრძნობდა, რას განიცდიდა და რა ასოციაციები ებადებოდა. ტელევიზორში რომ გამოჩნდებოდა, თითოეულ სიტყვასა და კადრს მიღმა ვხედავდი მისი ფიქრების ჯაჭვს. ასეა, დიდხანს თუ იცხოვრებ ადამიანთან, მის აზრების გამოცნობასაც სწავლობ. ეს კი მეტად გაახლოვებს მასთან. "სიყვარული არის დრო" და "დრო არის სიყვარული" - ეს ჩემი ორი ლოზუნგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ორნი დიდხანს ცხოვრობენ ერთად, ისე ეჩვევიან ამას, რომ ცალ-ცალკე უკვე გაძლებაც უჭირს. და კიდევ, თუ რამეს სიამოვნებით და სიყვარულით აკეთებ, ამისთვის ყოველთვის გამონახავ დროს" - წერს ქალბატონი სანდრა რულოვსი და შეუძლებელია არ დაეთანხმო, არ დაუჯერო, რომ სიყვარული ყველაფრის შემოქმედია ამქვეყნად, სიყვარულით ანთებული ორი გული ეს მსოფლიოს ცეცხლია, რომელიც ყველა წინააღმდეგობას თრგუნავს!

"იდეალისტის ნაამბობი", როგორც უკვე მივუთითე, მრავალპლანიანი წიგნია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგი სიყვარულით გაჯერებული ქალის გულის ღაღადია, მხოლოდ იმ ერთი გამონაკლისით, რაც ზოგადად სიყვარულით დაბრმავებულთ ჩვევიათ - აქ "გული, გრძნობა და გონება"- ერთმანეთს იმორჩილებს, ჰარმონიულად ერწყმის ერთურთს და იძლევა არჩვეულებრივ მაგალითს თანამედროვე ოჯახისას და მეგობრობისას...

ვფიქრობ, იდეალისტის ნაამბობი საკმაოდ დაკვირვებული, გონებაგამჭრიახი, მიზანმიმართული, შეუპოვარი და ბედისგანაც გამორჩეული ქალბატონის ნააზრევია, რომელიც არა მარტო ქართველ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ქალს მეგზურობას გაუწევს სიყვარულის, დედობის, მოღვაწეობის, ნათესაობისა და ერის სამსახურში...

და ქალბატონი სანდრა არა მხოლოდ შეყვარებული და თავდადებული მეუღლე, არამედ ის არაჩვეულებრივი დედაა, რომელსაც შვილის თითოეული გულისცემის შეგრძნობა შეუძლია, შვილების სულის და ხორცის ნაწილია. მართალია, "იდეალისტის ნაამბობი" მხოლოდ ედუჩას გვაცნობს, მაგრამ ხვალ და ზეგ ისევ დაიწერება ახალი წიგნები, რომლებიც პატარა ნიკუშასთან ერთადაც გვაგრძნობინებენ ქალბატონი სანდრას გულისცემას...

დრო მიდის და მიაქვს და მოაქვს კარგიც და ავიც, ბედიც და უბედობაც, ეს "იდეალისტის ნაამბობის" ავტორსაც აქვს გათვითცნობიერებული, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენი გრძნობა და გონება უნდა გავწვრთნათ და ჩამოვაყალიბოთ ისე, რომ ხელი არ შევუწყოთ მაცდურ ბედისწერას, რათა იგი ჩვენს სამსახურში ჩადგეს... აი, მთავარი შეგონება, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რჩება ჩემს ცნობიერებაში.


მირანდა გოდერიძე
"მწერლის გაზეთი"