საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის აეროპორტი გახსნა

5/26/2007

პატივცემულო დამსწრე სტუმრებო!

პატივცემულო საზოგადოებავ!

გადაჭარბების გარეშე ეს ისტორიული დღეა.

დღეს ახლადაშენებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იხსნება. ამ აეროპორტში ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, განათებისა და სანავიგაციო სისტემები.

ერთი სიტყვით, ბათუმს აქვს საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც ბევრ ქვეყანას არ აქვს.

ეს თურქეთისათვის და საქართველოსათვის ერთობლივი გამოყენების აეროპორტია. ისევე როგორც საფრანგეთის და შვეიცარიის აეროპორტები, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად იყენებს.

ბათუმის აეროპორტს კი, საქართველო და თურქეთი ერთობლივად გამოიყენებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ სამ დღეში აქ თურქეთის ავიახაზები პირველ რეისს შეასრულებს და ბილეთის ფასი ორივე მიმართულებით სტამბული-ტრაპზონის რეისის საფასური იქნება.

ეს ნიშნავს იმას, რომ მრავალგზის გაიზრდება ხალხის მიმოსვლა, სავაჭრო ბრუნვა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ასობით ათასი ჩვენი თურქი მეგობარი, რომელიც თურქეთის სვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, ისარგებლებს ბათუმის აეროპორტით, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობა სტუმბულის აეროპორტით დაუკავშირდება დანარჩენ მსოფლიოს.

ბათუმი გახდა ახლო მყოფი ქალაქი დანარჩენი მსოფლიოსათვის.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დიდი ოცნება -გადავაქციოთ შავიზღვისპირეთი და მისი მთავარი ქალაქი, ბათუმი შავიზღვისპირეთის ნამდვილ ვარსკვლავად, განხორციელდება.

ეს ჩემი პირადი ამბიციაა.

საქართველოს შავიზღვისპირეთი მსურს იყოს ყველაზე მიმზიდველი ნაწილი შავი ზღვის ქვეყნებს შორის.

ჩვენ გვაქვს კონკურენცია რუმინეთთან, უკრაინასთან, ბულგარეთთან, რუსეთთან.

ბათუმი ორი წლის წინათ იყო დანგრეული, მიწასთან გასწორებული, უიმედო და განადგურებული ქალაქი.

მახსოვს, როდესაც თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯიფ თაიფ ერდოღანი პირველად ჩამოვიდა და ბათუმი ნახა, დამისვა შეკითხვა: "რაიმე სტიქიური უბედურება ხომ არ ყოფილა აქ?"

ბათუმი უნდა გახდეს ყველაზე ლამაზი, მიმზიდველი და განსაკუთრებული ქალაქი შავ ზღვაზე, ვიდრე მას გაუსწრებს სოხუმი, რადგან, არ დაგიმალავთ, ეს ჩემი მთავარი ამბიციაა.

თურქეთის საგარეო მინისტრთან საუბრისას აღვნიშნე, რომ 3-4 წელიწადში ბათუმს ბადალი არ ეყოლება.

მსურს მადლობა ვუთხრა თურქეთის მხარეს.

2004 წელს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მივედით საზღვართან, სადაც ჩვენი მოქალაქეების გრძელი რიგები ვნახეთ და თურქეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაგვპირდნენ, რომ რიგები აღარ იქნებოდა.

მთელ რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმისა და მიმოსვლის გაადვილებასთან დაკავშირებით უკვე მე-15 წელია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

თურქეთთან ვთქვით და გაკეთდა კიდეც.

და საერთოდ, თურქეთი დაპირებებს გვისრულებს და პირიქით.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და თურქეთს შორის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

ეს საზღვარი ერთ დროს ყველაზე უფრო გაუმტარი და დაცული იყო. დღეს სტამბულიდან ბათუმამდე ბეტონის ავტობანს ვაშენებთ.

წელს ვიწყებთ ყარსი-თბილისი-ახალქალაქი-სტამბულის კრინიგზის მშენებლობას.

ერთი სიტყვით, ხდება გეოპოლიტიკური რევოლუცია.

საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე, დაუბრკოლებლად გადადიან თურქეთში.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა-და თურქეთს შორის მიმოსვლა ხუთჯერ გაიზარდა.

ახალი აეროპორტი, დარწმუნებული ვარ, ამ ციფრს გააათმაგებს.

ეს ახალი ტიპის თანამშრომლობაა და ნიმუში დანარჩენი ევროპისათვის. საქართველოს ეფექტიანი მთავრობა ჰყავს. უდავოა, რომ თურქეთის ხელისუფლებაც ძალზე ეფექტიანია.

სხვადასხვა მთავრობებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება დავარგოვე და არცერთი სხვა ჩვენი პარტნიორი სიტყვას საქმემდე არ ასრულებს ასეთ მოკლდე ვადაში.

ეს აეროპორტი თურქეთისა და საქართველოს მიერ არის აშენებული. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საჰაერო ნავიგაციის ბრწყინვალე მუშაობა.

მე დღეს აეროპორტის მშენებელთა და, მათ შორის, საქაერონავიგაციის დიდი ჯგუფი ღირსების მედლებით დავაჯილდოვე.

ამ აეროპორტში უნიკალური აპარატურა დაიდგა, მათ შორის, სატრანზიტო ფრენებისთვისაც.

ეს არის ერთობლივად შექმნილი აეროპორტი, რომელიც ქართულია და არა თურქული.

თუმცა ის არის მეგობრობისა და თანამშრომლობის სიმბოლო.

ეს არის ისეთი რამ, რის ეკონომიკურ შედეგს დღესვე მივიღებთ და, ამავდროულად, საუკუნეების განმავლობში დარჩება როგორც მეგობრობის, ახალი გახსნილობის განსაკუთრებულად მიმზიდველი მაგალითი.

ვამაყობ, რომ ეს აეროპოტი აშენდა.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც თბილისის ახალი ტერმინალი გაიხსნა. თუმცა ის მხოლოდ ტერმინალი იყო და არა აეროპორტი, ამ აეროპორტის სახურავი კარგად შემოწმებულია, რაც ჩვენი მოთხოვნა, ვინაიდან ბათუმში წვიმები ხშირადაა.

ვინც არ აშენებს, ის შეცდომებსაც არ უშვებს.

ეს აეროპორტი ექვს თვეში აშენდა.

ჩვენ ყველაფერს ჩქარა ვაკეთებთ და არა ნაჩქარევად.

ჩვენ თხუთმეტი წელი დავკარგეთ, დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის თხუთმეტი წლისთავი აღვნიშნეთ.

ჩვენ გვინდა დაკარგული ავინაზღაუროთ და ყველაფერი ისეთი გვქონდეს, როგორც დანარჩენ მსოფლიოშია - მაღალი ხარისხის, ლამაზი და მიმზიდველი.

შეიცვალა მთელი საქართველო და ეს, არა მარტო ბათუმს და აჭარას შეეხება.

გასახსნელი ობიექტების საკმაოდ გრძელი სია გვქონდა, მაგრამ დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლეთ.

იყო დრო, როდესაც ყველაფერი ინგრეოდა, იხურებოდა და ახალი არაფერი არ იხსნებოდა.

მინდა მადლობა ვუთხრა, თურქეთის საგაერო საქმეთა მინისტრს, ჩვენს თურქ პარტნიორებს და თურქეთის პრემირ-მინისტრს, რომელსაც ბათუმში ჩამოსვლა ძალიან უნდოდა.

მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მეგობრული ხელი გამოწვდილი არ დარჩება -ჩვენ მას ჩვენს მეგობრულ ხელს დავახვედრებთ.

ახალ ხელშეკრულებებს ვამზადებთ იმისათვის, რომ ხელჩაკიდებულებმა და წელგამართულებმა ერთად შევძლოთ სვლა უკეთესი მომავლისკენ.

ამის ბრწყინვალე მაგალითი უკვე შევქმენით.

ეს არის ჟენევის აეროპორტის მოდელი, რომელიც ქართველებმა და თურქებმა ჩვენს საზღვარზე ერთად ავაშენეთ.

გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას!

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას!

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!

დღეს მოვიარე საქართველოს კუთხეები - ფეხი დავადგი აფხაზეთის მიწას, თბილისში ჩავიბარე აღლუმი, გავხსენით ბევრი ახალი ობიექტი და ახლა თქვენთან, აჭარაში ვარ.

ერთი მხრივ, დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენი სახელმწიფო ასეთი კომპაქტურია, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყანა განსაკურებული და მრავალფეროვანია.

მადლობას მოგახსენებთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური