საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვა თანამემამულეებისადმი

8/13/2008

ძვირფასო თნამემამულენო!

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში იყო და დღესაც არის ძალზე რთული ვითარება.

დილიდან რუსეთის ტანკებმა იერიში მიიტანეს ქალაქ გორზე, დაარბიეს ადმინისტრაციული და ბევრი სხვა შენობა, ძარცვავდნენ მათ, გადაკეტეს დასავლეთიდან მომავალი ტრასა და ამ წუთამდე აქვთ დაკეტილი, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გრძელდება ხალხის ძარცვა და, სამწუხაროდ, მკვლელობები.

რუსეთის ისეთივე გეგმა აქვს, როგორიც 1921 წელს ჰქონდა.

მათი შემოსვლის საბაბი გახდა ის, რომ, თითქოს, საქართველოს მთავრობა ეთნიკურ უმცირესობას უტევდა. ასევე იყო 1921 წელს. სრულებით არ იწვევს ეჭვს, რომ რუსეთის ამ ინტერვენციის მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულებაა, თბილისში რუსული დროშის აღმართვა და თუნდაც ნომინალური დამოუკიდებლობის პირობებში, საქართველოს მთლიანად მართვა.

რუსული გეგმა ძალიან კონკრეტული და ეტაპობრივია.

პირველი - მთელი აფხაზეთისა და ცხინველის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დაკავება, შემდეგ კომუნიკაციების მოსპობა და მთავარი გზების გადაკეტვა. მათ შეუტიეს ნავთობსადენს, აიღეს ფოთის პორტი, და იგეგმებოდა შეტევა სხვა სამხედრო კომუნიკაციებზე. მიზნად ისახავდნენ, დედაქალაქში არეულობების გამოწვევას, დაბომბვებითა და სხვადასხვა რეპრესიული ღონისძიებებით, ხალხის დემორალიზაციას. მათ სურდათ იმის გამოყენება, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, აქაც არის ოპოზიცია, არიან განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსები, მათი ხმის ამოღებით კი, საქართველოში ვითარების არევა, მთავრობის გადაყენება, საქართველოს გახლეჩვა და დაქსაქსულ და ერთმანეთზე გადაკიდებულ დედაქალაქში შემოსვლა, ყველაფრის დაკავება და საქართველოს დამონება.

ჩვენ ვიყავით და ვართ პუტინის მიერ დიდი ხნის წინათ მომზადებული გეგმის მსხვერპლი.

ამ გეგმაზე დიდი ხანია ვესაუბრები სხვადასხვა ქვეყნის უცხოელ ლიდერებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე არც ერთმა არ მომისმინა.

ამ გეგმას განხორციელება ნამდვილად არ უწერია, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ყველაფერი რუსეთის გეგმით არ წავიდა. რუსეთის განზრახვა იყო ისე წარმოეჩინა, თითქოს, ცხინვალს ოსებს, ჩვენ დავესხით თავს, მოუწყვეთ გენოციდი, როგორც ამას თავად ამბობენ. მათ უნდოდათ, რომ ჩვენ არ გვქონოდა მსოფლიო სიმპათია.

ეს მსოფლიოში არავინ არ გადაყლაპა და დღეს მთელი მსოფლიოს მასმედია და საზოგადოებრივი აზრი 100 პროცენტით არის საქართველოს მხარეს.

სენატორმა მაკკეინმა გუშინ კარგად თქვა: "დღეს ყველა ამერიკელმა უნდა თქვას, რომ ჩვენ ვართ ქართველები". ბოლოს ეს კენედიმ ბერლინელებზე თქვა .

ასე უბრალოდ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან, ამიტომ ეს პირველი გეგმა რუსეთს ჩაუვარდა და აქედან არაფერი არ გამოუვიდა. ყველაფერი გააკეთეს ისე, როგორც ყოველთვის - მოუხეშავად და საკმაოდ დათვურად.

მათი მეორე გეგმა იყო ის, რომ არ შეხვედროდათ არავითარი წინააღმდეგობა. ამგვარად, შემოიყვანეს თითქმის მთელი სახმელეთო ჯარი. ეს ჯარი საკმარისია მთელი ამიერკავკასიის ასაღებად, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან მათ წარმოუდგენელი წინააღმდეგობა შეხვდათ.

ეს ტრაბახი არ არის, შედით ინტერნეტსაიტებზე და ნახეთ რას წერენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე რუსი ექსპერტები. მოსალოდნელზე 12-ჯერ მეტი წინააღმდეგობა გაუწია მათ ქართულმა ჯარმა, რუსეთის არმიას მიაყენეს უზარმაზარი ზიანი და გაანადგურეს საუკეთესო სპეცდანიშნულების რაზმები, განადგურდა უამრავი თვითმფრინავი, რუსეთმა დაკარგა უფრო მეტი თვითმფრინავი, ვიდრე 1939 წლის შემდეგ ამ მაშტაბის ნებისმიერ კონფლიქტში.

ჩვენს ხელთ არსებული, ყველაზე უფრო კონსერვატული შეფასებით, რუსეთმა დაკარგა რამდენიმე ასეული, მინიმუმ, 400 მებრძოლი. მან დაკარგა საუკეთესო სპეცრაზმელები.

ჩვენ არავის სიკვდილი არ გვიხარია, მაგრამ ეს ხალხი საქართველოში არ მოგვიწვევია. ისინი შემოვიდნენ 7 აგვისტოს ღამის თორმეტის ნახევარზე და ეს დიდი ომი და დაპირისპირება მათი ინიციატივით დაიწყო.

ამგვარად ამ დანაკარგმა სერიოზულად დააფიქრა რუსეთის ხელმძღვანელობა ღირდა თუ არა და ღირს თუ არა ჯარის შემოყვანა თბილისში, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით.

მესამე ეტაპი რუსული გეგმის, ასევე არ გამოვიდა - მათ უნდოდათ ქართული შეიარაღებული ძალების განადგურება. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ათეული მებრძოლი დაკარგა, რაც ძალიან დასანანია. თუმცა მე მივიღე შეგნებული გადაწყვეტილება, რომ ჯარი გამომერიდებინა, რადგან უზარმაზარი დანაკარგისა და ჯარის მწყობრიდან გამოსვლის გარეშე, ამ რაოდენობის ტექნიკასთან ბრძოლა შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენი შეიარაღებული ძალები თბილისის გარშემო განვალაგე. ეს იყო ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადგილი დავტოვეთ, მათ შორის, გორი, რაც ჩემთვის ძალზე მტკივნეულია. ჩვენთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო შეიაღებული ძალების გადარჩენა და ხელახლა დაჯგუფება.

ყველაზე მეტად რუსულმა გეგმამ მაშინ განიცადა კრახი, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციაზე უპასუხა - იმის ნაცვლად, რომ მათ ენახათ შეშინებული, წელში გატეხილი, აკანკალებული, მუხლებზე დამდგარი საქართველო, მათ ნახეს საქართველოს განათებული ქალაქები, ხალხი, რომელიც ცხოვრობს ნორმალური ცხოვრებით, დაბოლოს, მათ ნახეს უზარმაზარი მიტინგი მათ შორის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გამართულა თბილისის ცენტრში. ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც მთელი დღე ვრცელდებოდა ჭორი იმის თაობაზე, რომ რუსები ამ მიტინგსაც დაბომბავდნენ.

ვიცოდი, რომ ეს ჭორი უსაფუძვლო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს მიტინგზე გამოსვლისკენ არ მოუწოდებდი.

ამ ჭორის შესახებ ხალხმაც იცოდა და მაინც ამდენად დიდი რაოდენობით გამოვიდა. ეს თავისთავად ძალიან დიდი დარტყმა იყო მათთვის, ისევე როგორც სახელმწიფო აპარატი არჩამოიშალა - ყველა სახელმწიფო მოხელე დადის სამსახურში, ჩვეულებრივად მუშაობს საფინანსო სისტემა, მუშაობს პოლიცია და, რაც მთავარია, ხალხი ჩვეულებრივად მუშაობს.

დღეს გავიარე თბილისში, აქ მშენებლობები ისევ მიმდინარეობს. ჯერ სად არის! დამთავრდეს ყველაფერი და ჩვენ ხელახლა ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ათმაგად ავინაზღაურებთ დანაკლისს და აღვადგენთ ყველაფერს, რაც ამ ნაძირალებმა და ბარბაროსებმა, ამ ატილას ბრბომ და ბანდამ, 21 სააკუნის თათარმა მონღოლებმა გაგვინადგურეს.

ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამემამულეებო!

გუშინ მადლობა გადავუხადე ჩემს ყოფილ კონკურენტს ლევან გაჩეჩილაძეს და სხვა, მათ შორის, მიუღებელ პერსონებს, ვინაიდან ყველას მიზანი დღეს სახელმწიფოს გადარჩენაა.

დღეს მთავარია ერთიანობა, ის, რომ ყველანი დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ჩვენი ქვეყანა კვლავ დადგეს ფეხზე. სახელმწიფო ბოლო კაპიკს გაიღებს ყველა დევნილის დასასახლებლად, ყველა დაღუპული ოჯახის უზრუნველსაყოფად.

დღეს დადგა დრო, როცა ქართველები უნდა დავეხმაროთ ქართველებს, მეზობელი - მეზობელს, ნათესავი - ნათესავს, უბრალოდ უცნობი ადამიანები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.

ისევ უნდა დავაყენოთ ფეხზე ჩვენი ქვეყანა და გვერდზე უნდა გავწიოთ ეს ბარბაროსები, არაადამიანები, რომლებიც ჩვენს მიწაზე დაძრწიან.

ის, რაც ამ დღეებში მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ - თბილისზე მოდის ტანკები, ხოლო ცენტრში ამდენი ადამიანი დგას, არასოდეს არავის დაავიწყდება.

კარგი იქნებოდა ეს მოვლენები არ განვითარებულიყო, მაგრამ ამ დღეებში საქართველომ ოლიმპიადა მთლიანად გადაფარა. რუსული გათვლით კი სწორედ ოლიმპიადის პერიოდში იქნებოდა მომგებიანი საბრძოლო ოპერაციების განხორციელება, რადგან ამ პერიოდში მსოფლიო ლიდერები ოლიმპიადაზე იქნებოდნენ, ზოგიერთი კი -დასავენებლად და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდა.

სხვათა შორის, იმ დღეს, როდესაც ცხინვალში დაიძაბა ვითარება, ოლიმპიადაზე მეც ვაპირებდი წასვლას, თუმცა ამ ფაქტის გამო გამგზავრებამდე 20 წუთით ადრე მივიღე გადაწყვეტილება არ წავსულიყავი.

მათი გეგმები ჩაიშალა. უცხოურ არხებზე მათ ამაზრზენ ოფიციალურ პირებს ვუყურებ-ხოლმე, რომლებიც თავიანთი ბინძური ტყუილებით არაბუნებრივად გამოიყურებიან და ნირწამხდარი არიან, რადგან ბოლო დღეების ავანტურით რუსეთის იმიჯი სამუდამოდ თუ არა, ათწლეულების განმავლობაში დასამარებული იქნება.

მისი იმიჯის დასამარება არც ერთი ჩვენი დაღუპული მოქალაქის სიცოცხლედ არ მიღირს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ეს სწორედ მათ გააკეთეს და, შესაბამისადი, ასჯერ მეტი ზიანი მიიღეს.

ჩვენ კი უნდა გაუძლოთ, როგორც თავიდან გითხარით, ქართული სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ, რადგან თუ სახელმწიფო აღარ გვექნება, როგორც ეს მოხდა 1921 წელს, საქართველო დაიღუპება და ისევ მრავალი თაობა გაიზრდება მონობასა და გაურკვევლობაში; ვიღაცის მომსახურე პერსონალად გადაიქცევიან და ვიღაცის ფეხქვეშ გაეგებიან მთელი თაობები.

ჩვენ, როგორც არასდროს, ამაყად უნდა ავწიოთ თავი და როგორც ახლა, მთელ მსოფლიოს დავანახოთ ქართველი ერის ღირსება, სიამაყე, და გაუტეხელობა.

ჩვენ ვიცოდით, რომ გაუტეხელი ვიყავით, მაგრამ პირველად, ჩვენს ისტორიაში, მთელმა კაცობრიობამ გაიგო, რომ არსებობს ერთი გაუტეხელი, დაუმორჩილებელი, მებრძოლი ერი და მას ქვია ქართველი ერი!

მსოფლიო ლიდერებთან მუდმივად მაქვს კონტაქტი.

ბოლო დღეების განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ ველაპარაკები ამერიკის უმაღლეს ლიდერებს - პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, ვიცეპრეზიდენტ რიჩარდ ჩეინის, სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს.

ჩამოსული იყო საფრანგეთის პრეზიდნტი ნიკოლა სარკოზი.

უახლოეს დღეებში ჩამოდის გერმანიის კანცლერი.

ხვალ თურქეთის პრემიერ-მინისტრი გვესტუმრება.

ასევე, ჩამოსული იყო ხუთი ევროპული ქვეყნის ლიდერი, რომელიც მიტინგზე გამოვიდა და სოლიდარობა გამოგვიცხადა.

რუსული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მსოფლიოში პატრონი არ გვყავს, მცდარი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლთის რეაქციით კმაყოფილი არ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არ დამიჯერეს ამ გეგმის არსებობა, საბოლოოდ, ნელ-ნელა, მაგრამ ჩვენსკენ შემობრუნდნენ და მიხვდნენ რასთანაც აქვთ საქმე. ყოველი დღე ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკარგის ტოლფასია, მაგრამ პროცესი დაიძრა.

ალბათ, მოისმინეთ ამერიკის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკა სამხედრო ჰუმანიტარული დახმარების მისიის განხორცილებას იწყებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პორტებსა და აეროპორტებში ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა შემოვა ჰუმანიტარული და სხვა სახის მისიების განსახორციელებლად.

ეს უმნიშვნელოვანესი განცხადებაა ვითარების განსამუხტავად. საქართველოს გამოცხადებული ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და პირობა შევასრულეთ კიდეც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იარაღი გვაქვს. ტყვია-წამალიც დიდი რაოდენობით გვაქვს და წინააღმდეგობის გაწევის უნარიც. ჩვენი ამოცანაა იყო, საერთაშირისო პოზიციების კონსოლიდაცია საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად.

როდესაც პრეზიდენტმა სარკოზიმ მედვედევისგან ჩამომიტანა დოკუმენტი, რომელშიც ჩაწერილი იყო რუსული ოცნება იმის შესახებ, რომ მომავალში სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი, თურმე, ცალკე უნდა განხილულიყო და თანაც შესაძლებლად მიიჩნევდა, კოსოვოს მსგავსად, ამ რეგიონების დამოუკიდებლობას, მის მიღებაზე ძალზე მტკიცე უარი განვაცხადე.

სამ საათიანი დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ, ეს პუნქტი ამოვაღებინეთ.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ მიიღებს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის დაკანონების დოკუმენტს, თუნდაც, რაიმე საერთაშორისო მექანიზმების გზით.

რუსების პოზიცია იყო ძალიან კონკრეტული. გუშინ ასეთი ულტიმატუმი წამომიყენეს - თუ სააკაშვილს ხელისუფლების შეინარჩუნება უნდა, მომავალში ის უნდა დათანხმდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის განხილვას. პასუხად ვთქვი, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ, მაგრამ არასდროს არ დავთანხმდები საქართველოს ტერიტორიების ჩამოჭრას. სანამ პირში სული მიდგას, ეს შეუძლებელია, მით უმეტეს, სანამ საქართველოს პრეზიდენტი ვარ. ასეთ ვაჭრობას საქართველოს ხელისუფლება ყველაზე ბარბაროსულ აგრესორთანაც კი, არასდროს არ დაიწყებს.

მინდა იცოდეთ, რაზე ვისაუბრეთ მე და ჩემმა ფრანგმა კოლეგამ. დღეს ევროკავშირის საბჭოზე გამოიტანეს დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტ სარკოზისთან შევათანხმეთ. ამ დოკუმენტში ჩვენმა მეგობრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ჯარის გაყვანისა და პროცესის ინტერნაციონალიზაციისთვის დამატებითი გარანტიები შეიტანეს. დიპლომატიური მანქანა ახლა ჩვენს სასარგებლოდ ამუშავდა. რუსებს არაფერი არ გამოუვიდათ.

მოთმინება და გამძლეობა ჩვენი მთავარი იარაღია. ჩვენი დღე და ღამე მუშაობა იმისათვის, რომ ინფორმაცია გავიტანოთ მსოფლიოში, არის ჩვენი მთავარი სიძლიერე.

რუსული სამხედრო მანქანა გვმომბავს, გვარბევს, გვკლავს, გვაფეთქებს და, ამ დროს, საქართველო ფუნქციონირებს როგორც ნორმალური ქვეყანა - ყველა მაღაზია ღიაა, ქუჩებში მანქანები დადის, პარლამენტში სხდომები იმართება, ტელევიზიები მუშაობს, გაზეთები გამოდის და ხალხი ღიად არაფრად აგდებს ამ საფრთხეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ყველანი ძალიან განვიცდით.

ეს არის დავითის და გოლიათის ბრძოლა, ეს არის წმინდა გიორგის ბრძოლა. ამ სულით მოუგო ბოროტ იმპერატორს და ამ სულით გაიმარჯვებს საქართველო, ამ სულით დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას და აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველო დღეს ამ სულისკვეთებით გადაარჩენს თავის სახელმწიფოებრიობას და არ დაუშვებს იმას, რომ როდესმე ბინძური უცხოური ჩექმა თელავდეს მის დედაქალაქს ან მთლიანად საქართველოს მიწას.

მე ძალიან ნათლად ვთქვი, რამდენიც არ უნდა გვბომბონ, გვარყიონ, გვაშინონ, გვაშანტაჟონ, საქართველო არ დანებდება, საქართველოს ვერავინ ვეღარ დააჩოქებს, პირიქით, ის წელში გაიმართება.

ქართული მიწა მათ არ ეკუთვნით და არასდროს აღარ იქნება მათი ბინძური ჩექმის ქვეშ.

ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ღმერთი იყოს ჩვენი მრავალეთნიკური ერის მფარველი!

გაუმარჯოს საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური