'ქართული ელიტა' - სანდრა ელისაბედ რულოვსი - საქართველოს დესპანი მსოფლიოში

3/15/2007

ქალბატონმა თამრიკო ჭოხონელიძემ საქართველოს პირველ ლედისთან, სანდრა ელისაბედ რულოვსთან და ქართულ ელიტარულ საზოგადობასთან ერთად ჩვენი პირველი ლედის სამშობლოში - ყვავილების ლამაზ ქვეყანაში იმოგზაურა. ქართული ესტრადის და ქართველი დედის სიმბოლო, ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძე აღფრთოვანებული დაბრუნდა პირველი ლედის სამშობლოდან მისი სტუმარ-მასპინძლობით, საქართველოს სიყვარულით და ქართველი მეუღლისა და დედის მაგალითით. როგორი დედა, მეუღლე და პირველი ლედია სანდრა ელისაბედ რულოვსი - ამ კითხვაზე და პირველი ლედისთან ერთად გატარებულ დაუვიწყარ დღეებზე, ქალბატონი თამრიკო ჭოხონელიძე გვესაუბრა.

სანამ პირველი ლედი გახდებოდა

- ქალბატონმა სანდრამ ჰოლანდიაში თავისი ვიზიტი ქართულ ანსამბლ "რუსთავის" გასტროლებს დაამთხვია. ეს იდეა დეკემბერში დაიბადა, როდესაც პირველ ლედის ანზორ ერქომაიშვილთან სახლში ბელგიელი ჟურნალისტები ჰყავდა. ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული პოლიფონიური სიმღერების მოსმენისას და როდესაც ბელგიაში დაგეგმილ ანსამბლ "რუსთავის" გასტროლებზე შეიტყვეს, იქ მყოფი სტუმრებიდან ყველა ბელგიაში საკუთარ სახლში დაპატიჟეს. ...და მართლაც ასე მოხდა, ანსამბლ "რუსთავის" წევრები, რადიოჟურნალისტ ქალბატონ ლალი ერქომაიშვილთან (ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე) და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტ სვიმონ ჯანგულაშვილთან ერთად მათ ვესტუმრეთ. პატარა ნიკოლოზი და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ჰოლანდიაში შემოგვიერთდნენ, რომელსაც გერმანიაში თავისი ელჩობის ვადა ამოეწურა, მაგრამ როგორც შევიტყვე, პარლამენტმა იგი ჰოლანდიის ელჩად დაამტკიცა. ასე რომ, მას გარდამავალ პერიოდში მოუწია ჰოლანდიაში მოგზაურობა. ვფიქრობ, ქალბატონმა სანდრამ მას საინტერესო ვიზიტი მოუწყო სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც იგი ელჩად მიავლინეს. პირადად მე, სანდრას ასე კარგად არ ვიცნობდი. იგი თავის წიგნშიც აღნიშნავს, რომ ედუჩა, მისი უფროსი ვაჟი დედაჩემთან დადიოდა, ამიტომ მას მხოლოდ ამ მხრიდან ვიცნობდი. მახსოვს მამაჩემი, რომელიც ადამიანს მისი პიროვნილი თვისებებით და წიგნიერებით აფასებდა, აღფრთოვანებული იყო და ამბობდა: "ერთ ჰოლანდიელ გოგოს დაჰყავს შვილი, რომლის საქციელმაც გამაოგნა. როდესაც სხვა მშობლები ქართულად ხმამაღლა საუბრობენ, იგი ყურებზე თითებმიდებული ქართულ ენასა და სიმღერას თავის შვილთან ერთად სწავლობს". იმ პერიოდში არც ქალბატონი სანდრა იყო ჩვენი პირველი ლედი და არც ბატონი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი.

"ჩვენთან, საქართველოში..."

- მას შემდეგ, რაც ქალბატონი სანდრა საქართველოს პირველი ლედი გახდა, მის საქმიანობას, რომელსაც ნამდვილად მოღვაწეობა ჰქვია, ყოველთვის შორიდან ვაკვირდებოდი. ჰოლანდიაში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს ღირსეული პირველი ლედი ჰყავს. ეს არის ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ ქართველ ხალხზე ფიქრობს, რაც საზღვარგარეთ განსაკუთრებით გამოიკვეთა. ეს ფაქტი ჰოლანდიაში ყველაზე კარგად დავინახე, როდესაც სანდრა ძალიან ხშირად ხმარობდა სიტყვას "ჩვენთან, საქართველოში". ამით სიამაყის და ბედნიერების განცდა მქონდა. ყოველი შეხვედრის დროს ვიცოდი, რომ მისი თითოეული ნაბიჯი საქართველოს კეთილდღეობისკენ იყო მიმართული. ამსტერდამში ერთადერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შევედით, სადაც სანდრას ხატები უკვე შეწირული ჰქონდა. მან არც იქ მოიშალა "ქართველობა" და განაცხადა, რომ გვინდა პატრიარქის შექმნილი "წმიდაო ღმერთო" ვიმღეროთო და ყველამ ერთად ეს საგალობელი შევასრულეთ. ეკლესიაში საოცარი განცდა იყო. ხალხისგან კი უფრო დიდი სიყვარული ვიგრძენი.

პირველი ლედის საჩუქარი

- ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, სანდრას ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს: მუდამ იმაზე ფიქრი, როგორ, რა ფორმით, ვის რა სიურპრიზი გაუკეთოს. ქალბატონმა სანდრამ, მაია ფანჯიკიძესთან ერთად არაჩვეულებრივი საჩუქარი გაგვიკეთა. სრულიად მოულოდნელად ბერლინში დაგვპატიჟეს, სადაც ლექსო თორაძის კონცერტი იმართებოდა. მისი მოსმენის არაერთი სასიამოვნო განცდა მქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთი სიამაყის გრძნობა იყო, რადგან ლექსო თორაძე განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ მუსიკალურ სამყაროში. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველებს მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო. მინდა სანდრას საოცარი ადამიანური სითბო აღვნიშნო. როდესაც ბერლინში მივდიოდით, ჩვენს მატარებელს კაცი ჩაუვარდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამიტომ ჩვენი მგზავრობა ცხრა საათს გაგრძელდა. ვაგონში ვხედავდი ხალხს, რომელმაც ინფორმაცია მიიღო და ცხოვრება განაგრძო. ვგრძნობდი, როგორ ვერ ისვენებდა სანდრა. მან მეორე დღეს სადგურის საინფორმაციოში დარეკა, რადგან სურდა იმ ადამიანის შესახებ უფრო მეტი რამ გაეგო. იგი გაოცებული იყო ხალხის გულგრილობით, რომლებმაც უხეშად უპასუხეს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებაო. იგი ყველას მიმართ საოცრად ყურადღებიანია. მახსოვს, ძალიან დიდი მანძილი ფეხით გაიარა იმის გამო, რომ შვილისთვის წყალბურთის სავარჯიშო ატრიბუტი ეყიდა. როდესაც დაბრუნდა, ვნახეთ, რომ მთელი გუნდისთვის შეეძინა, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ თავისი შვილი სხვა ბავშვებისგან გამოეყო.

პირველი ლედი კონცერტზე მეგრულად ამღერდა

- ცხოვრებაში თუკი რამ სიკეთე არსებობს, ვფიქრობ, ღმერთმა სანდრას დააფერთხა. იგი ნიჭიერი და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. მას იუმორის ძალიან კარგი გრძნობა აქვს. ჰოლანდიაში ჩვენი ყოფნის დროს, პარალელურად ანსამბლ "რუსთავს" კონცერტები ჰქონდა. სანდრა, მოკრძალებული ადამიანი დარბაზში იჯდა, რაც "რუსთავის" ბიჭებისთვის დიდი სტიმული იყო. როდესაც გამოაცხადეს, რომ კონცერტს საქართველოს პირველი ლედი ესწრებოდა, დარბაზში დიდი რეაქცია და შეხვედრა იყო. დარწმუნებული ვარ, ჰოლანდიელებს ძალიან კარგი განცდა ჰქონდათ, როდესაც ლამაზი ქალი სცენაზე ავიდა და თავის ხალხს მოეფერა. შემდეგ კი თავის ქართველ ხალხს მიესალმა და მათზე უამრავი კარგი რამ თქვა. მაგრამ სიურპრიზი თურმე წინ ჰქონდათ: სანდრა "თავის ქართველ ბიჭებთან" ერთად სცენაზე დადგა და ქართული, მათ შორის ორი მეგრული სიმღერა იმღერა. ხალხი დიდი ოვაციებით შეხვდა. ყველაფერ ამის გამო, ჰოლანდიიდან უდიდესი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.

ღირსეული ოჯახი - ღირსეული შვილი

- მინდა აღვნიშნო, რომ სანდრა თხემით ტერფამდე ქალია, რომელმაც შეიძლება ადამიანში ისეთი ნიუანსები დაინახოს, რაც მხოლოდ ქალს შეუძლია. იგი ხომ პირველ რიგში დედაა, რომელსაც გამორჩეული სითბო აქვს. ჰოლანდიაში სანდრას მშობლებს ვესტუმრეთ, სადაც პატარა ნიკოლოზი იმყოფებოდა და მივხვდი, რომ ასეთ ადამიანებს არ შეიძლება სხვანაირი შვილი ჰყოლოდათ და პირიქით, სანდრას მშობლები ზუსტად ისეთივე ღირსეული ადამიანები არიან, როგორც ჩვენი პირველი ლედი. სანდრას მამის სითბომ გამაოცა, რომელიც ისევე ეფერება საქართველოს, როგორც მისი შვილი. სანდრას დედა ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც არაერთი საინტერესო ნამუშევარი აქვს შექმნილი, რომლის ყოველ ნამუშევარში არაჩვეულებრივი ფაქიზი სული, სიყვარულის დიდი ნიჭი შეიგრძნობა. იმედი მაქვს, ქართველები მის გამოფენას აუცილებლად ნახავენ, თუმცა ეს სანდრაზეც არის დამოკიდებული, ის ხომ ამავე დროს ძალზე თავმდაბალი ადამიანია!

პირველი ლედი - საქართველოს დესპანი

- ჰოლანდიაში წასვლის წინ, როდესაც უწმინდესმა გაგვაცილა, სანდრას ჭეშმარიტ ქრისტიანობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მას ისეთი ურთიერთობა აქვს სამღვდელოებასთან, რომ შეუძლებელია ასე არ ვიფიქრო. ანტვერპენში ქართველ მღვდლებს და ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლებს შევხვდით, სადაც სანდრამ უდიდესი იმედი დატოვა. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, ჩვენ ღირსეული პირველი ლედი გვყავს, რომელიც შეიძლება ყველგან წარვგზავნოთ, როგორც ქართველი ხალხის დესპანი. ჩვენი პრეზიდენტი ბედნიერი ადამიანია, რადგან მის გვერდით სანდრასნაირი ღირსეული ადამიანი დგას. იმედი მაქვს მისი ყოველდღიური ფიქრი ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე, ეტაპობრივად განხორციელდება. სანდრას ყველაფერთან ერთად ქართული კულტურის პრობლემებიც აღელვებს. ჩვენ ჰააგას კონსერვატორიაში ვიყავით, სადაც მან თავისთვის ბევრი ნიუანსი ჩაინიშნა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი პატრონაჟით უამრავი სასიკეთო რამ ხდება.

ქართველების ღალატი და ნახევრად ქართველის სიყვარული

- ცოტა ადრე გამოვაცხადე, რომ რეზო ლაღიძის პროექტის განხორციელება მსურდა, მაგრამ ჩემი პროექტი სამწუხაროდ დროებით შეჩერდა და იცით რატომ? მე ვისთანაც თანამშრომლობა უნდა დამეწყო, მან, მისთვის ძვირადღირებული, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდების გემოვნებისა და მომავლისთვის არცთუ სასიკეთო, საკმაოდ იაფფასიანი კონკურსი არჩია. რას ვიზამთ, ასეთებიც ხდება. უბრალოდ მე დრო გამეწელა. ...და სწორედ მაშინ, ჩემდა გასაოცრად და საბედნიეროდ, ჰოლანდიაში წასვლამდე სწორედ ქალბატონმა სანდრამ შემომთავაზა განხორციელებულიყო ეს პროექტი და თან მისი პატრონაჟით. ეს პროექტი რომც არ განხორციელდეს, მას მაინც ყოველთვის დიდ მადლობას გადავუხდი, რადგან ის ღალატი, რაც ქართველებმა გამოავლინეს, ჩვენმა ნახევრად ქართველმა და ჰოლანდიელმა რძალმა, რეზო ლაღიძის დიდი სიყვარულით, დაფასებით და ალბათ ჩემი პატივისცემით შეცვალა.

უშურველი ქველმოქმედება

- თქვენ არც იცით, სანდრა რამდენ ქველმოქმედებას სჩადის, რომელიც არც ჟურნალისტებმა იცით და მითუმეტეს ამას კამერებს არ აფიქსირებინებს. თუმცა ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი "კეთილი საქმე" კამერების წინ დავაფიქსიროთ. ზოგჯერ იმ ადამიანს არც სჭირდება ის ე.წ. საჩუქარი, რომლის სახლში შეტანის საშუალებაც კი არ აქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას სახლი არ აქვს! ასეთ "ქველმოქმედებას" კამერა მითუმეტს არ სჭირდება! თუ სიკეთეს აკეთებ, კეთილი ინებე და ჩუმად გააკეთე. ამის ნათელი მაგალითი სწორედ სანდრაა. ჩვენ, ქართველებს გვმართებს, რომ ამაზე ცოტა დავფიქრდეთ. არსებობს უამრავი ბავშვთა სახლი, რომლის მიმართაც ქველმოქმედების გაწევა შეიძლება და არა მხოლოდ ერთი ბავშვის მიმართ (რომელსაც ეს საჩუქარი არც კი სჭირდება ჯერჯერობით). არსებობს ინვალიდთა ასოციაცია, ვისთანაც შეიძლება ასეთ საკითხებზე დაკავშირება. ისინი ყველას დააკვალიანებენ, რა ნივთი როგორ გაამწესონ. მაგრამ ჩვენ ხომ ერთმანეთის ჯიბრზე ვაკეთებთ ხოლმე "კარგ საქმეებს".

ბ.ს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიაში ვიზიტის დროს, ქალბატონი თამრიკო საქართველოში ოქროს დისკით დააჯილდოვეს. ეს იყო ფესტივალი "წლის საუკეთესო სიმღერა 2006", რომლის გამარჯვებულისთვის უმაღლესი ჯილდო ოქროს დისკი გახლდათ. ქალბატონ თამრიკოს პრიზი შემოქმედებითმა ჯგუფმა "ფორტუნა 97"-მა გადასცა, რისთვისაც იგი დიდ მადლობას უხდის მათ. იგი აღნიშნავს, რომ ყველანაირი დაფასება სასიამოვნოა და ის წყენა, რომელიც ღალატთან იყო დაკავშირებული, ცხოვრებამ სიხარულით შეუცვალა.


ქეთი გაბოშვილი
"ქართული ელიტა"