საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე და მისი მოადგილე დავით ნაირაშვილი წმინდა გიორგის ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა რუსულ აგრესიაზე, საგარეო პოლიტიკასა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"დღეს კიდევ ერხელ დავიფიცეთ ჩვენი ბიჭების საფლავზე, რომ მათი საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. ის,რომ დღეს თბილისი არსებობს, საქართველოს სახელმწიფო ცოცხალია და ვითარდება,
ეს ამ ბიჭების დამსახურებაა.
ჩემი მთავრობა, რომელიც 2013 წლამდე იმუშავებს, და იმედია, რომ საქართველოში შემდგომაც მოხდება ამ კურსის გაგრძელება,
არასდროს არ მოაწერს ხელს არცერთ შეთანხმებას, რომელიც ერთი გრამით მაინც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
არცერთმა ქვეყანამ არ აღაიარა საქართველოს ოკუპაციის შედეგები, ვერ მოახერხეს ვერანაირი საერთაშორისო ლეგიტიმაცია, უფრო მეტიც,
დღეს საერთაშორისო ლეგიტიმაციის კუთხით აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით.
პირველად ნათლად ითქვა, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და არასდროს მსოფლიო არ შეეგუება ამ ტერიტორიის დე-ფაქტო სტატუსს.
დღეს ამ საკითხზე ნათელი პოლიტიკა აქვს ევროკავშირს, ჩინეთს და მთელს აზიას. ეს ნათლად გამოხატა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა.
რა თქმა უნდა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე აშენებს ბაზებს ჩვენს ტერიტორიაზე,
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ართულებს ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი იქ დარჩენილი ჩვენი მოსახლეობის და იქიდან გამოსული ჩვენი დევნილების ბედს და მომავალს, მაგრამ საქართველო გაძლიერდება, დადგება ფეხზე.
ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას. ვერცერთი დღე ოკუპანტი ვერ იგრძნობს თავს მშვიდად ამ სიტუაციაში .
რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა მომავალში რა თქმა უნდა უნდა იყოს კეთილმეზობლური. როდესაც ესა თუ ის რუსი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენ არ დაველაპარაკებით საქართველოს ამ მთავრობას, შეიძლება ვიღაცამ საქართველოში დასვას კითხვა, არ დაელაპარაკებიან ამ მთავრობას და ხომ არ ჯობია რომ ეს მთავრობა საქართველოში არ იყოსო.
მინდა შეგახსენოთ, რომ მათ კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ გამსახურდია და კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ შევარდნაძე.
სანამ არის ასეთი საფრთხე, ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად, ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის მომზადებული და მაქსიმალურად თავშეკავებული, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა და ფასეულობაა სიმშვიდე, და განვითარებაა" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის დროს გამოჩენილ „პატრიოტიზმის უპორეცედენტო მაგალითებზე" თავდაცვის სამინისტროში ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობა სამხედროებთან ერთად, რიგით მოქალაქეებსაც გადაუხადა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავიფიცეთ ჩვენი ბიჭების საფლავზე, რომ მათი საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება სწორედ მათი დამსახურებაა.
მომავალშიც, ნებისმიერმა აგრესორმა კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს უნარი აქვს დაიცვას მისი სახელმწიფოებრიობა". -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობრივი ჯგუფები და ოკუპანტების მიერ სამეგრელოს ტერიტორიიდან საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაყვანის ფაქტიც გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა წინააღმდეგობრივმა ჯგუფმა მრავალ ასეულ ერთეულისგან შექმნილ რუსულ კოლონას ცეცხლი გაუხსნა და ეს სისტემა ააფეთქა.
„ამაზე არ გვისაუბრა აქამდე, მაგრამ მადლობა მინდა ვუთხრა მათ ამ გმირობისთვის, რადგან ეს დიდი რისკის ფასად მოხდა", - დასძინა პრეზიდენტმა და ასევე მადლობა გადაუხადა იმ ჯარისკაცებს, რომელთაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტყვია-წამლის საწყობი დაიცვეს. მისი თქმით, მათ ამ საწყობის გარშემო ტერიტორია დანაღმეს და თავადაც შიგნით დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების შემთხვევაში თავადაც დაიღუპებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართველი ჯარისკაცების განწყობებზე, რაზეც თავად ოსი მოსახლეობა საუბრობდა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალის „გმირობასაც", რომლებიც მან ცხინვალის გზაზე პირადად ნახა.
რაც შეეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს,საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სამხედრო ტექნიკა გადამალული იყო ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიებზე, რომელთა ადგილებიც პრაქტიკულად მთელმა ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა.
„ოკუპანტები მათ სთავაზობდნენ ფულს, აშინებდნენ და ეხვეწებოდნენ, რომ გაეცათ, მაგრამ გადამალული ერთი სამხედრო ტექნიკის ადგილიც არ გაცემულა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის იმ ხალხის გმირობა, რომელთა პოვნა, დაჯილოება და პირადად მადლობის გადაცემა ვერ ხერხდება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოზე რუსეთის შეტევის აცილების ერთ-ერთ პირობად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, საერთაშორისო მხარდაჭერას და ერთიან მთავრობას ასახელებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს თავდაცის სამინისტროში განაცხადა, საქართველოს არ უტევენ იმიტომ, რომ ქვეყანას დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა და ჰყავს კონსოლიდირებული მთავრობა, რომელიც ომის დროს არ გაიქცა.
მისი თქმით, დღესაც საქართველოს მთელი თავისუფლებისმოყვარე აღმოსავლეთ ევროპა და პოსტსაბჭოთა სივრცე შეჰყურებს და "შენატრიან", რომ საქართველო არ გატყდა და მომავლის რწმენა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი სწორედ საქართველოს იმ გამბედაობას ურტყამდა, რომლითაც მან გაბედა და შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, რაც სრულფასოვნად სხვამ ვერავინ შეძლო. "ეს არის განსაკუთრებული პრივილეგია და განსაკუთრებული რისკიც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შარშანდელი განცხადებაც გაიხსენა, რომელიც სააკაშვილის თქმით, იმედგაცრუებული იყო, რომ თბილისი ვერ აიღო და აცხადებდა, რომ „დანარჩენს ქართველი ხალხი გააკეთებდა".
„ქართველმა ხალმა კი მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ იცის ღირსების, ბრძოლის ფასი, არასოდეს არავის დაკრულზე არ იცეკვებს და იმოქმედებს ეროვნული ინტერესების ფარგლებში", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური