საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გენერალურ პროკურორს და სახალხო დამცველს კანცელარიაში შეხვდა

1/31/2008

მოგესალმებით!

მე დღეს მოვიწვიე სახალხო დამცველი და ახლადდანიშნული გენერალური პროკურორი. პირველად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ჩვენ, გენერალურ პროკურორად გვყავს ახალგაზრდა ქალი და ამავდროულად კარგი იურისტი. ეს ჩემი სიამაყეა. საქართველო, ყველაფერში, როგორც წესი პირველია. მნიშვნელოვანია ასეთი ხალხის გამოჩენა, მაგრამ ამავე დროს მინდა განვაცხადო, რომ მას წინ დიდი და რთული სამუშაო აქვს შესასრულებელი. სოზარ სუბართან ერთად ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან კარგ თანამშრომლობის მექანიზმებს. მან მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვისათვის. რამდენიმე მტკივნეულ ნაწილზე ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობას. ეს არ იყო მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი კომისია, რომლის გადაწყვეტილებასაც ექნება აუცილებელი ხასიათი ყველანაირი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. თუ პროკურატურამ, ან რომელიმე საკანონმდებლო ორგანომ კანონიდან გამომდინარე აუცილებლობით გადაწყვიტა მომავალში, რომ რაღაცა ქონება არის ჩასანაცვლებელი, ჩამოსართმევი ან საკონპენსაციო, შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც სათავეში ჩავუყენებთ სახალხო დამცველს, სადაც შევიყვანთ პოლიტიკოსებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. სწორედ ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ეს არ გადაწყდება კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა, თუნდაც პროკურორების, ან სამინისტროების მიერ.

ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ფორმატების შექმნასაც მომავალში, ამაზე მოგვიანებთი მოგახსენებთ.

ამიერიდან სახალხო დამცველმა და გენერალურმა პროკურორმა უნდა იმუშაონ ძალიან მჭიდროდ იმისათვის, რათა ადამიანის ღირსების, უფლებების და პიროვნული ხელშეუხებლობის საკითხები ყველა პრინციპის დაცვით გადაწყდეს. თუკი წარსულში, ამ ორ უწყებას შორის ეჭვიანობა და კონკურენცია იყო, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენ ყველანი ერთი საზოგადოების წარმომადგენლები ვართ. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების და ასევე იმ ადამიანების დაცვაც, რომლებიც დანაშაულის გზას დაადგნენ. ყველა მათგანის ღირსება სხვადასხვა ქმედებისა და ბრალდების მიუხედავად დაცული უნდა იყოს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვყავს ახალი გენერალური პროკურორი და ძველი სახალხო დამცველი. პირველი, ვისაც პროკურორმა ხელი უნდა ჩამოართვას, ეს სახალხო დამცველია. ამიერიდან ეს უნდა იყოს ურყევი კავშირი მდევნელსა და დამცველს შორის. ორივე დამცველი უნდა გახდეს. ვფიქრობ, საკმარისი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ მოვახდინოთ ამ თანამშრომლობის კარგად ორგანიზება. საკუთრებასთან დაკავშირებით კანონს შევიტანთ პარლამენტში, სახალხო დამცველი დაამუშავებს კანონს. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომ არცერთ მესაკუთრეს იმის ილუზიაც კი არ უნდა ჰქონდეს, რომ მას ვიღაც საჯაროობის გარეშე დაჩაგრავს. ყველა ეს პროცესი იქნება კანონის ფარგლებში - სამართლიანი ნორმების დაცვით. მთავარი, რისი განცდაც უნდა იყოს საზოგადოებაში არის ის, რომ ჩვენ ვართ სამართლიანები, რომ საზოგადოებას სახელმწიფო ეპყრობა სამართლიანად. საქართველოში, ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში სამართლიანობას ვერასდროს ვერავინ ვეღარ დაარღვევს. ეს არის ძალიან მნივშნელოვანი ნაწილი ჩემი პრეზიდენტობის, განსაკურებით კი, მეორე ვადის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური