'მენორა' - 'ანა ფრანკის დღიურიდან' იერუსალიმამდე

12/8/2008

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბატონმა გურამმა ჟურნალ ,,მენორასთან" თანამშრომლობა შემომთავაზა, რამაც ჩემი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება მომცა, რისთვისაც მე მისი მადლობელი ვარ.

საერთოდ, მშობლებს სურდათ, რომ ჩემთვის ,,რაშელი" დაერქმიათ, მაგრამ ბებია წინააღმდეგი აღმოჩნდა, რადგან მისი აზრით, მთელი ცხოვრების მანძილზე ,,რახელს" დამიძახებდნენ, რაც მიუღებელო იყო. აი, სწორედ ასე გავხდი სანდრა ელისაბედი. ჩემი ძმა - ჩემზე ორი წლით უმცროსი - გოგონა რომ ყოფილიყო, ,,ესთერს" დაარქმევდნენ, მაგრამ ბიჭი დაიბადა და ,,ეხბერტად" მონათლეს.

მე დავიბადე და გავიზარდე კათოლიკურ ოჯახში; როდესაც მე და მიხეილი დავოჯახდით, მართლმადიდებელი გავხდი, თუმცა კათოლიკობასა და მართლმადიდებლობას შორის არცთუ ისეთი დიდი განსხვავებაა.

პირველად ისრაელში მაშინ მოვხვდი, როდესაც ისრაელის სახელმწიფო 60 წლის გახდა და იერუსალიმში ყოფნა, ბეთლემისა და აშკელონის მონახულება ჩემთვის დაუვიწყარი რამ იყო. უნდა ვაღიარო, რომ იერუსალიმში ყოფნის დროს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ იქ ადამიანები მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. მე ვიმყოფებოდი აშკელონში, თავად ვნახე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული სავაჭრო ცენტრი და საავადმყოფოში დაზარალებულებიც მოვინახულე. ძალიან შევწუხდი როდესაც გავიგე, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია მიწისქვეშ ახალ ფლიგელს აშენებდა, რომელსაც საოპერაციოც ექნებოდა; მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როდესაც მითხრეს, რომ მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ხალხს უახლოეს მომავალში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მცირედ იმედიც კი არ ჰქონდა! არა მგონია, რომ მე ამ სარაკეტო თავდასხმების მუდმივი საფრთხისა და შიშის ქვეშ ცხოვრებას შევძლებდი. მე აღფრთოვანებული ვარ ებრაელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით!

ჩემთვის, როგორც ჰოლანდიელისთვის, რომელიც ბელგიის ანტვერპენს ხშირად სტუმრობდა, ებრაელებთან ურთიერთობა უცხო არ იყო. ბავშვობაში წავიკითხე ,,ანა ფრანკის დღიური" და სცენაზეც მინახავს დადგმული სპექტაკლი, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამსტერდამში ანა ფრანკის სახლშიც ვარ ნამყოფი და ჩემი უფროსი შვილიც წავიყვანე, რადგან ვთვლი, რომ მან უნდა იცოდეს სიმართლე მეორე მსოფლიოს ომის შესახებ და თავისი თვალი ნახოს, თუ რას ნიშნავს ეთნიკური წმენდა. შარშან ჩვენ ერთად ვნახეთ ფილმი "The Freedom Writers", რომელშიც ასევე ფაშიზმზეა საუბარი. არასდროს დამავიწყდება ,,შინდლერის სია". სხვათაშორის იერუსალიმში ოსკარ შინდლერის საფლავის ნახვა მოვინდომე, მაგრამ როგორც გავიგე, საფლავი ქალაქში არ მდებარეობს და თან მითხრეს, რომ მხოლოდ ნათესავებისთვის არის მისაწვდომი. მე უბრალოდ პატივის მიგება მინდოდა...

ისრაელში ყოფნის დროს, ცნობილ დანიელ ბარენბოიმს ბერლინში წერილი გავუგზავნე, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს და საქართველოში დავპატიჟე. როგორც საქართველოში პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგურის დამაარსებელს, ძალიან მაინტერესებს მისი გაცნობა. აგრეთვე ძალიან მომწონს მისი ინციატივით შექმნილი ,,მშვიდობის ორკესტრი", სადაც ებრაელები და არაბები ერთად უკრავენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩემს გაბედულ წერილზე პასუხი არ მიმიღია. ვერ წარმოვიდგენ, რომ ქართული ღვინით არ მოიხიბლა....

იმავე რადიო ,,მუზაში" რამდენიმე თვის წინ ებრაელი შემსრულებლების შესახებ ორსაათიანი გადაცემა მოვამზადე, მათ შემოქმედებაზე ვისაუბრე და ჩვენს მსმენელს მოვასმენინე: პინქას ცუკერმანი (რომელიც 1948 წ. ივლისში დაიბადა, როდესაც ისრაელის სახელმწიფო მხოლოდ 2 თვის დაარსებული იყო), სვიატოსლავ რიხტერი, იცაკ პერლმანი, დავით იგორ ოისტრახი (,,მეფე დავითი"), იცაკ შტერნი, იაშა ჰაიფელცი (რომელსაც ეკუთვნის გამონათქვამი: ვუნდერკინდები უკურნებელი სენით არიან დაავადებულნი და იშვიათობაა, თუკი რომელიმე მათგანი ამ სენს გადაურჩება!), და, რასაკვირველია, ბარენბოიმი. გადაცემის ბოლოს კი ევგენი კისინის საფორტეპიანო პიესები მოვასმენინე, ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტის, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ჩიკაგოში პირადად შევხვდი, სადაც იგი ჩიკაგოს ცნობილ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. ამ 37 წლის გენიოსსაც ქართული შავი ღვინო და ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნის ,,იდეალისტის ნაამბობის" რუსული თარგმანი ვაჩუქე.

ერთ პატარა საიდუმლოსაც გაგანდობთ: სახლში ჩვენ ბუტერბროდებზე ნუტელას კი არა, არამედ როშ ხარ ჰაულას მივირთმევთ, რასაც ასჯერ უკეთესო გემო აქვს და იმედი მაქვს, რომ ვინმე ოდესმე მის იმპორტირებას საქართველოში დაიწყებს.

დასასრულს:

ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში უკვე 15 წელია შეუფერხებლად გამოდის ებრაული თემატიკის გაზეთი. ეს ფაქტი ლაპარაკობს საქართველოს ებრაელობის ღირსებაზე.

მინდა გაზეთ ,,მენორას" მივულოცო 15 წლის საიუბილეო დღეები და გამოვთქვა რწმენა, რომ იგი კვლავაც იქნება საქართველოს ებრაელობის მესიტყვე.

ასევე საქართველოს ებრაელობას მივულოცავ ,,ხანუქის" დამდეგ დღესასწაულს. დაე, ,,ხანუქაში" ანთებულმა სანთლებმა გააბრწყინონ საქართველოს და ისრაელის მომავალი.

 

სანდრა ელისაბედ რულოვსი

"მენორა"