საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შავი ზღვის უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

5/26/2007

მოგესალმებით ყველას!

მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

სიმბოლურია ის, რომ ჩვენ დღეს საზეიმო ღონისძიებებს ახალი დიდი საგანმანთალებლო კერის, შავი ზღვის უნივერსიტეტის საფუძვლის ჩაყრით, ვიწყებთ.

ეს უნივერსიეტეტი საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის ნათელი გამოხატულებაა.

მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, ეს არ არის თურქული უნივერსიტეტი, ეს ქართული საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია - ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვა და დღეს ჩვენ სამხედრო აღლუმს ვიბარებთ; ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფერო; ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები; ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით წელს მსოფლიო რეკორდს ვამყარებთ; მაგრამ ყველაზე მთავარი იმისათვის, რომ გვქონდეს ძლიერი თავდაცვა, ძლიერი ეკონომიკა, საზოგადოებრივი წესრიგი მაღალ დონეზე იყოს, ხალხი ბედნიერად და კარგად ცხოვრობდეს, ჰქონდეს მომავლის რწმენა და გარანტია, ყოველივე ამის რეცეპტს, საფუძველს, ერთადერთ მტკიცე საშუალებას ეწოდება განათლება და ცოდნა.

ამიტომ, თუკი ერთი სიტყვით შეიძლება თქვა, რა არის მთავარი ფასეულობა და ღირებულება ჩვენი მთავრობისა და დღევანდელი საქართველოსათვის, ეს არის ცოდნის, მეცნიერების, განათლების მხარდაჭერა, გაძლიერება და წინსვლა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოში კონკურენტუნარიანი იყოს.

ამავე დროს, თბილისი მიესალმება სასწავლებლად ჩამოსულ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს.

ეს არის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობს რამდენიმე ათეული ქვეყნის სტუდენტი.

ჩვენ უნდა გავხდეთ საერთაშორისო სტუდენტური ცენტრი და გავხდებით კიდეც.

გახსოვთ ის დრო, როცა საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები და აკადემიები სარდაფში, ყველა სკოლის შენობაში და ყველა კუთხეში იყო გახსნილი.

კარაგდ მახსოვს, როცა მე და დედაჩემს გვქონდა ერთოთახიანი 16 კვადრატული მეტრის ბინა და ამ ბინის გვერდზე სარდაფში გახსნილი იყო სტომატოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი. იყო სრული ქაოსი.

ის რისი მშენებლობაც დღეს იწყება, არც სარდაფი და არც ძველი შენობაა, რადგან ძველ ჭურჭელში ახალი ღვინო არ ჩაისხმება.

ამ პროექტის ავტორი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი მიქელე დე ლუკი, პირადად მეც ვმუშაობდი მის სახელოსნოში მის პროექტებზე.

ეს იქნება არა მხოლოდ ძალიან კარგი უნივერსიტეტი, არამედ ინტელექტუალური და ევროპული არქიტექტურის ნიმუში მსოფლიოსა და საქართველოში.

მსურს მადლობა მოვახსენო დამფუძნებლებს, ეს იყო ერთ-ერთი მოტივაცია, რატომაც ამ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი.

ყველაფერი, რაც ახლა საქართველოში შენდება, არ შეიძლება აშენდეს სხვათაშორის.

ჩვენ ახალ ეპოქას ვქმნით. ყველაფერი რაც საქართველოში აშენდება, უნდა იყოს განსაკუთრებული და ძალიან უჩვეულო, მე მაქვს ამის პრეტენზია.

ჩვენ განსაკუთრებული ქვეყანა ვართ. თბილისი ახლო აღმოსავლეთის და ევროპის განსკუთრებული ქალაქია. იმას, რასაც ჩვენ შევქმნით, განსკუთრებული ხარისხის ნიშანი უნდა ჰქონდეს.

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საძირკველი ჩავუყაროთ შავი ზღვის უნივერსიტეტის მშენებლობას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური