უწინარეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ ყველას!
მსურს მოგილოცოთ ის დიდი პატივი, რომელიც გუშინ საქართველოს პარლამენტმა დაგდოთ.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უდიდესი მხარდაჭერა გქონდათ, ამავდროულად ეს არის ძალა იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშაოს.
ბოლო ხანებში ეს, ალბათ, საქართველოს მთავრობის ყველაზე ფუნდამენტური განახლება.
გამოცდილებითა და ასაკით ეს ყველაზე წარმომადგენლობითი მთავრობაა.
ეს არის მთავრობა, რომელიც პროფესიული ნიშნითაა შერჩეული და არა მეგობრული, პარტიული ან რაიმე სხვა ნიშნით.
ეს არის მთავრობა, რომლის მიზანია გააგრძელოს ის დადებითი ტენდენციები, რომელიც საქართველოში იყო და აღმოფხვრას ის ნაკლოვანებები, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი ამოცანა და ამ მთავრობის მანდატი არის იმ გეგმის ამუშავება, რომელსაც "საქართველო სიღარიბის გარეშე" ჰქვია.
პირველი შედეგების 50 დღის განმავლობაში უნდა დავდოთ.
ჩვენ არ მოველით თქვენგან, რომ სიღარიბეს აღმოვფხვრით 50 დღეში - რა თქმა უნდა ეს არარეალური დაპირება იქნებოდა.
თქვენ უნდა დაანახოთ ჩვენს საზოგადოებრიობასა და ხალხს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სიღარიბის დასაძლევად პირველი რეალური ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია.
ეს ძალიან ბევრ საკითხს შეეხება, მაგალითად, გაზაფხულზე სასოფლო სამუშაოების მომზადება - სოფელი ჩვენი სამთავრობო პროგრამის ფუნდამეტია და მოსავლისთვის მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, სადაც საჭიროა ხალხს საწვავით დავეხმაროთ, სადაც აუცილებელი და უფრო მნიშვნელოვანია - გვარჯილითა და სხვა სასუქებით, უნდა ავამუშავოთ ტექნიკური სატრაქტორო სადგურები ემ-ტე-ეს-ების ახალი სისტემა, ამ სისტემის ამუშავება სამართლიანად უნდა დავიწყოთ და ეტაპობრივად გავაძლიეროთ კიდეც.
ამ პროგრამის ფარგლებში უნდა განვახორციელოთ ინფრასრტრუქტურული პროექტები - სოფლების სრული გაზიფიკაცია, გზების აღდგენა, ამბულატორიების მშენებლობა და სოფლად ექიმების ჩაყვანა.
ამ მიმართულებით ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.
ასევე უნდა მოვამზადოთ საფუძველი, რომ გაზაფხულზე საქართველოში პენსიის შემდგომი ზრდა დაიწყოს.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.
მახარებს ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრომ დეკემბერსა და იანვარში, გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით, გეგმას გადააჭარბა.
ეს იმას ნიშნავს, რომ რთული საარჩენო პერიოდისა და საქართველოში დესტაბილიზაციის გააფთრებული მცდელობების მიუხედავად, სახელმწიფო აპარატმა ძალზე გამართულად იმუშავა.
ეს ტენდენცია კვლავაც უნდა გაგრძელდეს.
დამატებითი ფული სოციალური მიზნების მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ, რაც გულისხმობს პენსიების ზრდისა და სოციალური პროგრამების გაგრძელებას.
ამავე დროს, მინდა ვთხოვო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს, რომ აუცილებლად, კიდევ ერთხელ დააზუსტოს სოციალურად დაუცველ პირთა სიები.
თავად მივლია რეგიონებში და ვიცი, რომ ამ კატეგორიის ხალხი აღნიშნულ სიებში არასრულადაა წარმოდგენილი.
მათი რაოდენობა და ვინაობა უნდა დაზუსტდეს, რაც დიდი სამუშაოს შესრულებას მოითხოვს.
ჩვენ ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ ის, რაც გვაქვს, საზოგადოების ყველაზე დაუცველი ნაწილისკენ უნდა მივმართოთ.
მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ მთავრობაში ხშირი ცვლილებების გამო წარსულში არც თუ იშვიათად გვაკრიტიკებდნენ.
მართლაც 2004 წლიდან მთავრობის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა, შემდეგ ის სტაბილური გახდა, მაგრამ ახლა მთავრობა ისევ ფუნდამენტურად განვაახლეთ.
წინა მთავრობის ყველა წევრის მადლობელი ვარ - მათ მიმართ ფუნდამენტური შენიშვნები და პიროვნული პრობლემები არა გვაქვს.
განახლება მუდმივად არის საჭირო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ხშირად ცვლილებები ხდებოდა იმის გამო, რომ არ გვქონდა ისეთი შედეგები, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა.
დღეს გვყავს შედეგზე ორიენტირებული მთავრობა.
თუ მივიღებთ სასურველ შედეგს, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ თუ შედეგები არ გვექნება, არც მეგობრობა, არც ახლობლობა და არც რაიმე სხვა ნიშანი მისცემს ვინმეს წინსვლის ან ადგილის შენარჩუნების გარანტიას.
ამ მთავრობის ყველა წევრი ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე.
ამიტომ ხშირად უნდა დავსვათ კითხვა - რა ნიშნით შეიცვალა მთავრობა ან ესა თუ ის მინისტრი.
ზოგმა გადაინაცვლა ერთი ადგილიდან მეორეზე, რადგან ერთობლივი შეთანხმებით მივიჩნიეთ, რომ მისი მუშაობა სხვა ადგილზე უფრო ნაყოფიერი იქნება.
ზოგიერთი წევრი შეიცვალა იმის გამო, რომ, უმეტეს შემთხვევაში, მთავრობის ამა თუ იმ წარმომადგენლისაგან მოსალოდნელი შედეგი ვერ დავინახეთ.
შედეგი არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც მთავრობის წევრები უნდა განვსაჯოთ.
ქვეყანას დამოუკიდებელი ადამიანებით დაკომპლექტებული მთავრობა სჭირდება.
სახელმწიფო მართვაში არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, მით უმეტეს, მას არ ფლობს არც პრეზიდენტი და არც პრემიერ მინისტრი.
მე ვაფასებ მთავრობის იმ წევრებს, რომლებსაც შეუძლიათ კამათი, საკუთარი აზრის დაცვა, დამოუკიდებელი პოზიციის დაკავება, თუ რა თქმა უნდა, ეს პოზიცია პატრიოტიზმს, საქმის ზუსტ ცოდნასა და საკითხების სიღრმისეულ გააზრებას ემყარება.
ამ მხრივ ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ.
მე არ მჭირდება მთავრობა, რომელიც იტყვის მხოლოდ: "არის, ბატონო პრეზიდენტო!"
მე მჭირდება მთავრობა, რომელიც შეტანილ საკითხებს განიხილავს, შესაძლოა დაგვეთანხმოს, შესაძლოა არა; შესაძლოა ვიკამათოთ კიდეც, დავასაბუთოთ პოზიციები, მაგრამ ყველა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიუდგეს საკითხს და არა სხვა რაიმე ლოიალური მოსაზრებიდან გამომდინარე.
ვფიქრობ, ახალ მთავრობაში ზუსტად ასეთი ხალხი მოხვედით.
ამ მთავრობის დაკომლექტების და შერჩევის დროს, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.
საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი გვჭირდება.
მე არ მოვითმენ მინისტრებს, გამგებლებს, გუბერნატორებს, რომლებიც ადგილზე არ არიან ნამყოფი და ხალხის თუნდაც ელემენტარულ პრობლემებს არ იცნობენ.
თქვენ არ ხართ კორპორაციის ხელმძღვანელები, რომლებიც ბირჟაზე თამაშობენ და ბირჟის მეშვეობით მართავენ საქმეს.
თქვენ არც უბრალო მენეჯერები ხართ - თქვენ ხართ ხალხის მიერ დანიშნული მმართველები, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან ხალხთან და მიღწეული შედეგების დემონსტრირებას არა ზოგადად რაღაცის, არამედ ხალხის წინაშე ახდენენ.
ჩვენ მაღალი რეიტინგი გვაქვს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ საბოლოოდ, ხალხი განგვსჯის არა ამ კრიტერიუმით, არა უბრალოდ იმ ნიშნით, რომ კორუფცია აღარ არის საქართველოში, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ისტორიული მიღწევაა, არამედ თითოეულ სახლში პურზე გადასმული კარაქის რაოდენობით, საკუთარი შვილებისთვის სწავლა-განათლების შესაძლებლობის, ოჯახის დაუცველ წევრთა მაქსიმალური დაცვისა და ცხოვრების ნორმალური პირობების უზრუნველყოფის მიხედვით.
ეს არის ნებისმიერი მთავრობის საბოლოო საზომი და სწორედ ამ საზომით იხელმძღვანელებს ქართული საზოგადოებრიობა.
ჩვენ გვინდა გულისხმიერი, აქტიური, დაუღალავი მთავრობა, რომელსაც არ ექნება უქმე დღეები და მოდუნების საშუალება.
ხალხი ჩვენგან ელის კიდევ უფრო ენერგიულ, აქტიურ, ქმედით მუშაობას და ამ მუშაობის სათანადო შედეგებს.
ამიტომ, მსურს გისურვოთ წარმატება.
თქვენს მუშაობაში მეც ბევრად უფრო ინტენსიურად მივიღებ მონაწილეობას.
გმადლობთ!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური