საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ჯი-თი გრუპის" მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნიუ-ჰოლანდის ტრაქტორებისა და კომბაინების გადაცემის ცერემონიაზე ტექნიკა თავად გამოსცადა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იაპონიის ელჩი და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, იაპონიის მთავრობამ ამისათვის 20 მილიონი ლარი გამოყო. ახალი ტექნიკა 5 რეგიონში გადანაწილდება და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მომავალში იაპონიის მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახალი ტექნიკის შემოყვანასაც გეგმავს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ დიდი დრო დაკარგა, ამიტომ დიდი ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული, რათა მან სამშვიდობოზე გაასწროს კონკრეტულ ძალას, რომელიც ქვეყნის შეჩერებას ცდილობს. "მნიშვნელოვანია, რომ იაპონიის მთავრობამ გადმოგვცა ეს ტექნიკა და ამისთვის მათ მადლობას ვუხდით. ჩვენ უნდა ვიაროთ წინ, დიდი დრო გვაქვს დაკარგული, უნდა ვიაროთ ჩქარი ტემპით, თხილამურებით, ტრაქტორებით და გავასწროთ სამშვიდობოზე იმ კონკრეტულ ძალას, რომელიც ჩვენ შეჩერებას ცდილობს. რა ტრაქტორებიც შემოვიტანეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ის რაოდენობა რომ შემოვიტანოთ, უზრუნველყოფილი ვიქნებით ტექნიკით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური