საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 31-ე ქარხნის პერსონალს შეხვდა

5/18/2008

მოგესალმებით ყველას!

მინდა გამოვხატო აღფრთოვანება და მოწიწება.

მსურს დიდი მადლობა გითხრათ იმ სასწაულისთვის, რაც აქ ვნახე - ეს არც ფანტაზიაა და აღარც ქაღადზე შედგენილი გეგმა.

ეს არის პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გავა.

საქართველო საბჭოთა პერიოდში იყო ქვეყანა, რომელიც აწარმოებდა ავტომანქანა "კოლხიდას", რომელიც ქუჩის კუთხემდეც ვერ აღწევდა.

ეს იყო ჩვენი ექსპორტი, შემდეგ ჩვენ ვიქეცით ქვეყნად, რომლის მთავარი ექსპორტი 2005 წლამდე იყო ჯართი.

ამ ქვეყნიდან ჩვენ შევქმენით სახელმწიფო, რომლის მთავარი ექსპორტი უახლოეს წლებში თვითმფრინავები იქნება.

ეს არის ქართველი ხალხის, ქართველი ინჟინრების, თქვენნაირი სპეციალისტების გენიალური მოქმედების პირდაპირი შედეგი.

უახლოეს პერიოდში ასობით ასეთ თვითმფრინავს გამოვუშვებთ.

ეს უზარმაზარი ბაზარია, მაგრამ ამას თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები თუ უშვებენ მსოფლიოში.

თვითმფრინავებს მხოლოდ ისეთი დიდი ქვეყნები უშვებენ, როგორიცაა ბრაზიალია, ამერიკა; ასევე ის ქვეყნები, რომლებსაც ბევრი ქარხანა, ტექნოლოგიები, დიდი გამოცდილება აქვთ და მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავთ.

მსოფლიოს არც ერთი 5-მილიონიანი ქვეყანა ბიზნესჯეტებს არ აწარმოებს, არასოდეს არ აწარმოებდა და კიდევ დიდი ხანს ვერ გამოუშვებს.

ეს მხოლოდ საქართველოში გახდა შესაძლებელი, ეს მოახერხეთ თქვენ.

ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა მსოფლიო ბაზარზე.

ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, არც სხვა ბუნებრივი სიმდიდრეები გვაქვს დიდი რაოდენობით.

ჩვენი მთავარი სიმდიდრე ხართ თქვენ - ჩვენი ხალხი, ჩვენი სპეციალისტები.

ამიტომ, ჩვენი მთავარი ინვესტიცია ამ სპეციალისტების შენარჩუნების, წახალისებისა და ახალი სპეციალისტების მომზადების ინვესტიცია უნდა იყოს.

იმის პარალელურად, რასაც თქვენ აკეთებთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავდოთ რამდენიმე ასეული მილიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციაში, ახალი შენობებისა და აუდიტორიების მშენებლობასა და რაც მთავარია ხალხის მატერიალურ წახალისებასა და ადამიანების მომზადებაში.

უნდა გავაძლიეროთ ის საინჟინრო სკოლა, რომელიც საქართველოს ჰქონდა; უნდა გავაძლიეროთ, ჩვენი ინტელექტუალური სკოლა, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს.

ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, შესაძლოა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოს,

90-იან წლების დასაწყისში საქართველოში მეცნიერებასა და სპეციალისტებს უზარმაზარი ზიანი მიადგა, რადგან ქვეყნიდან წავიდნენ და, პრაქტიკულად, დავკარგეთ საუკეთესო სპეციალისტები.

ბატონმა პანტიკო თორდიამ სასწაული მოახდინა შეუძლებელ ვითარებაში.

2004 წელს საქართველოში თვითმფრინავის გამომშვები კი არა, გზის დამგები აღარ იყო.

ყველა გზის დამგები წასული იყო კავკასიის სხვა რეგიონებსა და რუსეთში.

მეტროს მშენებელი აღარ გვყავს და იმისათვის, რომ საქართველოში მეტროს მშენებლობა გავაგრძელოთ, სხვადასხვა სტიმულებით ვაბრუნებთ მათ.

ჩვენ მეტრომშენებლების მეშვეობით, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსკოვის მეტროს აშენებდნენ, ახალ სპეციალისტებსაც ვამზადებთ.

დავკარგეთ ყველაზე საუკეთესო იჟინრები.

ჩვენ დავკარგეთ მეცნიერები, რომლებიც სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობდნენ, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა, ზოგი შიმშილობდა, ზოგმა კი კვალიფიკაცია დაკარგა იმის გამო, რომ მათ დარგებში ფული არ იდებოდა.

ჩვენ გვყავდა ფიზიკის, ქიმიის განხრით და სხვა ფუნდამენტური მეცნიერებების საუკეთესო კადრები.

მათი ნაწილი დღესაც გვყავს და ამ კადრების გადარჩენა, შენარჩუნება და მათ მიერ სხვა ახალი კადრების მომზადება ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.

მეცნიერებაში ინვესტიციის დაფინანსების სამჯერ-ოთხჯერ გაზრდას ვვარაუდობ და ეს არა 5 წელიწადში, არამედ ამ წლის მეორე ნახევრიდან და მომავალი წლიდან უნდა გავაკეთოთ.

მკვეთრად უნდა გავზარდოთ ახალგაზრდა კადრების წახალისება, რათა ისინი მეცნიერებაში წავიდნენ.

მკვეთრად უნდა გავზარდოთ პედაგოგთა ანაზღაურება და უცხოეთში გასაგზავნი კადრების დაფინანსება.

პირველ წელს უცხოეთში სასწავლებლად, ძირითადად, ვაგზავნიდით კადრებს, რომლებიც სახელმწიფო მართვასა და იურისპრუდენციას ეუფლებოდნენ.

ახლა ვაგზავნით ინჟინრებს, მშენებლებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი პლუსი არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენება, განვითარებული ინფრასტრუქტურა, მაღალი ტექნოლოგიები და ინტელექტი.

ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პლუსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ჩავდეთ რამდენიმე ასეული მილიონი, რათა სარწყავი სისტემა წელს უკვე მივიდეს იმ დონემდე, ამუშავდეს იმდენი სარწყავი არხი და მოირწყას იმდენი მიწა, რამდენიც კომუნისტების საუკეთესო წლებში, მაგალითად, 1988 წელს.

მომავალი წლიდან ამას კდევ გავზრდით.

უკვე წელს, საქართველოში გაზიფიკაცია უფრო შორს წავიდა, ვიდრე ეს იყო კომუნისტების დროს.

საქართველოში გაზი შევა უფრო მეტ ადგილას, ვიდრე საბჭოთა პერიოდში.

მაგალითად, დღეს ამბროლაურში ავანთე ბუნებრივი გაზი, რომელიც რაჭაში პრაქტიკულად არასდროს არ ყოფილა.

ბათუმში იწყება დიდი გაზიფიკაციის პროცესი.

კომუნისტების დროს ბათუმში არა მარტო გაზი არ იყო, არამედ წყალსადენიც.

ბოლო წყალსადენი ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს გაკეთდა. თქვენთან ერთად ბოლო ხანებში ისეთ რამეებს ვაკეთებთ, რაც არასდროს არ გაკეთებულა.

გუშინ ახალი ქართული პორტი გავხსენით.

ბოლო პორტი საქართველოში მე-19 საუკუნის დამლევს გაიხსნა და ეს იყო ფოთში. ბათუმის პორტიც, დაახლოებით, მაგ დროს ამუშავდა.

ინფრასტრუქტურული პროექტებით შევდივართ იქ, სადაც არასდროს არაფერი არ გაკეთებულა.

დღეს ქუთაისში დავიწყეთ ახალი აეროპორტის მშენებლობა და ეს იქნება ყველაზე დიდი აეროპორტი ამიერკავკასიაში, რომელიც მოემსახურება ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, რომელიც ავტობანით ქუთაისს, ფოთს და, რა თქმა უნდა, თბილისს შეუერთდება.

ამ მიმართულებით ბევრად მეტი მუშაობა გვჭირდება.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი, თანაც მსოფლიოში ეკონომიკური შტორმია.

ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში კრედიტის მიღება სულ უფრო გაძნელდა, მსოფლიოში საწვავის ფასი ყოველდღიურად მატულობს და ამბობენ, რომ ორ წელიწადში გაორმაგდება კიდეც.

ჩვენ ამ ეკონომიკურ შტორმში გამოუცდელი ნავით ვართ.

ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ ეკიპაჟი იყოს შეკრული, რათა ეს ნავი მგზავრებთან ერთად გაიყვანოს სამშვიდობოს.

ამას, უპირველეს ყოვლისა, ჭკუა და ინტელექტი სჭირდება, ამით ვაჯობებთ კიდეც ყველას - ჩვენ სხვა არაფრის ექსპორტი არ შეგვიძლია გვქონდეს.

ჟენევაში მიწის ქვეშ შენდება უზარმაზარი ლოგისტიკური სამეცნიერო ცენტრი. მისი ერთ-ერთი მთავარი სექტორის მშენებლები ქართველი მეცნიერები არიან.

ამერიკაში ყოფნისას შევხვდი იქ მომუშავე ქართველ მეცნიერებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ნოვაციებს ნერგავენ.

ქართველ მეცნიერებს აქვთ არა მარტო იმის გამეორების უნარი რასაც სხვა ქმნის, არამედ ახლის შექმნისაც.

მინდა შეგახსენოთ, რომ იმ რაკეტების საგრძნობი ნაწილი, რომლითაც რუსეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლოდ გვემუქრება, ქართველი კონსტრუქტორების შექმნილია.

სერგო ბერია იყო ყველაზე მთავარი სარაკეტო ინსტიტუტის დირექტორი რუსეთში; აკადემიკოსმა ნადირაძემ შექმნა ის ტექნოლოგიები, რომლებსაც ეფუძნება "ისკანდერი" და სხვა ზუსტი დამიზნების რაკეტები და რომლებიც, სხვათა შორის საქართველოს საზღვრებს მოაყენეს; მარშალმა გელოვანმა საბჭოთა არმიის მთელი რიგი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური საკითხები შექმნა; ქართველი მეცნიერების მიერ კიდევ უამრავი სხვა იარაღია შექმნილი; ამერიკაში იყო ძალიან ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ქართველიშვილი და უამრავი სხვა...

ისინი ქართველები იყვნენ და ქართველებს ამის კეთების უნარი ჰქონდათ - ე.ი. ეს ჩვენ სისხლში გვაქვს და გვაქვს უნარი იყოს.

ამას წინათ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ევროპის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი ოტო ჰაბსბურგი მიყვებოდა, რომ მორენგოს ბრძოლა რესპუბლიკელების წინააღმდეგ ესპანეთში მოიგეს ქართველმა ოფიცრებმა - გენერალმა ამილახვარმა და 15-მა ქართველმა ოფიცერმა, რომლებიც ამ ომში ესპანელებს ხელმძღვანელობდნენ.

პოლონეთი ბოლშევიკებისგან ქართველებმა გადაარჩინეს.

მაგრამ ისინი იყვნენ ქართველები, რომლებიც იბრძოდნენ შაჰისთვის, რუსეთისთვის, მამლუქებისთვის, პოლონელებისთვის, ესპანელებისთვის, მაგრამ დღეს ქართველებმა შექმნეს ჯარი საქართველოსთვის და იცავენ საქართველოს.

ასევეა ქართველი ინჟინრები და საქართველოს სამეცნიერო კადრები.

ქართველი ინჟინრებმა, რომლებმაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი, ახლა ნიჭი და უნარი საქართველოს კეთილდღეობას უნდა მოახმარონ.

ჩვენი რეალური შემოსავალი მკვეთრად უნდა გაიზარდოს.

ცხოვრება ძვირდება - იზრდება ყველა პროდუქტის ფასი და ეს არის მსოფლიო პროცესი. ამასთან შეჯიბრი მხოლოდ უკეთესი მწარმოებლობით არის შესაძლებელი.

ჩვენი სოფლის მეურნეობა სამჯერ უფრო პროდუქტიული უნდა გახდეს.

ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში თითქმის სამჯერ გაიზარდა, მაგრამ მსოფლიოში გაიზარდა ასევე ფასები, ბევრი რამის გაკეთება გაჭირდა.

ამიტომ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა განვვითარდეთ და ამის უნარი გვაქვს.

რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს მიუხედავად, შარშან 13-პროცენტიანი ზრდა გვქონდა.

რუსეთმა გამოაცხადა, რომ ჩვენ პროდუქციას საკუთარ ბაზარზე უშვებს, რაც მისასალმებელია, მაგრამ გარწმუნებთ, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვიღაცას გული მოულბა, არამედ იმიტომ, რომ ყველა პროგნოზის მიუხედავად, საქართველო არ დაინგრა, არ დაიშალა და შიმშილით არ მოკვდა.

საქართველომ მოახერხა შემობრუნება - ღვინოსაც მთლიანად ვყიდით ყველგან, ოღონდ ბევრად უფრო მეტ ფასში უნდა ჩავიბაროთ ჩვენი გლეხებისგან; სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციითაც შევედით ყველგან და აი, ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ თვითმფრინავების წარმოება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული ეკონომიკური, საბაჟო და მათ შორის პოლიტიკური პირობები შეიქმნა, თბილისის ავიაციის ქარხანა ერთი დღეც არ გაჩერებულა, ე.ი. შეგვძლებია სასწაულების მოხდენა.

დღეს ქუთაისში აეროპორტის მშენებლობის დაწყებაზე ვიყავი და იქ ვამბობდი, რომ ბევრი რამ, რაც ახლა კეთდება, არასდროს არ გაკეთებულა.

რა მოხდებოდა, რომ კომუნისტებს, რომლებსაც ვითომ, ამდენი ფული ჰქონდათ, წყალსადენი გაეკეთებინათ? ბათუმიც ასეა, არის სხვა ქალაქები, სადაც არასდროს არაფერი არ გაკეთებულა.

როდესაც სრულ დასაქმებაზე ვლაპარაკობ, ეს მითიური რამ არ არის.

როდესაც რამდენიმე წლის წინათ ტყიბულში ჩავედი, არ მეგონა თუ იქ რამის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, არადა, იქ არა მხოლოდ მაღაროები ამუშავდა, არამედ შაორის პროექტის ფარგლებში მთელი რაჭისა და მთელი ტყიბულის დასაქმებაა შესაძლებელი.

დღეს გადავუფრინე შაორს და ვნახე, რომ სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

დღეს, როდესაც ჭიათურაზე ვლაპარაკობ, უნდა ვთქვა, რომ ორ წელიწადში ჭიათურაში უმუშევარი აღარავინ არ იქნება.

ის ჭიათურელი, რომელიც იქიდან წამოვიდა და ელიავას ბაზრობასთან ან სხვა ადგილზე ეძებს სამუშაოს უნდა დაბრუნდეს და საკუთარი ქალაქი ააღორძინოს.

ჩვენი პრესტიჟის საკითხია, რომ ჭიათურა სრული დასაქმების ქალაქი გახდეს.

როგორ შეიძლება, რომ ბორჯომში იყვნენ უმუშევრები?

დასახლება ბორჯომი მთელმა მსოფლიომ იცის - არის ბადენ-ბადენი, კარლოვივარი, მინერალური წყლები რუსეთში, ბორჯომი და წყალტუბო.

როგორ შეიძლება, რომ ამ ორ ქალაქში არ ცხოვრობდეს მდიდარი ხალხი? მდიდარი არის ის, ვისაც საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვები, სამკურნალო, შვილებისთვის კარგი განათლების მისაცემი, სახლის ასაშენებელი, კურორტზე წასასვლელი ფული აქვს და ყოველდღიური პრობლემები არ აწუხებს.

დღეს ჩვენი მოქალაქეების უმეტესობის ყოველდღიური ცხოვრება არსებოსისათვის ბრძოლაა.

ეს უნდა შევცვალოთ.

რა თქმა უნდა, არის უზარმაზარი გაჭირვება, მართალია ამ 4 წელიწადში სოციალურად გაჭირვებულ ადამიანთა ნაწილს პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოეხსნა და ისეთ სიღარიბეში აღარ ცხოვრობს, როგორც ადრე, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც პირობები გაუუარესდა.

ამ ხალხის ამოყვანა სიღარიბიდან - ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს.

ამის მიღწევა მხოლოდ ბევრი და კიდევ უფრო მეტი შრომით არის შესაძლებელი.

ყველას, ვისაც მუშაობის სურვილი აქვს და შეუძლია იმუშაოს, უნდა მუშაობდეს.

ყველას, ვისაც აქვს მუშაობის სურვილი, მაგრამ არა აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, უნდა გადავამზადოთ, ვასწავლოთ და მივცეთ სამუშაო.

მაგალითად, გუშინ ფოთში ვიყავი, სადაც პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნა.

ფოთის ზონაში მუშა-ხელს ოქროს ფასი ექნება, მაგრამ ახალგაზრდებს, რომლებსაც არა აქვთ შრომის გამოცდილება, მინიმალური ცოდნა ჩვენ, სახელმწიფომ უნდა მივცეთ.

ჩვენ უნდა შევიყვანოთ გზები, გაზი, ელექტროენერგია იქ, სადაც ეს არ არის, უნდა შევქმნათ მიმზიდველი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო კომუნიკაციები უნდა გავიყვანოთ, დანარჩენს კერძო ბიზნესი გააკეთებს.

ამ ქარხანამ ურთულეს პირობებში შეძლო, პრაკტიკულად აკრობატიკით, ბიზნესის აწყობა და უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა.

ჩვენი ამოცანაა ჩვენი მეცნიერების ფეხზე დაყენება.

ხომ ყველა ვამაყობთ ჩვენი მეცნიერები რომ წარმატებებს აღწევენ მთელი მსოფლიოში?

პირადად მე წარმოშობით ვარ სოფლიდან, რომლის 30 კომლიდან არის მეცნიერების აკადემიის 15-მდე ნამდვილი წევრი და წევრ-კორესპონდენტი - აკადემიკოსი ანდრია ბიწაძე, ალექსანდრე წერეთელი, თინათინ წერეთელი და სხვა...

ასეთი სოფლები არის დღეს საქართველოში და ასეთი ხალხი გვყავს ჩვენ!

საქართველოს ყველა სოფელში ბიბლიოთეკებს ვაწყობთ.

დღეს ვნახე როგორ ენთუზიაზმს იწვევს რაჭაში ის, რომ მათ სოფლებში იხსნება ბიბლიოთეკები და შედის წიგნები.

დღეს იქ ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი და მოკავშირე ერთი-ორი დეპუტატი, რომლებმაც მითხრეს, რომ არც შემოყვანილ გზებს, არც დიზელის საწვავისა და სასუქის დარიგებას, გაზიც შემოყავთ ახლა, არ გამოუწვევია ისეთი ენთუზიაზმი, როგორც წიგნების შეტანას სოფლის ბიბლიოთეკებში.

ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ხალხი, განსაკუთრებულად ნიჭიერი, ინტელექტუალური და ცოდნის შეძენაზეა ორიენტირებული.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქარხნის კოლექტივი არის მრავალეთნიკური.

ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები მასიურად ტოვებდნენ საქართველოს.

ეს დღესაც დიდი პრობლემაა და გამიხარდება, თუ არა მარტო ქართველები, არამედ ყველა, ვისაც საქართველო უყვარს, თავს ამ მიწის შვილად და ქართველად მიიჩნევს, დაბრუნდება საქართველოში, როგორი ეთნიკური წარმომავლობაც არ უნდა ჰქონდეს მას და რა ენაზეც არ უნდა მეტყველებდეს ის.

ეს ხალხი ჩვენი სიამაყეა და ამ ხალხის მიღწევებიც საქართველოს მიღწევებად უნდა ვაქციოდ.

ჩემი პრეზიდენტობის დროს ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა და ასობით ათასი ადამიანი მინახავს ისრაელში, საბერძნეთში, ბალტიისპირეთში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში - ეს ჩვენი ხალხია, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს.

რამდენი სპეციალისტია ამ ქარხნიდან წასული.

ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს ისრაელთან.

არასდროს არ დამავიწყდება, როდესაც ისრაელში ყოფნისას სამხედრო კომპლექსის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საწარმოში ქართული ლაპარაკი გავიგე.

აღმოჩნდა, რომ საქართველოდან წასული 30-მდე სპეციალისტი მუშაობდა იქ და საწარმოსთვის სწორედ ისინი ადგენდნენ პროექტებს, რადგან ისრაელში ამ კვალიფიკაციის ადამიანები არ აღმოაჩდათ.

მაშინ მე ჩემ თავს დავპირდი, რომ საქართველოში ეს არასდროს აღარ მოხდება.

ჩამოვიდნენ ყველა ქვეყნიდან და იმუშაონ საქართველოში, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ქართველ სპეციალისტებს სხვა ქვეყანაში წასვლა და მუშაობა აღარ მოუნდეთ.

მიმაჩნია, რომ სხვა ქვეყნისთვის მუშაობა სამშობლოდან შორს მყოფისთვის დროის ფუჭად ხარჯვაა.

მართალია ისინი კვალიფიკაციას იმაღლებენ, რა თქმა უნდა, საკუთარ ოჯახებს ეხმარებიან, ამის არდანახვა არ შეიძლება და მადლობას იმსახურებენ, მაგრამ მათი მთავარი მოვალეობა აქ დაბრუნება და საკუთარი ქვეყნისთვის სამსახურია.

განვითარებასთან ერთად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

ჩვენ შევქმენით სოციალური დაცვის სისტემა, მაგრამ ამ მხრივ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.

სოციალური მუშაკები გაჭირვებულ ადამიანებს, ზოგჯერ ამ სტატუსს არ ანიჭებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ტელევიზორი, გარნიტური ან სკამი აქვთ, მაგრამ მათ ეს ყველაფერი 70-80-იან წლებში შეიძინეს.

მათ შეიძლება სახლში ბევრი რამ ჰქონდეთ, მაგრამ ყოველდღიური პური ფული არ ჰქონდეთ.

ამიტომ, სოციალურ მუშაკებს ვაძლევთ ინსტუქციას, რომ ადამიანების მდგომარეობა მათი ქონების მიხედვით კი არა, ყოველდღიური შემოსავლის მიხედვით შეაფასონ.

თუ ვინმეს შემოსავალი არა აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის მათ გაუჩნდეს.

მომავალ წელს პენსია 100 დოლარის ექვივალენტი იქნება, მაგრამ ეს არაფერი არ არის, თუ საპენსიო პაკეტში არ შევა უფასო ჯანდაცვა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება; თუ ბავშვებს განათლების მიღების საშუალება არ ექნებათ - დღეს მარტო წიგნები ღირს იმდენი, რომ მხოლოდ ამისთვის დაიხარჯება ოჯახის ბიუჯეტის ნახევარი.

ჩვენ უნდა ავაწყოთ ბევრად უფრო მოქნილი სისტემა.

იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ გააკეთოს რომელიმე გამომცემლობამ ფული - ჩვენ წიგნებს ბობლიოთეკებისთვის ვყიდულობთ და გამომცემლებს ამის საშუალება გაუჩნდებათ, მთავარი ისაა, რომ მშობლებს ბავშვების სკოლაში გაშვება გაუადვილდეთ.

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სკოლების ავტომატური გამსხვილება და ერთმანეთთან შეერთება, რადგან თუნდაც ორი კილომეტრის გავლა ტალახში - ასეთი ადგილები კი არის, სადაც ჯერ გზა არ გაგვიკეთებია - ბავშვებისთვის იმდენად დიდი სტრესია, რომ შეიძლება მშობელმა სკოლიდანაც კი გამოიყვანოს ბავშვი და ასეთი შემთხვევებიც არის.

ჩვენ ვერ დავზოგავთ ფულს სკოლებსა და საბავშვო ბაღების ხარჯზე.

ამიტომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების კონსოლიდაცია შევაჩერებინე.

ჩვენ გვჭირდება არა ნაკლები, არამედ მეტი საბავშვო ბაღები.

ჩვენ შევაჩერებინეთ ამბულატორიების დახურვა და ახლა დიდ და პატარა სოფლებში ვხსნით ამბულატორიებს.

ჩვენ ყველა დიდ და პატარა სოფელში ვხსნით ბიბლიოთეკას.

ყველა დიდ და პატარა სოფელში უნდა იყოს აგრონომი, მექანიკოსი, რომლებიც დაეხმარებიან სოფლის მცხოვრებლებს ინტენსიური სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ტექნიკის გამოყენებაში.

ერთი სიტყვით, საქართველო უნდა გახდეს განვითარებული ქვეყანა.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი კლიშე იყო ასეთი - საქართველოს გამოუცდელი მთავრობა მართავს. საქართველო არის პატარა ქვეყანაა რუსეთის საზღვართან, ყოფილი საბჭოთა ქვეყანა - გაღატაკებული, დანგრეული, კორუფციით მოცული.

ნებისმიერ გაზეთში ეს ეწერა.

ამას ვეღარავინ ვერ წერს და ვერც ვერასოდეს დაწერს.

კორუფცია საქართველოში არ არის.

მაგალითად გუშინ ფოთში გადამზადების ცენტრში სტუდენტს ასწავლიდნენ ბიზნესგეგმის შედგენას რესტორნის მაგალითზე.

4 წლის წინათ ამის სწავლას აზრი არ ჰქონდა, რადგან შემოიტანდი პროდუქციას და გაგიჩერებდნენ საბაჟოზე, გახსნიდი რესტორანს და სანეპიდსადგური დაგიხურავდა, ყველა პოლიციელი ქრთამს გთხოვდა, ბანკში კრედიტის აღების დროსაც ქრთამს ითხოვდნენ და ვერანაირი დათვლით ბიზნესს ვერ აწარმოებდი.

დღეს ეს ასე აღარ არის, ხალხს საქმის კეთების საშუალება მივეცით, ყველამ იცის, რომ ხელოვნურად ხელს აღარავინ არ შეუშლის, პირიქით კრედიტებსაც კი ვაძლევთ საამისოდ.

თავისუფლება ამას ქმნის.

იაფი კრედიტით ჩვენ უნდა მოვიცვათ მთელი საქართველო.

ხალხის მომზადება საჭიროა ყველა დონეზე და ძალიან დიდი რაოდენობით.

როცა ეს იქნება, სიღარიბე ავტომატურად გაქრება.

დღეს ყველა ამბობს, რომ საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა.

გავერანებული, გაღატაკებული, უპერსპექტივო ქვეყნიდან, შევქმენით სახელმწიფო, რომელსაც აქვს მზარდი ეკონომიკა. მაგრამ მინდა, ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე - ოთხწელიწადნახევრის შემდეგ, ყველამ თქვას, რომ საქართველო არის არა მარტო მზარდი ეკონომიკის მქონე და სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, არამედ მდიდარი და წარმატებული ქვეყანა.

ამ თვითმფრინავებს ჩვენ ვაწარმოებთ უცხოელებისთვის, მაგრამ, მინდა, რომ ხუთი წლის შემდეგ ქართველების მინიმუმ 10 პროცენტს ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ თუნდაც პატარა თვითმფრინავები იყიდონ.

ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენს ლამაზ ქვეყანას ზემოდან გადავხედავთ.

დღეს, როდესაც ქართველების უმეტესობას პურის ფული არა აქვს, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია და შესაძლოა, მკრეხელობადაც მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ და იმ დონესაც მივაღწევთ, როდესაც ამ თვითმფრინავებით იფრენს საზოგადოების საგრძნობი ნაწილი.

აი, ეს არის ჩვენი ამოცანა.

ბედნიერება იქნება ის, რომ საქართველოში თვითმფრინავები იქნება ქართული; გზები იქნება საუკეთესო; მაგალითად, ისეთი ავტობანი, როგორსაც ვაშენებთ, რუსეთში არ არის; აეროპორტები გვექნება ყველაზე კარგი და მათ უკვე ვაშენებთ - დღეს გავხენით ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ამიერკავკასიაში საუკეთესო იქნება.

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამიერკავკასიაშიც და ევროპაშიც ყველაზე კარგი აეროპორტი სოხუმში ბაბუშერას აეროპორტი იქნება.

ამაში აბსოლუტურად დაწმუნებული ვარ და დიდი ხანია ამასთან დაკავშირებით, ჩემი გეგმები და მოსაზრებები მაქვს.

ასე რომ, ყოველივე ამასთან ერთად მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ დიდი მადლობა.

დღეს მე მთელი საქართველო მოვიარე.

ვიყავი რაჭაში, სადაც ლაპარაკი იმაზე, რომ თვითმფრინავით ვიფრენთ მალე, ცოტა უხერხულია, რადგან ამრეგიონში ხალხი, ჯერ-ჯერობით, ყოველდღიურად იბრძვის არსებობისათვის.

თუმცა აეროპორტს იქაც ვაკეთებთ და სამგზავრო თვითმფრინავებს იქაც დავნიშნავთ.

რაჭაში ყველაფერი იძვრის და საქმე წინ მიდის, ტრაქტორები მუშაობენ მთელ გზაზე; მოიხნა ადგილები, რომლებიც არასდროს არ დაუმუშავებიათ, შაორზე შენდება პატრიოტთა ბანაკი, ვიწყებთ სასტუმროების მშენებლობას, ონსა და შოვში მიმდინარეობს წყალკანალიზაციის რეაბილიტაციის სამუშაოები.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამეგრელოში ვიყავი და იქაც ბევრი რამ კეთდება - ფოთის ეკონომიკური ზონა; რკინიგზის ახალი - 16-კილომეტრიანი ზოლი, რომელიც ყულევზე აშენდა; ავტობანი, რომელსაც დავიწყებთ ფოთიდან, რადგან ფოთში უზარმაზარი სადგური შენდება და შეუერთდება კოპიტნარის აეროპორტს.

ნახეთ როგორ შეიცვალა ზუგდიდი, ნახეთ რამდენი ახალი საწარმო აშენდა.

გუშინ ხე-ტყის გადამამუშავებელი უზარმაზარი საწარმო გავხსენით.

მსგავსი ბედნიერება არ არსებობს - ჩვენ ვაწარმოებდით ჯართს, ახლა ვაწარმოებთ თვითმფრინავებს.

ჩვენ ხე-ტყეს ვუშვებდით თურქეთში, სადაც ხერხავდნენ და ამუშავებდნენ მას.

ახლა ჩვენვე, ადგილზე დავიწყებთ არა მარტო ავეჯის წარმოებას, არამედ ასაწყობ სახლებსაც.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი რესურსების მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოყენებას.

მინდა ვთქვა, და ეს ჩემი ოცნება აღარ არის, ეს არის ჩემი ბიზნესგეგმა, რომ 4-5 წელიწადში საქართველო მისაბაძი ქვეყანა იქნება და ყველა ჩვენგან ისწავლის.

მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და ფართო რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს, შუააზიას და შავი ზღვის ქვეყნებს, საქართველო იქნება ინოვაციის, ახალი იდეების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის და განათლების ახალი ცენტრების თვალსაზრისით, მთავარი ლიდერი.

სიტყვა "ქართული" სინონიმი გახდება სიტყვების - "ხარისხიანის" და "მაღალი კლასის".

მე ვიცი რა ხალხი ზის ამ დარბაზში და როდესაც თქვენ და ბატონ პანტიკოს ვუყურებ, ვიცი, რომ შეუძლებელი არაფერია.

ეს ნამდვილად შესაძლებელია.

გავშალოთ ფართოდ ფრთები და წავიდეთ უკეთესი მომავლისკენ.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური