უწინარესად, მსურს მოგესალმოთ ყველას, გენერალური შტაბის ოფიცრებს, თავდაცვის მინისტრს!
ვიდრე უშუალოდ დღევანდელ მისიაზე გადავიდოდე, მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.
მისი უწმინდესობა ბერლინში იმყოფებოდა ვიზიტით, სადაც მას დაუსვეს დიაგნოზი და იქვე გაუკეთეს ოპერაცია. გუშინ პირადად ვესაუბრე მას და მსურს გითხრათ, რომ იგი კარგად გრძნობს თავს, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში ბერლინის საავადმყოფოში დარჩება.
მსურს ჩემი და თქვენი სახელით გამოჯანმრთელება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ მას.
დღეს წარმოგიდგენთ გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელს, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ - ეს არის ბატონი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
რუსეთის აგრესიისა და რუსეთთან ომის შედეგებმა და მიმდინარეობამ, ჩვენმა შიდა ანალიზმა და პაატა დავითაიას კომისიის მუშაობამ მიგვიყვანა აზრამდე, რომ საჭიროა გარკვეული ორგანიზაციული დასკვნების გამოტანა.
უპირველეს ყოვლისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთმა ასეთი აგრესია ბოლოს ავღანეთში განახორციელა და დაიპყრო ჩვენზე მრავალგზის უფრო დიდი ქვეყანა, ჩვენზე ოთხჯერ მეტი მოსახლეობით.
ის, რომ საქართველო ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მას ჰყავს დემოკრატიული მთავრობა; ის, რომ ჩვენი ხალხი, ოკუპირებული რეგიონების გარდა, თავისუფლად არსებობას განაგრძობს, უწინარესად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დამსახურებაა.
ეს უდავოა!
ვერც ბუში, ვერც სარკოზი, ვერც მერკელი და ვერც ვერავინ მსოფლიოში ვერ შეაჩერებდა ვლადიმერ პუტინს, რომ არ ჰქონოდა მას ღრმა რწმენა, რომ საქართველოს დედაქალაქისკენ წამოსვლისა და მთავრობის დამხობის შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა.
მინდა ყველას შევახსენო და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
როდესაც ზოგიერთები საქართველოს დამარცხებაზე ლაპარაკობენ, უნდა გაიხსენონ, რომ საქართველო დამარცხდა 1993 წელს, მაშინ, როდესაც მთლიანად დაგვეშალა შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სტრუქტურა, მთლიანად ჩამოიშალა ეკონომიკა და დეზორგანიზებული გახდა მთავრობა და საქართველო გამზადებული ლუკმა გახდა ნებისმიერისთვის. მაშინ შევარდნაძე დაჩოქილი ეხვეწებოდა ბალტინს, რომ მისი ხელისუფლება გადაერჩინა. რუსეთმა სამადლოდ შეინარჩუნა შევარდნაძე იმის გამო, რომ შემდგომი წლების განმავლობაში ყურებით ჰყოლოდა დაჭერილი. თუმცა თავდაცვის, შსს და უშიშროების მინისტრები რუსეთმა დაუნიშნა და მთლიანად აკონტროლებდა კიდეც თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურებს, პრაქტიკულად, მთლიანად აკონტროლებდა საქართველოს მთავრობას.
ახლა მსგავსი არაფერი მომხდარა.
ეს არის ჩვენი ხალხის ორგანიზებულობის, განსაკუთრებული გამბედაობის და მათ შორის, თქვენი დიდი დამსახურება.
ბოლო რუსი გენერალი, რომელიც დაიჭრა და გაიქცა ბრძოლის ველიდან იყო მეორე მსოფლიო ომის დროს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადამ გაანადგურა რუსეთის 58-ე ბატალიონის მთავარი დამრტყმელი ძალა და კავკასიური არმიის სარდალი, მძიმედ დაჭრილი გენერალი ხრულევი რუსეთში გააქცია.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინმა საქართველოში შემოყარა თავისი სახმელეთო ჯარის უმეტესი ნაწილი და 200 თვითმფრინავი (ყველა სამხედრო მფრინავი ჰყავდა მობილიზებული), მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა რუსმა მფრინავებმა უარი თქვეს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლაზე და დამატებითი ანაზღაურების ფასად თვითმფრინავებზე პენსიონერები დასვეს; მას შემდეგ, რაც მათ რამდენიმე ასეული არტილერიული დანადგარიდან მიწასთან გაასწორეს ქალაქ ცხინვალი და ამის დამადასტურებელი კადრები გვაქვს, შეძლეს ამ პლაცდარმის აღება. თუმცა იმ მომენტში მთელი საქართველოს დასაპყრობათ მათ ძალა აღარ ეყოთ, მით უმეტეს დაინახეს, რომ ჩვენ მზად ვიყავით წინააღმდეგობის გასაძლიერებლად.
ჩვენ შევინარჩუნეთ მთელი ტყვია-წამალი და პრაქტიკულად მთელი შეიარაღება. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტანკს, რომელიც მათ გორის სარემონტო ბაზიდან წაიყვანეს და რამდენიმე არტილერიულ დანადგარს, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სიმწრით მოპოვებული შეიარაღება.
ეს არის ჩვენი და თქვენი დამსახურება.
ეს არის იმის საწინდარი, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს.
ახლა ჩვენ გვჭირდება შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, უპირველეს ყოვლისა, განათლება, რისთვისაც საჭიროა ოფიცრების გაგზავნა სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
ასევე გვჭირდება სერჟანტების მყარი ბირთვის შექმნა და მათი მომზადება, უწინარესად, აქ, საქართველოში, რისთვისაც საგანმანათლებლო სისტემა სწორად უნდა ავაწყოთ.
გადავწყვიტე, რომ შევცვალო გენერალური შტაბის უფროსი და ამ თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია დავნიშნო.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი გადაადგილებაა, რადგან ის არის მთავარი თანამდებობის პირი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და არა თავდაცვის მინისტრი.
მინდა მადლობა ვუთხრა გენერალური შტაბის წინა უფროსს, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ის სერიოზული ხარვეზები, რომელიც ამ ომის დროს გამოჩნდა, უნდა აღმოვფხვრათ.
იდეალურად იმუშავა ჩვენმა არტილერიამ.
ძალიან კარგად იმუშავა საჰაერო თავდაცვის ძალებმა - ძალიან გაბედული იყვნენ ჩვენი მფრინავები. ისინი უიმედო სიტუაციებშიც კი გვთხოვდნენ, რომ მათთვის გაფრენის ნება მიგვეცა, თუმცა დაუცველობის გამო, ჩვენმა ხელმძღვანელებმა ეს მათ აუკრძალეს, რადგან ჩვენ რამდენიმე ბობდამშენი გვქონდა და გამანადგურებლები კი - არა.
ოფიცრების დიდმა ნაწილმა თავი ძალიან კარგად გამოავლინა.
იყვნენ მეთაურები, რომლებსაც სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ, მათ ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ წნეხს და მათი მომზადების დონე არ შეესაბამებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სტანდარტებს.
ისიც უნდა გითხრათ და ეს ადრეც მითქვამს, რომ 4 წელიწადში არმიის სტრუქტურა სრულყოფილად არ იქმნება და თქვენგან სასწაულს ნამდვილად არ ველოდი.
თეორიულად ვიცოდით, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლებელი იყო.
ვფიქრობ, რომ ქვეყნის გადარჩენა მთლიანობაში ყველამ ერთად შევძელით, მაგრამ საქართველოს ტერიტორიები დღესაც ოკუპირებულია.
საქართველოში გვყავს ხალხი, რომლებიც გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან და ისინი უნდა დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას.
საქართველო უნდა გაერთიანდეს და გაძლიერდეს.
არავის არ ქონდეს ილუზია, რომ საქართველო შეეგუება თავისი ტერიტორიების ანექსიას, ოკუპაციას და ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას.
ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ საქართველო შეეგუება ჩვენ გადამწვარ ქალაქებს, სოფლებს, განადგურებულ ინფრასტრუქტურას და იმას, რომ ვინმეს ბოლო წლების განმავლობაში ჩადენილი, ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ათი ათასობით დახოცილი ადამიანისა და 500 ათასი გამოგდებული ადამიანის ცოდვა შერჩება.
ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ შეიარაღებული ძალები საზოგადოების შემადგენელი ნაწილია და შეიარაღებული ძალების მდგომარეობა დიდადაა დამოკიდებული მთლიანად საზოგადოების მდგომარეობაზე.
საქართველო ახალა მსოფლიო ეკონომიური კრიზისის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
მე დღესაც გავხსენი ახალი საწარმოები და ეს ძალზე მახარებს.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვხსნით საწარმოებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვასრულებთ რეაბილიტაციის 18-თვიან გეგმას და დასაქმებისა და სიღარიბის გადალახვის 50-თვიან პროგრამას.
18 თვის შემდეგ მთელი სიმძლავრით უნდა დავუბრუნდეთ 50 თვიანი პროგრამის განხორციელებას, მაგრამ ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ არის საკმაოდ ბევრი ფაქტორი, რომლებზეც საქართველო დიდადაა დამოკიდებული.
ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება არჩევნები, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საქართველოს პოზიციები მხოლოდ გამყარდება.
ერთი მხრივ, ყველაზე ზუსტი თეზისები თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს თაობაზე სენატორ ობამას ჰქონდა, სენატორი მაკკეინი ჩვენი დიდი ხნის მეგობარია.
ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი არის ჩვენი და ჩემი დიდი მეგობარი. შარშან, იგი იყო ლამის ერთადერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც ნოემბრის მოვლენების დროს გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში ეს დივერსიისა და საგარეო ჩარევის შედეგად ხდებოდა. სხვათა შორის, მან ეს შიდა დემოკრატიული დებატების დროს თქვა ისე, რომ ამის შესახებ მისთვის საერთოდ არაფერი არ უკითხავთ.
ის, რომ ჩვენ მილიარდი დოლარი მივიღეთ ამერიკიდან და რამდენიმე მილიარდი ევროპიდან, პირადად მისი დამსახურებაა. სწორედ მან წამოაყენა მილიარდის თეზისი, თბილისში ყოფნის დროს - მაშინ, როდესაც საქართველოს ბომბავდნენ. ამ პერიოდში მან რამდენიმე დღე გაატარა ჩვენთან ერთად. მას ძალზე კონკრეტული გეგმები ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებასთნ დაკავშირებით. ეს გეგმები დღესაც ძალაშია.
როდესაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ამერიკაში ვიზიტი, მათ ბაიდენი შეხვდა და კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა, არა ამერიკისთვის, არამედ საქართველოს გასაძლიერებლად და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის.
ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იმედია ოპოზიციის წარმომადგენლები ამას არ უარყოფენ. ეს შეხვედრა ჩვენი თხოვნით შედგა და იქ ასევე იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენი სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ამას დაადასტურებენ. მან ნათლად თქვა, რომ ახლა საჭიროა საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალა ერთად დადგეს. თუკი ამას უცხოელები ხვდებიან, ვფიქრობ, დროულია, რომ ჩვენც მივხვდეთ.
ჩვენი საზოგადოება ამას დიდი ხანია მიხვდა.
აჭარაში გაიმართა არჩევნები და იცით, რომ ადგილობრივმა მთავრობამ, რომელსაც ჩვენც ვუჭერთ მხარს, ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო.
წინასაარჩევნო კამპანის დროს მე სპეციალურად არ წავედი აჭარაში, მით უმეტეს, რომ ჩემთვის ამ არჩევნების შედეგები ძალზე მნიშვნელოვანია.
იმ საზოგადოებას, რომელმაც ასეთი გამბედაობა და ორგანიზებულობა გამოიჩინა, რამაც რუსული აგრესიის პირობებში მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, არ უნდა მოახვიო თავს შენი აზრი, ის თავად ხვდება ყველაფერს. ზუსტად ეს გამოჩნდა ამ არჩევნებზე. ძალიან მაღალი იყო აქტივობა და, სიმართლე რომ ვთქვა, გამიკვირდა კიდეც.
უცხოელებმა ეს არჩვენები შეაფასეს ძალიან კარგად. თუმცა ჩვენივე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ 1-2 ადგილზე გამოვლინდა დარღვევები.
მინდა კატეგორიულად ვთქვა: ჩვენ არ მოვითმენთ თუნდაც უმნიშვნელო დარღვევებს საარჩევნო პროცესში, ეს ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს.
როგორც კორუფცია, ძირითადად, აღარ არსებობს საქართველოში, ისე არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს რაიმე პროცესი არჩევნებთან დაკავშირებით.
ეს ჩემთვის, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა - როგორც არ შეიძლება სახელმწიფო ფულის მოპარვა, ისე არ შეიძლება საარჩევნო პროცედურასთან თამაში.
ჩვენ გამოვაცხადეთ ნულოვანი მოთმენა წვრილმანი დანაშაულის მიმართ, ასევე იქნება ამ შემთხვევაშიც - საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან იქნება ნულოვანი ტოლერანტობა ყოველგვარი საარჩვენო პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით. ამისკენ მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩვენო კომისიასაც.
დემოკრატია არის ის, რომ ჩვენ ყველასთან ვიყოთ მუდმივ დიალოგში.
სულაც არ მიხარია, რომ სამთავრობო პარტია ბევრად უფრო ძლიერია ოპოზიციურ ძალასთან შედარებით.
მიხარია, რომ გვაქვს საშუალება გავაგრძელოთ რეფორმები და მოვუაროთ ქვეყანას, მაგრამ მინდა რომ მუდმივად იყოს ოპონირება, პარლამენტის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდეს მთავრობა, შეიარაღებული ძალები, საზოგადოება აკონტროლებდეს პარლამენს, სასამართლო სისტემა კი ყველაფერ დანარჩენს.
უნდა იყოს ასევე დისკუსია.
ამერიკაში არის სპეციალური არხი, რომელზეც 24 საათის განმავლობაში პოლიტიკური გადაცემები მიმდინარეობს.
მე გამოვედი წინადადებთ, რომ მეორე არხი, რომელიც სახელმწიფო არხია, სადისკუსიო კლუბად გადავაკეთოთ.
ყველა პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება საშუალება მივიდეს სტუდიაში და საკუთარი მოსაზრება, მათ შორის, კონსტრუქციული, მისაღები და ყველაზე მიუღებელიც კი, გააცნოს მთელს საქართველოს.
ჩვენი პოლიტიკური ძალები მუდმივად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ აქვთ ტელევიზაში გამოსვლის საშუალება. ამით იმდენად დავიღლე, რომ ვჩუქნი მათ ტელევიზიას მთლიანად.
აი, ეს არის დემოკრატია.
ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი არ გვაქვს, რაც უფრო მეტს ვიკამათებთ, რაც უფრო ცივილიზებულად ვაწარმოებთ დიალოგს, მით მეტად წავა საზოგადოება წინ; რაც უფრო მეტ არასწორ აზრს მოვისმენთ, მეტად დავრწმუნდებით საკუთარი აზრის სისწორეში ან შევიცვლით აზრს, თუ ის არასწორია, მით უფრო მოგებული დარჩება საზოგადოება.
ჩემო მეგობრებო, ვიცი, რომ ახლა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში ვიმყოფები, მაგრამ ყოველივე ეს გეხებათ თქვენც.
საქართველო იქნება გამარჯვებული მაშინ, როდესაც მისი ეკონომიკა იქნება განვითრებული, მისი დემოკრატია იქნება ძლიერი და ხალხი იგრძნობს, რომ თავად არის ქვეყნის ბატონ-პატრონი.
თუკი ყოველივე ამას მხარს დავუჭერთ, ჩვენი შეიარაღებული ძალებიც, თუ გავაგრძელებთ თქვენს მოდერნიზაციას, აღჭურვას, სწავლებას და მხარდაჭერას, იქნება ბევრად უფრო ძლიერი და უფრო მეტად გამოადგება ჩვენს ქვეყანას.
მინდა გენერალური შტაბის ახალ უფროსს და მის ყველა კოლეგას წარმატება გისურვოთ.
ჩვენ გრძელი და ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი.
ჩვენმა ჯარმა იომა და გადაარჩინა საქართველო და მსურს გითხრათ, რომ დღეს შეიარაღებულ ძალებში რამდენჯერმე მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე გვჭირდება და მათში ორჯერ მეტია კვალიფიციური ადამიანი, ვიდრე გვჭირდება.
ომის შემდეგ ხალხი მოდის და შეიარაღებული ძალების პროფესიონალური შევსებას გვთხოვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არ დაილევა ხალხი, რომელსაც ესმის, რომ ეს არის ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვნი პროფესიაა, იმის მიუხედავად, რომ ეს პროფესია ბევრჯერ თავგანწირვასთან არის დაკავშირებული.
ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მომავალი, შეიარაღებულ ძალებს აქვს მომავალი და საქართველო კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
ჩვენ მართლაც აღა-მახმად-ხანის შემოსევა გადავიტანეთ: 3 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა და 200 ერთეული თვითმფრინავი ბომბავდა საქართველოს.
3 ათასი ერთეული ჯავშანტექნიკა ანგრევდა ჩემს სიმწრით გაკეთებულ გზებს. ამ ოპერაციაში 80 000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მას მათი მთავარი ხელისუფალი ხელმძღვანელობდა.
ჩვენ ყველაფერს გავუძელით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ჩვენს კარს არიან მომდგარი - ჩვენ სახლში დაიპყრეს ორი ოთახი და იქ კარგად ეწყობიან.
ეს ჩვენი სახლია და სტუმარი ღვთისაა, მაგრამ არა ასეთი!
დაუპატიჟებელი სტუმრები აუცილებლად დატოვებენ საქართველოს.
ამისთვის ჩვენ გაძლიერება, კონსოლიდაცია, ერთიანობა, მოდერნიზაცია, განთლება, განვითარება გვჭირდება და ყოველივე ეს საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
დღეს ვლადიმერ ჩაჩიბაიას დაბადების დღე აქვს.
მინდა მივულოცო მას და იმედი გამოვთქვა, რომ ეს ახალი გენერალური შტაბის და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ახალი სულიკვეთების დაბადების დღეა.
გისურვებთ წარმატებას!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური