'ტემპო' - ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის სფეროში

12/28/2006

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვს სააკაშვილი ჰუმანიტარული დახმარებისა და ჯანდაცვის სფეროში დაოჯახებამდეც მუშაობდა. პირველი ლედი, რომელიც მედდობის პროფესიას ეუფლება, აცხადებს, რომ თურქეთში ექიმებისა და მედდების სიმცირე შესაძლოა საქართველომ შეავსოს.

პრეზიდენტ აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის მოწვევით 19-21 დეკემბერს თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიზიტის ძირითადი თემა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იყო. პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვს სააკაშვილმა კი თავისი მომხიბვლელობით პრესის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. საინტერესოა წყვილის გაცნობის ისტორია. მათ ერთმანეთი საფრანგეთში ერთ-ერთ სემინარზე გაიცნეს. ერთმანეთი პირველივე ნახვით შეუყვარდათ. ახლა ორი ვაჟი ჰყავთ. პირველი ლედი განსაკუთრებით ჰუმანიტარული დახმარების და ჯანდაცვის სფეროში აქტიურობს. 38 წლისამ ისევ სტუდენტობა გადაწყვიტა და ახლა მედდობის პროფესიას ეუფლება. სანდრა რულოვსმა ცოტა ხნის წინ მეორე ბავშვი გააჩინა. დაინტერესებულია დედათა და ახალშობილთა საკითხებით. პირველ ლედის 2007 წელს გადაწყვეტილი აქვს თბილისში მშობიარობამდელი გამოკვლევების ცენტრის დაარსება და თურქეთს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობას სთავაზობს.

- თქვენ ჰოლანდიელი ბრძანდებით და საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლამდე ბელგიაში, საფრანგეთში, აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ცხოვრობდით. ამის შემდეგ არ გაგიჭირდათ განსხვავებული კულტურის მქონე საქართველოსთან შეგუება?

- ეს უცაბედად არ მომხდარა. ამერიკაში რომ ვსწავლობდი, ქართველ სტუდენტებს ვიცნობდი. შევეგუე მათ დღესასწაულებს, ტრადიციებს, კულტურას და ენას. მაგრამ ბუნებრივია ენის შესწავლა 1996 წელს საქართველოში საცხოვრებლად ჩასვლის შემდეგ დავიწყე.

- მეუღლე როგორ გაიცანით?

- ერთმანეთი საფრანგეთში ქ. სტრასბურგში ადამიანის უფლებების კურსზე გავიცანით. ერთთვიანი კურსი იყო. გაცნობამდე ერთი წლით ადრე 10 დღით საქართველოსაც ვეწვიე. ძალიან მომეწონა დასავლეთ საქართველო. ამიტომ სალაპარაკო ბევრი რამ გვქონდა. მან ამ ერთი თვის განმავლობაში სტრასბურგი დამათვალიერებინა, დავალებებსაც ერთად ვასრულებდით. ერთი თვის შემდეგ მე ბელგიაში დავბრუნდი, ის კი - თბილისში. მაგრამ ცოტა ხანში ამერიკაში წავიდა, მეც იქ წავედი. შემდეგ შეუღლება გადავწყვიტეთ.

- რადგან თქვენი ურთიერთობა ასე მალე აეწყო, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ეს პირველივე ნახვით სიყვარული იყო?

- დიახ, პირველივე ნახვით სიყვარული იყო, უცაბედად მოხდა (იღიმება).

- თქვენ ჰოლანდიაში ხართ დაბადებული. ძნელია თუ არა იყო სხვა ეროვნების პირველი ლედი?

- არც თუ ისე ძნელია. ჰოლანდიელები ნეიტრალური ხალხი ვართ და ამიტომ მთელ მსოფლიოში ადვილად გვეგუებიან. თან ერთი ასეთი ამბავიც მოხდა: მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ჰოლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე იბრძოდნენ. ამ პერიოდში იმ ქართველებს, რომლებსაც საბჭოთა არმიაში არ სურდათ ბრძოლა, გერმანელების მხარე ეჭირათ. გერმანიის არმიის შემადგენლობაში მყოფი ქართული ბატალიონი მას შემდეგ აჯანყდა, რაც დაინახეს, რომ გერმანია ომიდან დამარცხებული გამოვიდოდა. გერმანელებმა ყველგან ქართველების ძებნა დაიწყეს. ამის გამო ჰოლანდიელებსა და ქართველებს შორის სოლიდარობის დიდი შეგრძნება ჩამოყალიბდა. ჰოლანდიელები ქართველებს მალავდნენ და დაახლოებით ასი ქართველი ასე გადარჩა. სანამ პირველი ლედი გავხდებოდი, 1997 წლიდან საქველმოქმედო საქმეებით ვიყავი დაკავებული. მთელი ქვეყანა ამგვარად მოვიარე. ჩემს ამ საქმიანობასაც პატივს სცემენ. თან თვითონაც ხელს მიწყობენ, რომ თავი ისე ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.

"კაცს თუ კარგი მეუღლე ჰყავს, მას შეუძლია დედის დონეზე ავიდეს, მაგრამ მასზე მნიშვნელოვანი ვერ გახდება"...

- თქვენ საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტში მუშაობდით. ახლა კი მოღვაწეობთ საერთაშორისო ორგანიზაცია "SOCO"-ში. როგორ გადაწყვიტეთ ასეთი სახის ორგანიზაციებში მუშაობა?

- "წითელი ჯვრის" შემდეგ ჰოლანდიის საკონსულოში დავიწყე მუშაობა. იძულებული გავხდი თავი დამენებებინა ჰუმანიტარული სექტორისათვის. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არ მსურდა ჰუმანიტარული საქმიანობის შეწყვეტა. ჩემს გარდა შეიძლება სხვა ჰოლანდიელებსაც სურდათ პენსიონერი ქართველებისა და ბავშვების დახმარება. ამ მიზნით დავაარსე ფონდი "SOCO". თავიდან რამდენიმე სკოლით დავიწყეთ. ახლა მართლაც გაიზარდა.

- რას გვეტყოდით "SOCO"-ს შესახებ?

- თავიდან ყველას ვეხმარებოდით - მარტოხელა პენსიონერებს, ბავშვებს, ორგანიზაციებს, აფხაზეთიდან დევნილებს. შემდეგ მივხვდი, რომ ამას ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებდი. ახლა ძირითად ყურადღებას ბავშვებისა და დედების ჯანმრთელობას ვაქცევ. რამდენიმე ხნის წინ ბავშვი გავაჩინე და ამ სფეროს შესახებ გარკვეული ინფორმაცია მივიღე. ვცდილობთ, ორსულ ქალებს ინფორმაცია მივაწოდოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რითაც შევამცირებთ სიკვდილიანობას დედებსა და ახალშობილებში. ექიმებს, გინეკოლოგებს ამ მიმართულებით მუშაობაში ვახალისებთ. სამშობიაროებს მედიკამენტებითა და ტექნიკით ვამარაგებთ.

- როგორია ქალების მდგომარეობა საქართველოში?

-ბევრი ქალია უმაღლესი განათლებით. თითქმის ყველას აქვს პროფესია, მაგრამ ზოგიერთი რამ გამოსწორებას საჭიროებს. მაგალითად, ერთნაირ სამუშაო ადგილზე ქალს და მამაკაცს ერთნაირი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, რაც ასე არ ხდება. კანონში ასე წერია, მაგრამ მისი განხორციელებისას ასე არ ხდება. საქართველოში ქალებს მძიმე ტვირთი აწევთ. მათ ბევრი საქმე ევალებათ. ამავე დროს ძალიან გათვითცნობიერებულები არიან. იციან, რაც სურთ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ქართველი ქალები ტრადიციებს მისდევენ, მაგრამ ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში იცვლება. ოჯახში ძალადობის შესახებ ციფრობრივი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ როგორ ყველა ქვეყანაში, ჩვენთანაც არიან მამაკაცები, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ და შემდეგ ძალადობასაც მიმართავენ.

- როგორც ვიცი, თქვენ ტრაპიზონიდან სტამბოლამდე ავტობუსით გიმგზავრიათ. რას გვეტყოდით ამ მგზავრობის შესახებ?

- სტამბოლში 15 წლის წინ ვიყავი. მოვინახულე პრინცის კუნძულები, სათხილამუროდ ულუდაღზეც წავედი. ჩემი ოჯახი იზმირსა და პამუქკალეში წავიყვანე. შემდეგ, როდესაც საცხოვრებლად საქართველოში გადავედი, საზღვართან სიახლოვის გამო რამდენიმეჯერ ვიყავი ტრაპიზონშიც. ერთხელ ჰოლანდიაში წასვლა სტამბოლის გავლით გადავწყვიტე. ჯერ მინიბუსით ხოფასა და ტრაპიზონში, იქიდან კი ავტობუსით სტამბოლში წავედი. ძალიან კარგად მახსოვს, 18 დოლარად 20 საათიანი მგზავრობა (იღიმება). ეს სტამბოლში ჩემი ბოლო ჩამოსვლა იყო.

სტუდენტი მეგობრები 18 წლისანი არიან...

- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები.?

- თურქები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. მაგრამ რაც მე მაკვირვებს, ადამიანებს შორის არსებული სხვაობაა. განსხვავებული წარსულისა და სხვადასხვა სოციალური კლასის ადამიანების სიმრავლეა. საქართველო უფრო ჰომოგენურია. აქ რელიგიურობის დონეც განსხვავებულია. ზოგიერთები უფრო რელიგიურები ჩანან და თავსაბურავით დადიან. ზოგიერთი სულ არ იკეთებს თავსაბურს, ზოგიერთი კი ზოგჯერ იფარავს თავს. მაგალითად დღეს საავადმყოფოში რომ წავედით, მოსაცდელ ოთახში მყოფთა უმრავლესობა თავსაბურავიანი იყო. მაგრამ მედდებს ეკრძალებათ თავსაბურავის ტარება, რადგან ის სახელმწიფო დაწესებულებაა.

- თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ გსურთ რეგიონის მოდერნიზაციის პროექტის განცორციელება, რომელიც თურქეთსაც მოიცავს. ამ მხრივ ნაბიჯები თუ გადაიდგა?

- მაგალითად, დღეს საავადმყოფო რომ მოვინახულე, გვითხრეს, რომ განიცდიან ექიმებისა და მედდების სიმცირეს. მაშინ, როცა ჩვენ ბევრი ექიმი და მედდა გვყავს. შეიძლება მიღწეულ იქნას შეთანხმება, რის საფუძველზეც თურქულის მცოდნე ქართველები ჩამოვლენ და გარკვეული პერიოდით იმუშავებენ აქაურ საავადმყოფოებში. შეიძლება ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის სფეროში. თქვენ ანკარაში მშობიარობამდელი კვლევის კარგი კლინიკა გაქვთ. მსგავსის გაკეთება მინდა მე თბილისში 2007 წელს. შეიძლება ჩვენი სპეციალისტები გამოვგზავნოთ ანკარაში გამოცდილების მიღების მიზნით.

- მსოფლიოს რომელ პირველ ქალბატონებს იცნობთ? მათ შორის თუ არის ისეთი პიროვნება, ვისაც თქვენ სანიმუშოდ მიიჩნევთ?

- ვიცნობ ამერიკის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების პირველ ლედებს, ჰოლანდიისა და ინგლისის დედოფლებს. ვცდილობ საკუთარი გზის პოვნას. მომწონს ძველი ელეონორა რუზვალტის მსგავსი აქტიური პირველი ლედები. მე მგონი ყველამ მაინც თავისი ფორმა უნდა მოძებნოს, რადგან ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. მე, მაგალითად, ჯანდაცვის სფერო მაინტერესებს. მეტიც, მედდობას ვსწავლობ. 38 წლის ვარ. ჩემი თანაკურსელები 18 წლისანი არიან (იღიმება). ვიმედოვნებ, რომ განათლების დასრულების შემდეგ საქართველოს რომელიმე საავადმყოფოში ან კლინიკაში ვიმუშავებ. მეორეს მხრივ, ჰოლანდიის დახმარებით ვცდილობ დავაარსო კლასიკური მუსიკის რადიოსადგური, რადგან პიანინოზე ვუკრავ და მიყვარს კლასიკური მუსიკა. მაგრამ საქართველოში არ არის რადიოსადგური, რომელიც გადასცემდა კლასიკურ მუსიკას.

- გაიცანით პრეზიდენტ აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის მეუღლე სემრა სეზერი? როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- გუშინ ერთად ვიყავით. ერთმანეთი უფრო ადრე, აპრილის თვეში გავიცანით, როდესაც იგი გვეწვია საქართველოში. ძალიან სასიამოვნო და თანამედროვე ქალბატონია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას. გუშინ ჩემი ბიჭის დაბადების დღე იყო. ამის აღსანიშნავად მან უზარმაზარი ტორტი გამოაგზავნა წარწერით "დაბადების დღეს გილოცავ, ნოკოლოზ!"

- კავკასიური ტრადიციით ქალებს მამაკაცების მიმართ მოწიწება მართებთ. თქვენს ოჯახშიც არის ეს ტრადიცია?

- საქართველოში დიდ პატივს სცემენ მამას, მეუღლეს. მაგრამ როგორც ყოველთვის, ქალაქი ნაკლებად ტრადიციულია. რეგიონებში კაცი ოჯახის უფროსია და ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. მაგრამ მამაკაცებიც პატივს სცემენ ქალებს. ქართულში არის ასეთი გამოთქმა: თუ სუფრასთან საჭმლის ჭამის დროს დიდი ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, ამბობენ ქალი დაიბადაო. რა თქმა უნდა, ეს გამოთქმა დღეს უაზრობაა, მაგრამ ის ძველი ტრადიციის მაჩვენებელია. საქართველოში განსაკუთრებით დედებს სცემენ დიდ პატივს. ნებისმიერი ქართველი მამაკაცის ცხოვრებაში დედას ყოველთვის პირველი ადგილი უჭირავს. კაცს თუ კარგი მეუღლე ჰყავს, მას შეუძლია დედის დონეზე ავიდეს, მაგრამ მასზე მნიშვნელოვანი ვერ გახდება. ისე, საქართველოში არიან მამაკაცები, რომლებიც პარკებში ბავშვებს ასეირნებენ. ეს ნელ-ნელა შემოდის. მაგრამ ჰოლანდიასთან შედარებით დიდი სხვაობაა. ჩემი დედამთილი ძალიან თანამედროვე ქალია, ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და ახლა საუკეთესოდ ვუგებთ ერთმანეთს.

- ორი ვაჟი გყავთ. მომავალში რა გსურთ რომ ისინი გამოვიდნენ, როგორ გსურთ მათი აღზრდა?

- მე მინდა, რომ მათ იცხოვრონ თავისუფალ, მშვიდობიან და აყვავებულ საქართველოში. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ მათ იცხოვრონ ისეთ საქართველოში, სადაც არ იქნება ომი, კონფლიქტები და სიღარიბე. მეუღლეს არ ვსაყვედურობ იმის გამო, რომ იგი დანარჩენი მამებივით დიდ დროს ვერ ატარებს თავის შვილებთან. ვიცი, რომ იგი ქვეყნისთვის იღწვის. ის ცდილობს, რომ შვილებისთვის უკეთესი ქვეყანა შექმნას. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც მამამ შეიძლება შვილებს გაუკეთოს.

ართვინში მსურს ჩასვლა...

- მსოფლიოს ლიდერი რომ იყოთ, ყველაზე მეტად რის შეცვლას ისურვებდით?

- ვისურვებდი, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა ჰქონოდეთ. ამ შემთხვევაში ისინი ეჭვიანობისა და სიჯიუტის ნაცვლად ერთმანეთთან შეთანხმებას ამჯობინებდნენ.

- კავკასიაში და განსაკუთრებით ჩეჩნეთში კონფლიქტის გამო სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. თუ ეხმარებით კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს?

- ძირითადად ორი ჯგუფია. პირველი ჯგუფი მოიცავს ლტოლვილებს, რომლებიც სხვა ქვეყნიდან მოდიან. ესენი არიან ჩეჩენი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა ორი ათასს არ აღემატება. მათ ეხმარებათ "წითელი ჯვარი", გერმანიის მთავრობა და სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ორგანიზაციები, ეს ძირითადად სამედიცინო და სოციალური სახის დახმარებაა. ამის გარდა გვყავს ადგილნაცვალი პირები, რომელთაც ომის გამო მოუწიათ საცხოვრებელი ადგილების დატოვება და რომლებსაც არ გადაუკვეთიათ ქვეყნის საზღვრები. ისინი ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, სადაც ორი სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ეს რეგიონები თბილისის კონტროლს არ ექვემდებარებიან. საქართველოს ტერიტორიაა, დამოუკიდებლები არ არიან. სახეზე გვაქვს გაყინული კონფლიქტები. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვცდილობთ გამოსავლის მოძებნას. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, 20-30 წლის წინანდელ საღვრებში დაბრუნება მთელი რეგიონის უსაფრთხოების გარანტიაა. ეს მდგომარეობა უნდა აწყობდეს რუსეთს, სომხეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს. მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში ყველას ინტერესშია, რადგან მისი ხელახლა გაერთიანება უფრო დიდ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია ახლაც მაღალია, მაგრამ ჩემი მეუღლე საქართველოს ასეთ სიტუაციას უხელო კაცის მდგომარეობას ადარებს ხოლმე. ამიტომ რაღაცეებს ვაკეთებთ, მაგრამ ასი პროცენტით ვერა.

- თქვენი მეუღლის დედა თურქოლოგია. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- დიახ, მან გამოიკვლია შუა საუკუნეების ბიზანტიის იმპერია. სიმპოზიუმების, კონფერენციების და კვლევების გამო მთელი თურქეთი მოინახულა. ჩემი თურქეთში შემდგომი ჩამოსვლა ართვინში იქნება. ეს რეგიონი საუკუნეების წინ საქართველოს ეკუთვნოდა. ამის გამო აქ დღემდეა შენარჩუნებული ქართული არქიტექტურა, ეკლესიები და გვარები. ამბობენ, რომ ულამაზესი ადგილებია, ამიტომ ძალიან მინდა იქ წასვლა.

- გასულ წელს რუსეთთან დაძაბულობის პერიოდში პორნო ფილმის თაობაზე კრიზისიც წარმოიშვა. როგორ ამბობენ ულტრანაციონალისტი რუსი პოლიტიკოსის ჟირინოვსკის დახმარებით გადაიღეს პორნო ფილმი, რომელშიც ვითომდა ასახულია თქვენი მეუღლისა და უკრაინის პრემიერის იულია ტიმოშენკოს თავგადასავალი. ამის თაობაზე რამის თქმას ხომ არ ისურვებდით?

- არა, ეს ძალიან უაზრო და არასერიოზული თემაა.


ინჯიჰან ოლუჩი
"ტემპო"