მინდა ვთხოვო დიანა ღურწკაიას, რომ სცენაზე ამოვიდეს და ჩვენს გვერდზე დადგეს, რადგან ჩემი გამოსვლა მსურს მივუძღვნა მას და აფხაზეთიდან დევნილ 400 ათასზე მეტ ადამიანს, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს, მთელ საქართველოს.
მსურს თითოეულ თქვენგანს მივმართო!
დღეს ჩვენი სამშობლოსთვის სიმართლის მომენტი დგება, სიმართლის წამი, გადამწყვეტი ეტაპი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ათასწლიანი წარსულისა და მრავალათასწლიანი უკეთესი მომავლის წინაშე.
დღეს წყდება ყველაფერი.
დღეს ჩვენ ყველანი, აქ ჩამოსული 12 ათასი დელეგატი და 5 მილიონი ქართველი, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაბნეული მილიონობით ჩვენი თანამემამულე, ერთად მივიღებთ მთავარ გადაწყვეტილებას.
ჩვენ გავცემთ პასუხს შეკითხვას - შედგება თუ არა საქართველო როგორც სახელმწიფო, გვექნება თუ არა მომავალი, ვიქნებით თუ არა ერთიანი და დავბრუნდებით თუ არა ჩვენს ევროპულ ოჯახში, რითაც საუკუნოვან ოცნებას ავისრულებთ.
4 წლის წინათ მე დავდექი აქ, თქვენს წინაშე და კარგად მახსოვს, რომ მაშინ ეს დარბაზი ჩაბნელებული იყო ისევე როგორც დანარჩენი საქართველო.
ამას წინათ, მე და ჩემი არაპოლიტიკოსი მეგობრები ერთად ვუყურებდით ტელევიზორს, სადაც ოთხი წლის წინანდელ კადრებს აჩვენებდნენ.
ყველას ერთი აზრი გაგვიჩნდა: ნუთუ უცხოურ ტელევიზიებს ვარდების რევოლუციის მხოლოდ შავ-თეთრი კადრები აქვთ? თუმცა მაშინ ყველაფერი მართლაც შავ-თეთრი და ბნელი იყო; ყველაფერი ჩამორჩენილ და გაუბედურებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ერთმა კლოუნმა დაგვიდგა კომედია, როგორ იმეორებენ ვარდების რევოლუციის სვლას და როგორ შემოდიან თითქოს მანქანები თბილისში - თბილისიდან გადიან და თბილისში შემოდიან.
მაშინ, როდესაც ჩვენ შემოვდიოდით, საქართველო მთლიანად იყო ჩაბნელებული.
ერთადერთი სინათლის შუქი იმ მანქანებიდან მოდიოდა, რომელშიც თქვენ ისხედით.
ჩვენ უკვე გავანათეთ საქართველო და გივი თარგამაძის ნათქვამის არ იყოს, ჯოჯოხეთის მაშხალა ისე ვეღარ გაანათებს, ვერც თვალს მოჭრის ვინმეს და ვერც ვერაფერს ავნებს.
4 წელი ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ისტორიისათვის წამზე უმცირესია, მაგრამ გავიხსენოთ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს წამი, რას მიაღწია საქართველომ ოთხ წელიწადში და რას მიაღწიეთ თქვენ საქართველოში.
15 წლიანი განუკითხაობის შემდეგ ჩვენი აბუჩად აგდებული ქვეყანა ფეხზე წამოდგა და მთელი რეგიონისთვის მიმბაძველ მაგალითად გადაიქცა.
ქვეყანა გათავისუფლდა რეგიონული ფეოდალებისაგან.
ოთხი წლის წინათ, თქვენთან ერთად, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ცუდი ზღაპრის მსგავსად, მხოლოდ ფოთში შემეძლო ჩასვლა: მარჯვნივ წახვალ დაიღუპები, მარცხნივ წახვალ გველეშაპი შეგჭამს.
ოთხი წლის წინათ, როდესაც ჩვენმა ვერტმფრენმა მარცხნივ, აჭარისკენ გაუხვია, "სტრელას" ტიპის ხუთი რაკეტა დაგვიმიზნეს.
მას შემდეგ, რაც რადარმა ეს დააფიქსირა, იმის მიუხედავად, რომ დაჟინებით მოვითხოვდი გზა აჭარისკენ განგვეგრძო, პოლოტმა ფოთში დაგვსვა.
მარცხნივ წასვლა დღეს უკვე შეგვიძლია, მარჯვნივ კი ყველა ერთად ამ სიმღერით დავბრუნდებით.
ქვეყანას მუქთამჭამელები დაეხსნენ და ხალხისგან ნაჯიბგირალი ფული უკან, სახელმწიფო ხაზინაში მოიტანეს;
მართალია, ფული მოიტანეს, მაგრამ იმის სურვილი ჯერაც არ განელებიათ, ისევ მოასხდნენ თავს ქვეყანას და ყველაფერი უკან დააბრუნონ, რადგან "შესაჭმელი" ახლა უფრო მეტია - მაშინ საქართველოს ეკონომიკა სამ მილიარდზე ცოტა მეტი იყო, ახლა კი ათ მილიარდს აჭარბებს.
მრავლად დავინახე ეს ძველი სახეები რუსთაველზე ნოემბრის მოვლენების დროს, ნათლად დავინახე მათი ძველ დროში დაბრუნების ჟინი.
ნურას უკაცრავად, ისინი ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან!
ბეჭებზე დაიდო კორუფცია, რომელიც მოდებული იყო მთელ ქვეყანას.
ბოლო მოეღო მასობრივ ყაჩაღობებსა და ადამიანის გატაცებებს,
ორჯერ შემცირდა ძალადობრივი დანაშაული.
სარეკორდოდ დაბალია ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა მანქანის ქურდობა; აღარ გვეშინია ბავშვების სკოლაში გაშვება და სხვა - ამას ძალიან დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ.
თითქმის 80-წლიანი ბატონობის შემდეგ მთლიანად განადგურდა ქურდული ინსტიტუტი.
ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იყო, რომ კანონიერი ქურდების თითქმის 90 პროცენტი საქართველოდან იყო.
ჩემს ბავშვობაში უბანში ყველაფერს კანონიერი ქურდი განაგებდა.
ამას წინათ, ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს და გამახსენდა, რომ მეათე კლასში მან ორჯერ დამჭრა იმის გამო, რომ თავი არ დავუხარე.
მე ხუთოსანი ვიყავი, ის კი ოროსანი და ქურდიც გახდა, მაგრამ ქვეყანას მართავდა ის და არა მე.
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ქვეყნის მართვა ხალხმა დაიწყო, ისინი კი გავყარეთ და პასუხი ვაგებინეთ.
ეს არის სამართლიანობა, ეს არის ძალადობისგან თავისუფალი საქართველო, ჩვენ არ შეგვეშინდა მათი!
საქართველოს ჰქონდა სამჯერ მეტი ვალი, ვიდრე იყო სახელმწიფო ბიუჯეტი.
დღეს ქვეყნის ვალი ყველა ძირითადი კრედიტორის მიმართ გასტუმრებულია.
ჩვენ არ გვსურს, რომ საქართველო ვინმესთან ვალში იყოს.
საქართველო დღეს კრედიტუნარიანი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი პროექტების დაფინანსება შეუძლია.
ჩვენი მეგობრები მეკითხებიან თუ როგორ შევძელით ამდენი გზის, სკოლის, სხვა ობიექტების მშენებლობა.
ისინი ფქრობენ, რომ ამერიკელები და ევროპელები გვეხმარებიან, მაგრამ არც ასეა საქმე - ჩვენ თავად ვეხმარებით საკუთარ თავს, ჩვენი წესიერებით, შრომითა და თავდადებით ყველაფერი თავად მოვიპოვეთ და გავაკეთეთ.
დაუკვირდით, 20 წლიანი ნგრევის შემდეგ, ამ ორ წელიწადში აშენდა უფრო მეტი გზა და სკოლა, ვაშენებთ უფრო მეტ საავადმყოფოს, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში.
ჩვენ ამით აუცილებლად ვიამაყებთ.
დამთავრდა 15-წლიანი უშუქობის, სიბნელისა და სიცივის უმძიმესი პერიოდი და მთელ საქართველოს ელექტროენერგიის 24 საათიანი მიწოდება აღუდგა.
მთელმა რეგიონმა და მსოფლიომ იცოდა როგორი საშინელი იყო საქართველოს საგზაო პოლიცია, რომელიც ამჟამად გაუჩინარდა გზებიდან.
ერთადერთი გზა, რომელზეც ისინი ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდნენ რუსთაველის გამზირია, სადაც ათასობით მათგანი მოვიდა პროტესტის გამოსახატად.
ძმებო, მე მესმის და თქვენს მდგომარეობაში შევდივარ, თქვენი ბრალი არ იყო, რომ ქრთამს იღებდით, არც ის იყო თქვენი ბრალი, რომ ხალხი ცუდად მოგიხსენიებდათ.
ჩვენს თანამედროვე პოლიციელებს ამ სახელით ვერავინ ვერ მოიხსენიებს, ხოლო თუნდაც რუსთაველზე ან სხვა ადგილებში დგომით ის დრო არასდროს აღარ დაბრუნდება.
წარსულში ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით ახლა მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ!
80 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში მიღება თითქმის მთლიანად ჩაწყობით ხდებოდა.
საქართველოში ჩაბარება თავადაც ვერ მოვახერხე და კიევის უნივერსიტეტში ჩავაბარე.
ბევრი თქვენგანიც ვერ მოხვდა იქ, სადაც სურვილი ჰქონდა. შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს ბედმა გაუღიმა, მაგრამ ხომ იცით როგორ ხდებოდა ეს უმეტეს შემთხვევებში?
გამოცდაზე ბრწყინვალე ნაწერი მქონდა, თუმცა ერთ-ერთ გამომცდელს შესწორებები შეჰქონდა, რათა ჩემთვის ნიშანი დაეკლო.
ჩემდა საბედნიეროდ, მეორე წესიერი გამომცდელი აღმოჩნდა, რომელმაც დაინახა უსამართლობა, გამოგლიჯა ხელიდან ჩემი ნაწერი და ამის საშუალება არ მისცა.
მართალია მე კიევის უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაგრამ გამოცდებს თბილისში ვაბარებდი.
წელს ტელევიზიითაც გამოდიოდნენ აღშფოთებული მშობლები და ამბობდნენ: სახელოვანი ოჯახის შვილები ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში და ქიზიყიდან, თუშეთიდან და სხვა რაიონებიდან ჩამოსულებმა ჩააბარესო.
უნივერსიტეტიც, თბილისიც და მისი ცენტრიც ერთნაირად გვეკუთვნის ყველას - მე, როგორც თბილისის ცენტრში დაბადებულსა და გაზრდილს და ამბროლაურელსაც, ჩხოროწყუელსაც, ზუგდიდელსაც, კახელსაც, თუშსაც, სვანსაც, აჭარელსაც და სხვა რაიონის მკვიდრსაც.
საქართველო ყველასია!
მისაღებ გამოცდებზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვა ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, რომელსაც 14-წლიანი უშუქობის პირობებში, სანთლისა და ჭრაქის შუქზე უწევდა წიგნების კითხვა და მეცადინეობა.
მან ყველაზე კარგად ჩააბარა გამოცდები.
აი, რა არის სამართლიანობა, მომავლის შესაძლებლობები და ჩვენი საერთო მონაპოვარი!
ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში 140-ე ადგილზე იყო - ჩვენ გვისწრებდა ნიგერია, ზიმბაბვე, სვაზილენდი და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთიც კი.
ახლა ნიგერია უსწრებს რუსეთს, საქართველო კი უსწრებს საფრანგეთს, იტალიას, საბერძნეთს, მსოფლიოს კიდევ 130 ქვეყანას და ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით 18 ადგილზე იმყოფება.
შემცირდა ბიუროკრატია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდის.
მთლიანად განადგურებული ეკონომიკა დადგა ფეხზე და საშუალოდ, ყოველწლიური 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად იქცა.
გუშინ ჩვენ გავხსენით მშენებლობა, რომლითაც მომავალში ვიამაყებთ.
ვიამაყებთ იმით, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ.
ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში, სულ მალე, ორწელიწადნახევარში, ჩვენ ჩავჯდებით პეკინი-თბილისი-ლონდონის ექსპრესში და ორ დღეში, კომფორტული ვაგონებით, ჩავალთ ინგლისში.
არ არის ეს სასწაული?
არ არის ეს გრანდიოზული?
არ არის ეს საამაყო?
იმ პერიოდში, როდესაც პრეზიდენტი გავხდი საქართველოში ჩამოდიოდა 30 ათასი ტურისტი, წელს ჩამოვიდა ერთი მილიონი და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, მომავალ წელს ორი მილიონი ტურისტი ჩამოვა.
ეს მხოლოდ ტურისტთა რაოდენობის ზრდას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ მთელი კახური ღვინო საქართველოშივე გასაღდება და გასატანიც არაფერი არ გვექნება.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითოეული ქართული ოჯახი მიიღებს დამატებით ათი ათასობით შემოსავალს.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავა და რამდენი მილიარდიც არ უნდა გადაიხადონ ჩვენი სახელის გასაშავებლად, აზრს ვერაფერი შეაცვლევინებს.
თუ ადამიანი აქ ერთხელ მაინც ჩამოვა და თქვენს თვალებში ჩაიხედავს, ვერანაირი ფულით ვეღარ ააცრუებინებ გულს ჩვენს ქვეყანაზე.
10 წლიანი უგაზობის შემდეგ, იწყება მთელი ქვეყნის ხელახალი გაზიფიკაცია.
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დროს სკოლებში იდგა შეშის ღუმლები და ჭრაქები.
მომავალი წლის ზამთარში საქართველოს ყველა სკოლაში იქნება ცენტრალური გათბობა და არც ერთ ბავშვს აღარ შეცივდება.
თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ, 2008 წელს საქართველო ნატო-ს წევრობის ოფიციალური კანდიდატი გახდება და შესრულდება არა მარტო ჩვენი ოცნება, არამედ ჩვენი დიდი მეფეების, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლე მეორის ოცნება დიდ მსოფლიო გაერთიანებაში შესვლასა და მსოფლიო მხარდაჭერის მოპოვების თაობაზე.
სამი დღის წინათ, როდესაც ჩვენი ტელევიზიები აშუქებდნენ, როგორ დადიოდა მანქანით ათი მეგაფონიანი ადამიანი და მე "თბილად" მომიხსენიებდა (ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, დიდი ხანია არავისგან არაფერი აღარ მწყინს), ვერავინ ვერ შეამჩნია, რომ სწორედ იმ დღეს საქართველო საბოლოოდ და სამუდამოდ ოფიციალურად დატოვა რუსულმა არმიამ.
მართალია, რუსული არმია საქართველოდან ოფიციალურად გავიდა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს, რადგან მათი ჯარისკაცები ჯერ კიდევ არიან ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.
ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება.
ცხოვრება ძალიან რთულია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი მოგაწონოთ, თუმცა უდავოდ ვამაყობ თქვენით და ერთად მიღწეული წარმატებებით.
არასწორი იქნება თუ მხოლოდ წარსულით ვიცხოვრებთ.
რაც არ უნდა სახელოვანი 4-წლიანი წარსული გვქონდეს, ჩვენ ვიცით რამდენი რამაა კიდევ გასაკეთებელი, ამიტომ, ამიერიდან, სულ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ.
ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობით რეფორმების მდგომარეობაშია.
თბილისში თუ გაივლით, ნახავთ, რომ ყველაფერი აყრილია - ზოგან ქვაფენილს აგებენ, ზოგან რაღაც შენდება... ასეთივე ვითარებაა ქუთაისშიც.
ქუთაისის ცენტრი ხარაჩოებშია... ნახეთ როგორ გაკეთთდა სიღნაღი... დიდი მშენებლობებია ბათუმში, ზუგდიდში, თუშეთში, რომელიც საქართველოს ულამაზესი ადგილია და კიდევ ბევრგან.
რემონტის პროცესში მყოფ ბინაში ცხოვრება არავის არ უყვარს, მაგრამ ასეთში ცხოვრება სჯობს იმ ჩამოძონძილ, უსახურავო და უკარფანჯრო ბინას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით.
საქართველო ძალიან სახელოვანი სახლია, რომელსაც ასეთი ყოფა არ ეკადრება.
ამისათვის თქვენი ხელდაკაპიწებული შრომა, ძალისხმევა და იმის რწმენა გვჭირდება, რომ რა სირთულეებიც არ უნდა შეგვხვდეს ამ გზაზე, ჩვენი ქვეყანა წინ წავა.
სწორად თქვეს ლადო გურგენიძემ და გიგი უგულავამ - რეფორმების შედეგები თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოსო.
ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთავრობის ხელმძღვანელად დაგვენიშნა ლადო გურგენიძე, რომელსაც დავავალე 48 საათის განმავლობაში მოეძია საჭირო რესურსები იმისათვის, რომ საქართველოში მინიმალური პენსია 55 ლარი გამხდარიყო, რასაც სტაჟისა და დამსახურების გათვალისწინებით კიდევ დაემატება გარკვეული თანხა.
მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში პენსიები გაორმაგდება.
ეს ჩვენი საბიუჯეტო და პოლიტიკური დაპირებაა.
მასწავლებლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც უხელფასოდ შეინახეს საქართველოს სკოლები ამდენი ხნის განმავლობაში.
მათი მინიმალური ხელფასი 1 დეკემბრიდან იქნება 200 ლარი, ხოლო მომავალში პედაგოგის საშუალო ხელფასი საქართველოში ზოგადად არსებულ საშუალო ხელფასთან შედარებით ორჯერ მეტი იქნება.
ამ პერიოდში ჩვენ დაგვიპირისპირდა სიცრუის დიდი მანქანა, რომლის მთავარი მიზანია ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ ადგილებზე დაგვარტყას.
სწორად თქვა ნინო ბურჯანაძემ: საქართველო გაიმარჯვებს და გამთლიანდება თუ საქართველოში იქნება ერთიანობა და ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება.
ბოლო კვირების განმავლობაში იყო მცდელობა დაერტყათ ჩვენი ერთიანობისათვის და საერთაშორისო მხარდაჭერისთვის, რათა საქართველო იზოლაციაში მოექციათ.
დღეს აქ იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფოს - პოლონეთის პრეზიდენტი, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ევროპის ყველაზე დიდი მებრძოლი ლეხ კაჩინსკი.
ეს არის ჩვენი პასუხი ყველასათვის, ვისაც საქართველოს იზოლაცია და ევროპისგან ჩამოშორება სურს.
ეს არის ევროპის პასუხი საქართველოს მხარდასაჭერად.
1920-იან წლებში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა დაეცა, ჩვენი ოფიცრები მთელი შემადგენლობით წავიდნენ პოლონეთში.
ვინაიდან საქართველოში ბრძოლა წაგებული იყო, შემდეგი ფრონტი მათ მარშალ პილსუტსკის ხელმძღვანელობით, პოლონეთში გახსნეს.
კანონით, უცხოელი ოფიცრის მიწვევა პოლონეთის ჯარში იკრძალებოდა, თუ ის ამ ქვეყნის მოქალაქეობას არ მიიღებდა.
ქართველმა ოფიცრებმა, რომლებსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ, ქართულ პასპორტებზე უარი არ თქვეს.
მაშინ პოლონეთის დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ, მარშალმა პილსუტსკიმ პოლონეთის სეიმს მიმართა და გამონაკლისის სახით, მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნა და არმიაში ისეთივე ჩინი მისცა როგორიც საქართველოში ჰქონდათ: ქართველი გენერალი გახდა პოლონელი გენერალი, ქართველი პოლკოვნიკი - პოლონელი პოლკოვნიკი, ქართველი კაპიტანი და ლეიტენანტი - პოლონელი კაპიტანი და ლეიტენანტი.
ეს მან გააკეთა, როგორც პოლონეთის ჭეშმარიტმა პატრიოტმა.
იმ ოფიცრებმა, რომლებიც პოლონეთში წავიდნენ, მარშალ პილსუტსკის ხელმძღვანელობით, პოლონეთის, ვარშავის მისადგომებთან ბოლშევიკური მრავალათასიანი არმია დაამარცხეს.
მათ იბრძოლეს გერმანელ ფაშისტებთან, ისინი იბრძოდნენ სტალინისტურ საბჭოთა კავშირთან, მათი დიდი რაოდენობა დაიღუპა კატინის ტყეში, როდესაც პოლონეთის ელიტა ფაშისტური შეთქმულების შედეგად დახვრიტეს.
ისინი ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ საქართველოში და ვეღარ დაიბრუნეს საქართველოს მოქალაქეობა.
მათი უმეტესობა მათი მეორე სამშობლოს თავისუფალი პოლონეთის მიწაზე განისვენებს.
დღეს მათი სახელით აქ ჩამოვიდა თავისუფალი პოლონეთის პრეზიდენტი, მათი სახელით ჩამოვიდა პოლონური დელეგაცია, სწორედ მათი სახელით ისინი ჩამოვიდნენ თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში, როგორზეც ჩვენი ოფიცრები და ყველა თაობის ქართველი პატრიოტები ყოველთვის ოცნებობდნენ.
ერთხელ უკვე, 1921 წელს ჩვენ დაგვაკარგინეს დამოუკიდებლობა ორჯონიკიძემ, მე-11 არმიამ და შიდა მოღალატეებმა.
ერთხელ, რომ შეგვაცდინეს იმის ბრალი იყო, ვინც შეგვაცდინა, მაგრამ თუ მეორედაც შეგვაცდინეს, ეს ჩვენი დანაშაული და ჩვენი ბრალი იქნება.
ჩვენ ასეთ დანაშაულს არ ჩავიდენთ, ჩვენ ასეთ შეცდომას აღარ გავიმეორებთ.
სიცრუის მანქანა ჩვენს ყველაზე მთავარ ღირებულებებს უტევს, მაგალითად, ვენახებს.
რუსეთმა, რომელსაც ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით ჩვენი ბაზრის 85 პროცენტი ეკავა, ყველა გზა დაგვიკეტა, მაგრამ 2004 წლიდან ვაზის ძირების რაოდენობა საქართველოში ერთი მილიონით გაიზარდა. ე.ი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა, ხოლო ის ტერიტორია, რომლზეც ზვრებია გაშენებული 2 ათასი ჰექტარით გაიზარდა.
შემდეგი საკითხი ეკლესია-მონასტრებს შეეხება.
ლაპარაკობენ: ეს არის მთავრობა, რომელიც ეკლესიას ებრძვის; ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ 250 ძეგლი აღვადგინეთ, კომუნისტების მთელ პერიოდში კი სულ 30 ტაძარი აღდგა და ათი ამდენი დაინგრა.
ჩვენ 250 აღვადგინეთ, ახლები ავაშენეთ და კიდევ ბევრს ავაშენებთ.
მსურს ჩვენს მოქალაქეებს მივმართო!
რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბევრი პრობლემებია და სახელმწიფო თქვენ პრობლემებთან პირისპირ არ დაგტოვებთ!
ჩემი პირადი ღირსების საკითხია მაქსიმუმი გავაკეთო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მუშაობდნენ ქუთაისსა და საჩხერეში, თბილისსა და პატარძეულში, ჩვენს სკოლებში საავადმყოფოებში, ქარხნებსა და მეურნეობებში, ვინც საკუთარი ხელითა და ინტელექტით აშენებდა ამ ქვეყანას.
მეტაფორა, რომელიც რემონტიან ბინასთან დაკავშირებით მოვიყვანე, კახელ გლეხს ეკუთვნის და ჩვენ ყველა სირთულე უნდა გადავლახოთ.
არსად, არც შუააზიაში, არც ამ რეგიონში არ არსებობს პრეცენდენტი, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ნებით შეამციროს თავისი საპრეზიდენტო ვადა ერთ წელიწადზე მეტი ხნით, მაგრამ ჩემთვის არც სავარძელი, არც რეგალიები, არც ტიტულები არაფერს არ წარმოადგენს.
ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა მნიშვნელოვანი და მთავარი - ქართველი ხალხი და მისი ნება.
ჩვენ ვერც ერთ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ თუ ყველა ერთად ამის უკან, ამის წინ და ამის გარშემო არ დავირაზმეთ.
არა მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობა, არამედ ჩემი ცხოვრებაც კარგავს ყოველგვარ აზრს, თუ არ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ვერ შევძლებთ საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და ევროპული დონის ცხოვრების დამკვიდრებას საქართველოში.
ამის გარეშე ჩემს ცხოვრებას არვითარი აზრი არა აქვს.
ყოველივე ამის გაკეთება კი ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
5 იანვარს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი კითხვას - გვინდა თუ არა საქართველოს გაერთიანება და გვსურს თუ არა შემდგომი წინსვლა.
მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
გარწმუნებთ, პრეზიდენტი ისეთივე სიზმრებს ხედავს, როგორსაც თითოეული თქვენგანი.
მას არ ესიზმრება არც ლიმუზინები და კაბინეტები, არც პრეზიდენტებთან შეხვედრები, თუმცა ბევრი მათგანი ჩვენი მეგობარია.
ყველაზე ხშირად სოხუმი მესიზმრება - სოხუმის სანაპირო, ჩვენი სახლი ეშერასთან, რომელიც დავკარგეთ; მესიზმრება სოხუმის კაფეები; მესიზმრება ერთი და იგივე კოშმარი - ჩავდივარ სოხუმში და გარეთ თავისუფლად ვერ გამოვდივარ, ვიღაცები გზის გადაკეტვას ცდილობენ, მეუბნებიან, რომ იქიდან უნდა წავიდე და იქაურობა სამუდამოდ დავტოვო.
5 იანვარს ამ გზას ჩვენ ან გავხსნით, ან ჩვენივე ხელით სამუდამოდ ჩავკეტავთ.
მინდა ეს ყველამ კარგად დავიმახსოვროთ.
5 იანვარს აფხაზეთთან დაკავშირებული ჩემი ყველაზე საშინელი სიზმრები ან ახდება, ან ყველა ერთად დავბრუნდებით ჩემი და თქვენი ოცნების სოხუმში, ყველა ერთად გავაერთიანებთ საქართველოს და ხელახლა შევქმნით დავით აღმაშენებლის ქვეყანას.
ვერავინ ვერ უნდა დაარტყას ჩვენს ერთობას, ვერავინ ვერ უნდა დაარტყას საქართველოს კარდინალურ კურსს; ვერავინ ვერ შელახავს ქართულ დემოკრატიას.
მინდა დღეს, როგორც არასდროს, დავპირდე ყველა თქვენგანს - ჩვენი ერთობლივი გამარჯვება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის არჩევა; ეს არც ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის ფანტასტიკური პროგრამის განხორციელებაა, რომლის ყოველ სიტყვაზე ვაწერ ხელს, რადგან ეს ჩვენი მთავარი გამოსავალია.
ჩვენ კი არ შეგვაშინეს, კი არ დავიხევთ უკან, არამედ მართლაც კვალიფიციურად გავაგრძელებთ წინსვლას.
საქართველოს უკან მოსახედი არაფერი არა აქვს, ხალხთან ერთად წინ უნდა ვიაროთ.
ოთხი წლის წინათ ყველა დაშლას, ჩვენი ერთობის შელახვას გვიწინასწარმეტყველებდა, იმასაც ამბობდნენ, რომ ნინო ბურჯანაძე გაიქცევაო.
ნინო ბურჯანაძეს ოთახში "რკინის ლედის", მარგარეტ ტეტჩერის სურათები უკიდია.
ამ ქალბატონს ჩვენ კარგად ვიცნობთ და მას ჩვენთვის არაერთი სასარგებლო რჩევა მოუცია, მაგრამ ბოლო დღეების შემდეგ დავრწმუნდით, რომ ნინო ბურჯანაძის ნერვები და პოლიტიკური მრწამსი ყველაზე მაგარი ფოლადისგანაა გამოწრთობილი, თუკი რამე დამზადებულა მსოფლიოში.
მოსყიდვისა და შანტაჟის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ერთობა.
ვერც ერთი პარლამენტარი, რომელიც ჩვენთან ერთად ბარიკადებზე იბრძოდა, ვერ იყიდეს ნაციონალური მოძრაობის გუნდიდან; ვერ იყიდეს ვერც ერთი ეს მომღერალი, ვერც ერთი სპორტსმენი, პატრიოტი, რიგითი პოლიციელი და ჯარიკაცი.
თუკი რაიმე მაქვს საამაყო, უპირველესად, ჩვენი შქმნილი უძლიერესი არმიაა, როგორიც საქართველოს არასდროს ჰყოლია.
ეს ჯარი ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით.
ჩვენ შევქმენით რეზერვისტთა რაზმები, ბევრი თქვენგანი რეზერვის ჯარისკაცია და ერთ-ერთი მათგანი, მათ შორის, მეც ვარ.
ჩვენი ოპონენტები ხშირად ამბობენ, თითქოს ჩვენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში პროვოკაციას ვამზადებდეთ.
ეს ტელევიზიითაც ხშირად გაგვიგია.
ერთმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა თქვა: თუკი ისინი ტანკებით წავლენ აფხაზეთისაკენ, ამ ტანკებს წინ მე დავუწვებიო.
მე გეტყვით რა არის ყველაზე მარტივი და მოკლე გზა აფხაზეთსა და ცხინვალში პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად - დავნებდეთ, შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, ვაღიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე და ამ შემთხვევაში, პროვოკაცია გამოირიცხება, იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და შესაძლოა ვინმეს ქებაც დავიმსახუროთ.
მზად არის ნაციონალური მოძრაობა ამ გზით იაროს?
- თუ არა, მაშინ წინ გამარჯვებებისკენ!
ყველაზე ძნელი საკუთარი ნაკლის პოვნაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი ნაკლი და შეცდომები.
ჩვენ ვართ ახალგაზრდა რევოლუციური მთავრობა, ჩვენი გულები ანთებულია რწმენით ჩვენი ენერგია ბობოქარი ოკეანეა, ჩვენს წინაშე არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, დაუძლეველი ბარიერები, მიუწვდომელი მწვერვალები, ჩვენ ვსუნთავთ საქართველოს სიყვარულით, ვცოცხლობთ მისი გამარჯვების რწმენით და მის გადასარჩენად მზად ვართ თვალდაუხამხამებლად გავწიროთ თავი.
ჩვენ ვართ იდეალისტები და ჩვენ ვართ მაქსიმალისტები.
ეს არის ჩვენი პარტიის მთავარი ძალა და უპირატესობა.
არიან ერები, რომლებიც მუცლით იღებენ გადაწყვეტილებას, ასეთი ერები პირველი დაბრკოლებითანავე იცვლის აზრს - მათი დამონება ძალიან ადვილია.
არიან ერები, რომლებიც მხოლოდ ანთებული გულითა და ემოციით იღებენ გადაწყვეტილებას - ასეთი ერები თავს ვერ აღწევენ ძალადობასა და უბედურებას.
1990-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ერთხელ უკვე ჩაგვითრიეს ემოციურ ფონზე.
დღეს ყველა ერთად ჩვენ ანთებული გულისა და გახურებული ენერგიის ფონზე მხოლოდ თავით, ინტელექტუალური ენერგიითა და ჩვენი რაციონალურობით მივიღებთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენთვის ეს გადამწყვეტია.
ეს არის ჩვენი მთავარი სიძლიერე.
ბოლო დღეების განმავლობაში დიდი განსაცდელის წინაშე დავდექით - ამ საქმეში გამოცდილი "რეჟისორებისა" და "დრამატურგების" მიერ დაწერილი სცენარის ყველა პუნქტს ვასრულებდით, მაგრამ ქართველები ცნობილი არიან თავისი მოხერხებულობითა და იმპროვიზაციით.
ჩვენ მათ დროულად დავუძვერით ხელიდან, თუმცა მათ ჯერ კიდევ მლავრად აქვთ ხელი ჩავლებული და გაშვებას არ აპირებენ.
ჩვენ ყველა ჩვენს ოპონენტს ვუწვდით ხელს - მე საქართველოს შიგნით მტრები არა მყავს, შეიძლება მხოლოდ გზააბნეული ადამიანები იყვნენ.
ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული, მაგრამ ვაპატიოთ ყველამ ერთად და მივუტევოთ ეს ერთმანეთს.
ეს არ არის მთავარი, რადგან ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ.
თითოეული მათგანი ქართული სახელისა და გვარის მატარებელია.
ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი.
პირადად მე თვალს ვხუჭავ ყველანაირ წყენაზე, პირად შეურაცხყოფაზე - ამ დღეებში ყველაფერი თქვეს ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ასევე თქვენს ოჯახებზე, მაგრამ დავივიწყოთ!
თუ გვინდა გვქონდეს უკეთესი მომავალი, ყველაფერი ცუდი უნდა დავივიწყოთ.
ჩვენ დასაკარგი ქართველები არ გვყავს!
მინდა მივმართო საქართველოს ყველა ეთნიკურ ჯგუფს.
წინა მთავრობაში ხშირად ამბობდნენ, რომ ოპოზიციონრები სომხები, აზერბაიჯანლები, ოსები არიანო.
მე არაერთხელ მითქვამს - თუ აზერბაიჯანლები გეზიზღებათ, მე ვარ აზებაიჯანელი! თუ სომხები გეზიზღებათ, მე ვარ სომეხი! თუ ებრაელები გეზიზღებათ, ებრაელი ვიქნები! თუ ოსები გეზიზღებათ, ისედაც ხომ ყველამ იცის, რომ ოსი ვარ!
მაგრამ ყველა ამ ერის მოძულე ადამიანზე მეტ ქართველ პატრიოტად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ და ქართველად ვრჩები.
ეს არის ჩვენი მრწამსი - საქართველო ყველასია!
დავით აღმაშენებელი ყველას პატივს სცემდა, ყველგან ლოცულობდა, მაგრამ ყველაზე დიდი ქართველი მმართველი იყო.
მსურს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეტაფორა გავიხსენო.
სანამ სამების ტაძარი მიწიდან ამოვიდოდა, ნერვებს ვერ ვთოკავდით და ყველას ერთი სული ჰქონდა.
ჩვენ ყველასგან ვიღებთ მაგალითს და არავის არ ვედრები, მაგრამ მოსეს 25 წელი მოყავდა ხალხი უდაბნოში.
სამების ტაძარი უფრო ჩქარა სამ წელიწადში ამოვიდა.
საქართველოს საძირკველი უკვე ჩაყრილი და ამოსულიც არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე რთული მომენტი გადავლილი გვაქვს.
ნურავის ნუ შევაჩერებინებთ ამ მშენებლობას.
ნურავის ნუ შევაჩერებინებთ ჩვენი საუკუნოვანი ტაძრის ამოყვანას, ჩვენი მომავლის შექმნას.
ჩვენ, როგორც არასდროს, ვიქნებით ერთიანი.
ჩვენ, როგორც არასდროს, ვიქნებით მობილიზებული.
ამ დღეებში ბევრ პროვოკაციას მოგვიწყობენ და არეულობის შექმნასაც შეეცდებიან, მაგრამ ჩვენ ყოველივე ამას მშვიდად და ორგანიზებულად უნდა შევხვდეთ.
გარეშე მტრების გააფთრებულ ძალას ჩვენი მშვიდი, მაგრამ მტკიცე ძალა უნდა დავახვედროთ.
ჩვენ მშვიდი, მაგრამ შეუდრეკელი ძალა ვართ!
ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის, ეს საქართველოს გამარჯვებაა; ეს არის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მომავლის გამარჯვება.
ჩვენი გამარჯვება ეძღვნება თითოეულ თქვენგანს!
ჩვენი გამარჯვება მიეძღვნება ქართველი ერის ყველა მომავალ თაობას!
ჩვენი გამარჯვება მიეძღვნება საქართველოს ყველა კუთხეს!
ჩვენი გამარჯვება მიეძღვნება ჩვენს შვილებს!
ჩვენი გამარჯვება მიეძღვნება დიანა ღურწკაიას და ყველა მას, ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული.
ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენი გამარჯვებაც ერთობაშია.
ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთობა შეუქცევადი, მუდმივი და მარადიული იქნება.
წინ მარადიული ერთობისკენ, წინ საქართველოსკენ, წინ გამარჯვებისკენ!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური