მოგესალმებით ყველას!
ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა ბათუმში.
მეოთხე წელია პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და განათლების ფონდი აფინანსებს თქვენს განათლებას დასავლეთისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
თუ 2005 წელს ჩვენი ბიუჯეტი, დაახლოებით, 450 ათასი დოლარი იყო, წელს ეს მაჩვენებელი 2, 5-ჯერ გავზარდეთ - თუ პირველ წელს მხოლოდ 40 სტუდენტის გაგზავნა მოვახერხეთ, წელს 100 სტუდენტი მიიღებს საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსებითა და ფინანსური მონაწილეობით განათლებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
კარგი ის არის, რომ პირველ წელს დაახლოებით 70-მა სტუდენტმა შემოიტანა განაცხადი, შემდეგ 100 სტუდენტს გაუჩნდა ამის სურვილი, ხოლო წელს თითქმის 300 განაცხადი შემოვიდა.
გამიხარდებოდა, 300-ვე სტუდენტის დაფინანსება რომ შეგვძლებოდა, რადგან თითოეული მათგანი ძალიან მაღალი დონის იყო და მათგან საუკეთესოების ამორჩევა კომისიას ძალზე გაუჭირდა.
ხალხი მიხვდა, რომ სტუდენთა შერჩევა ობიექტურად ხდება და ნაცნობობით, მეგობრობითა და ჩაწყობით ვეღარაფერს გახდები.
ეს ძალიან დიდი მიღწევაა.
თავის დროზე, მეც მივიღე დაფინანსება, მაგრამ დასავლეთის ფონდებიდან, შერჩევა ხდებოდა დასავლური კრიტერიუმებით და საქართველოს სახელმწიფო დაბრკოლების გარდა არანაირ პირობას არ გვიქმნიდა.
ახლა ჩვენი სახელმწიფო აპარატი მოწოდებულია და მუშაობს იმაზე, რომ ბევრმა თქვენგანმა მიიღოს განათლება უცხოეთში.
წელს პრიორიტეტული რამდენიმე დარგი იყო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ტრადიციულ სფეროებთან ერთად, როგორიცაა მენეჯმენტი და იურიდიული სფერო, სხვა დარგების სტუდენტებმაც გამოთქვეს უცხოეთში სწავლის სურვილი.
მაგალითად, ნინო ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ბიოინჟინერიის სპეციალისტია და შვეიცარიაში, ლოზანოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
მიხარია, რომ ხალხი ამ სპეციალობებს ეუფლება, რადგან ახლა ყველაზე მეტად ჩვენ ახალი სფეროების სპეციალისტები დაგვჭირდება.
ვლადიმერ წიკლაშვილი აეროკოსმოსური ინჟინერიის სპეციალობით არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიემგზავრება.
საქართველოს ყველა ამ პროფესიის სპეციალისტები სჭირდება.
ამჟამად იტალიაშია მარიამ მარგველაშილი, სიენას უნივერსიტეტში გადის დოქტორანტურას ბიოინჟინერიის სპეციალობით.
ძალიან მაღალი დონის კადრები გვყავს სახელმწიფო მართვისა და იურიდიული განხრით.
მინდა ლარისა რომანენკოს მივულოცო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის.
1993 წელს ამ უნივერსიტეტში მეც ჩამრიცხეს, მაგრამ იმის გამო, რომ სწავლის ფული არ გადამიხადეს, კოლუმბიის უნივერსიტეტმა წამიყვანა.
დღესაც გული მწყდება, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვერ გავხდი.
თქვენ ჩემზე მეტად გაგიმართლათ, რადგან ქართული სახელმწიფო სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თქვენი სწავლა-განათლების პროცესში ჰარვარდში, ბოსტონში.
ასევე ჰარვარდში, კენედის მმართველობის სკოლაში მიიღებს განათლებას თამარ ბარაბაძე.
ასევე, მინდა ხაგასმით აღვნიშნო, რომ სხვა სპეციალობების რაოდენობა იზრდება.
წელსაც და მომავალ წელსაც ჩემთვის პრიორიტეტული საინჟინრო დარგებია - არქიტექტურა, სოფლის მეურნეობა და ყველაფერი ის, რაც საქართველოს ამჟამად ყველაზე მეტად სჭირდება.
თავადაც იურისტი ვარ და იმედი მაქვს ამას პროფესიულ კონკურენციაში არ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ სტერეოტიპიდან, რომ საქართველოს მხოლოდ სამართლის ან საერთაშორისო ბიზნესსამართლის, მენეჯმენტის ან ზოგადად, მართვის სპეციალისტები სჭირდება.
ამ პროფესიის ადამიანები უდავოდ გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის აუციელებელია სხვა პროფესიის ადამიანებიც, თან ძალიან ბევრი.
ჩვენ ვიწყებთ სოფლის მეურნეობის განვითარებას.
თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, რომ ფეხზე მყარად ვიდგეთ, საკუთარი ოჯახების რჩენა შეგვეძლოს და ქვეყანას გამოვადგეთ.
ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება.
სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება.
გადამუშავებულ პროდუქტებზე კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მატულობს ფასები.
საქართველოს სჭირდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება და საკუთარი პროდუქციით მსოფლიო ბაზრებზე გასვლა.
ჩვენ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები და ის ხალხი, ვისაც ამის ეკონომიკა ეცოდინება.
ამ სფეროში ძალიან სერიოზული ჩავარდნა გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პრიორიტეტული სპეციალობის 16 ადამიანი დავაფინანსეთ, ვწუხვარ, რომ ეს პროფესიები აბსოლუტურ უმცირესობაში იყო.
ამ წინასაგამოცდო პერიოდში, მსურს ვუთხრა ახალგაზრდებს და მოვუწოდო მათ, რომ აირჩიონ ის სფეროები, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე მეტადაა გამოსადეგი საქართველოსთვის.
საქართველოში ძალიან ბევრი მშენებლობა დავიწყეთ, ამიტომ გვჭირდება არქიტექტორები.
ძალიან ბევრს დავდივარ და გზად ხშირად ვაწყდები უსახურ შენობებს.
მაინტერესებს, იმ არქიტექტორებს, რომლებიც ამ შენობებს აპროექტებენ სამშობლო არ უყვართ თუ აბსოლუტურად არ იციან საქმე? ასეთი ლამაზი ქვეყნის დამახინჯების უფლება არავის არა აქვს.
გვჭირდება სოფლის მეურნეობის, მედიცინის მართვის დარგის სპეციალისტები, ინჟინრები - უამრავი ხიდი და გზა არის ასაშენებელი.
ბათუმში შენდება "შერატონის" ქსელის სასტუმრო და სირცხვილია, რომ თითქმის ყველა სპეციალისტი თურქეთიდან არის მოწვეული.
არადა თავისთავად, ჩვენ შეგვიძლია შენება. ამის შესანიშნავი მაგალითია, ქობულეთში თემურ ჭყონიას სასტუმრო, რომელიც ჩვენმა თანამემამულეებმა ააშენეს.
ამ სასტუმროში მომსახურე პერსონალიც ადგილობრივია და შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ, რომ ბევრად უკეთესი სერვისია, ვიდრე სხვაგან ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთშიც კი.
დღეს დილით "ჰაიატის" წარმომადგენლებს შევხვდი, რომლებმაც თბილისში უკვე დაიწყეს მშენებლობა, ხოლო ბათუმში უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
მათაც სჭირდებათ არქიტექტორი, მენეჯერი, პერსონალი, რომლებიც უნდა იყვნენ თანამედროვე ქართული ტურისტული ინდუსტრიის სახეები.
თბილისის აეროპრორტის მშენებლობისას თურქების მოსაზრებით, ტერმინალის გაფართოება ათ წლის შემდეგ უნდა დაგვჭირვებოდა, მაგრამ ეს მომავალ წელს გახდება აუცილებელი.
ეს იმიტომ მოხდა, რომ ტურისტთა ის რაოდენობა, რომელიც ათ წელიწადზე გვქონდა ნავარაუდევი, სამი წლის განმავლობაში ჩამოვიდა.
ყოველივე ამაში თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა.
მინდა გითხრათ თქვენც და მათაც, ვისაც უახლოეს დღეებში ეროვნულ გამოცდების ჩაბარება მოუწევს, მთავარი რითაც ჩვენს ქვეყანას გავაძლიერებთ და ფეხზე დავაყენებთ, ჩვენი ინტელექტი, ცოდნა და კვალიფიკაციაა.
მთავარი არის ის, ვინ როგორ ისწავლის, როგორ აითვისებს და გამოიყენებს თანამედროვე ცოდნას.
დღევანდელ მსოფლიოში კი განათლება ყოველდღიურად იცვლება.
ქართველი, რომელიც თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისშია ჩართულია ინტერნეტში, ისეთივე კონკურენტუნარიანია, როგორიც ნებისმიერი კალიფორნიელი, ჩიკაგოელი ან ტაილანდელი საკუთარ ქვეყანაში.
მთავარია ქართველებს მივცეთ ინფორმაცია, შევაიარაღოთ იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ბევრად უკეთესად გამოდგნენ საკუთრ ქვეყანას.
მინდა ვილაპარაკო იმაზეც, რომ ერთიანი ეროვნული საგამოცდო სისტემა, ძალზე სამართლიანი აღმოჩნდა და დღეს საქართველოში განათლების მიღება მხოლოდ ცოდნითა და განათლებითაა შესაძლებელი და არა ნაცნობობითა და მეგობრობით.
მართალია, საქართველოს მთავრობამ შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ ბევრი პრობლემა შეგვექმნა სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში "უკანა კარიდან" საქმე აღარ კეთდება. ამან ბევრი გააღიზიანა.
განათლების რეფორმა ძალზე წარმატებულია და ის უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ექსცესები არ უნდა იყოს.
ბოლო დღეების განმავლობაში შევესწარი კამათს იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა ქართული ენის გამოცდა არსებული ფორმით.
ზოგიერთ სახელმწიფო მოხელეს მინდა ვუთხრა მეტიჩრობას თავი დაანებოს და საკუთარი ფანტაზიები თავისთვის შეინახოს.
ბევრი რამ არის ისეთი, რაც საქართველოსთვის ტრადიციულია, ეს უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო განვითარდეს.
ქართველებისთვის ქართული ენის გამოცდის სახეცვლილებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს.
მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობისთვის ისეთი სტანდარტი უნდა შემოღოთ, რომ მათთვის ბარიერი არ იყოს ენის იმ დონეზე არცოდნა, როგორც ეს ქართველ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ.
ეს შეეხება საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს, მათ, ვინც კარგად ვერ ფლობს ქართულ ენას.
მინდა ასევე მივესალმო იმას, ამ პროგრამის მონაწილეთა გეოგრაფია რეგიონებშიც გავრცელდა.
მაგალითად, ლელა ფუტკარაძე დაბა ხელვაჩაურიდან, მიემგზავრება შვედეთში ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.
ვიტალი ხიმშიაშვილი ბუქნარიდან ბრიტანეთში ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის ინსტიტუტში ისწავლის.
უნდა აღვნიშნო, რომ ქობულეთი, რომელიც ფოთის თავისუფალი ეკონომიკურ ზონასა და ყველაზე წარმატებულ ქალაქს შორის მდებარეობს, ბევრად უკეთესი ქალაქი იქნება, ვიდრე სოჭი და ამის რწმენა ყოველდღიურად მიმტკიცდება. ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ.
დიანა ჩაჩუა სოხუმიდან იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.
ალექსანდრე დიდიძე, რომელმაც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი დაამთავრა და ამჟამად გერმანიის ქალაქ შტუდგარტის ფერმაში გადის სტაჟირებას, ჰოჰენ ჰაინის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას აგრარული განხრით.
სწორედ ასეთი ხალხი ააღორძინებს საქართველოს სოფლის მეურნეობას.
70-იან წლებში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ისრაელმა ფორთოხლის წვენის ექპორტით დაიწყო.
დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური სახელმწიფოა.
ამაზე ნაკლები არც საქართველო იქნება, თუ ყველანი ხელდაკაპიწებული ვიმუშავებთ.
ყველამ იცით, რომ ეს სახელმწიფო ყველას საკუთრებაა, თითოეული ჩვენგანი კი ამ სახელმწიფოს ვეკუთვით და მიხარია, რომ იმ ხალხის უმეტესობა, ვინც საქართველოში დაბრუნდა ჩვენ ხალხს ემსახურება.
მათგან უმეტესობა სახელმწიფო სექტორში მუშაობს, ზოგი კერძო სექტორშია დასაქმებული, მაგრამ იმ საქმე აკეთებს, რომელიც საქართველოს სჭირდება ამ ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური ვითარების, ნავთობის ფასის კატასტროფული ზრდის, დიდი საერთაშორისო და გეოპოლიტიკური პრობლემების და შიდა კონფლიქტების ფონზე.
საქართველოს ახლა განსაკუთრებული მობილიზება და ჭკუის გამოყენება სჭირდება.
ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად ბევრი შრომა.
ჩვენ სხვებზე ბევრად უკეთესი უნდა გავხდეთ.
ქართველი, რომელიც საზღვარგარეთ ხვდება, როგორც წესი, წარმატებულია - თუ ყველა არა, უმეტესი მათგანი.
ასე იყო ტრადიციულად - ჩვენ გვყავდა ყველაზე ცნობილი სამხედროები, ხელოვნების მუშაკები, ინტელექტუალები, მეცნიერები ბევრ ქვეყანაში და ახლაც გვყავს.
ამას წინათ ტელევიზიითაც აჩვენეს ჟენევის ცნობილი, ყველაზე დიდი ექსპერიმენტული ლაბორატორია, რომლის მთელ სექციას ქართველები მართავენ და იქ ქართველების ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში იყო და დღესაც მუშაობს ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი კადრი.
თუმცა ჩვენ გვჭირდება თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება და თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებზე სერიოზული ორიენტირება.
ამიტომ, მინდა ყველას მოგიწოდით იმისკენ, რომ იყოთ კონკურენტუნარიანი და ჩვენი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ.
უკვე გითხარით, რომ საზღვარგარეთ დიდ წარმატებებს ვაღწევთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველები, ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოებრიობა წარმატებული იყოს ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში. სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელით უნდა ვიყოთ წარმატებული დანარჩენ მსოფლიოში.
ეს არის მთავარი ამოცანა.
ასე რომ, ისწავლეთ კარგად და თუ ამას შეძლებთ, თქვენგან ეს იქნება პატრიოტიზმის უმაღლესი გამოხატულება და უმაღლესი დაფასება იმისა, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ.
დიდი მადლობა!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური