საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ოპერის შენობის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

5/11/2009

მოგესალმებით ყველას!

მინდა ყველამ დავიმახსოვროთ დღევანდელი დღე.

დღეს ბათუმში ვიწყებთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ერთ-ერთი საუკეთესო ოპერის თეატრის მშენებლობას.

ეს იქნება ყველაზე გრანდიოზული ოპერა და მუსიკის ცენტრი მთელი შავი ზღვის რეგიონში.

სასტუმრო, რომელიც დღეს ჩვენ ავანთეთ, რომლის მსგავსი არ არის არც უკრაინაში, არც რუსეთში, არც ბულგარეთში, არც რუმინეთში და არც თურქეთის შავი ზღვისპირეთში, არის მხოლოდ აქ, საქართველოში - ბათუმში.

ახლა ჩვენ ვიწყებთ ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელსაც უძღვება მსოფლიოს არქიტექტორთა ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე ჯგუფი.

ოპერის ეს თეატრი აშენდება ქართველის პეციალისტების მიერ.

ამ პირობებში ეს არის ათასობით დასაქმებული ადამიანი, მაგრამ, რაც მთავარია, ეს არის მომავალი საქართველოს საფუძველში ჩადებული ქვა.

ჩემო ძვირფასებო, როგორი გაჭირვება და კრიზისიც არ უნდა იყოს დღეს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი შავი ზღვისპირეთის ორი მესამედი ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე დგანან მტრის ჯარები, ამ პირობებშიც კი, ჩვენი ისტორიული გენიდან და ისტორიული ინსტიქტიდან გამომდინარე, გავაგრძელებთ საქართველოს აღმშენებლობას. ვისაც არ უნდა ეწყინოს, თქვენთან ერთად ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და როგორც დაგპირდით, ბათუმს ვაქცევთ მთელ შავი ზღვისპირეთში ყველაზე ლამაზ ქალაქად. ჩვენ ვაქცევთ ბათუმს საქართველოს სიამაყედ დღევანდელი და მომავალი იმ მრავალი თაობისთვის, რომელიც იცხოვრებს საქართველოში. მით უმეტეს, რომ ოდითგანვე ქართველი კაცი ცალი ხელით იბრძოდა და მეორეთი აშენებდა, ცალი ხელით მტერს უმკლავდებოდა, ხოლო მეორეთი მიწას ამუშავებდა.

ჩვენ აქ მარტო ამ თეატრს კი არ ავაშენებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ, საქართველოს შავი ზღვისპირეთში - ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, მაღალმთიან აჭარაში, გურიაში და სამეგერლოში, შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა აფხაზეთშიც, არ იყოს სიღარიბე, ხალხი იყოს დასაქმებული და კომფორტულად ცხოვრობდეს.

ამასთან, მთავარია ის, რომ ჩვენ მომავალს ვუყრით საფუძველს.

მე ვთქვი, რომ აქ გვექნებოდა ყველაზე საუკეთესო კომპლექსი და ორ კვირაში საფუძველს ვუყრით ევროპის ყველაზე ლამაზ საზღვაო ბულვარს. ამას გაზვიადების გარეშე ვამბობ, რადგან ასეთი ბულვარი არ იქნება არც ნიცაში, არც კანში, არც ვალენსიაში, არც ბარსელონაში.

ყველაფერს იმისათვის ვაშენებთ, რომ მოვიზიდოთ ტურისტები, რომ ჩვენი ხალხი დასაქმდეს და ჩვენს ხალხს ამოსუნთვის საშუალება ჰქონდეს, რომ ჩვენს შვილებს ეამაყებოდეს აქ ცხოვრება და გაიზარდონ ისეთ პირობებში, რომ შეიქმნან უკეთესი მომავალი და მომავალ თაობებსაც მისცენ მაგალითი.

ბევრმა შესაძლოა თქვას: რა დროს ოპერის თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების მშენებლობაა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მტერი დგას, როდესაც გვშია და არ გვაქვს სამუშაოო, მაგრამ მინდა გითხრათ, ეს არის დასაქმების დამატებითი წყარო, ტურიზმის მოზიდვის წყარო. თუ დღეს აჭარა იღებს 200 ათას ტურისტს, ზუსტად ორ წელიწადში მილიონნახევარი ტურისტი ჩამოვა, ხოლო ხუთ წელიწადში 4-დან 6 მილიონამდე ტურისტი გვეყოლება. მე ამის გარანტიას გაძლევთ და იცით, რომ არასდროს არ მომიტყუებიხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანის ოჯახში შევა შემოსავალი.

ყოველივე ამას ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთებთ.

საქართველოს აქვს უნიკალური კულტურა.

ძალიან ბევრი ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არის, მაგრამ ჩვენი მსგავსი ორკესტრები და მომღერლები ძალიან ცოტას თუ ჰყავს. ამით მარტო თბილისი არ გამოირჩევა - ნახეთ, როგორი მუსიკალური კოლექტივებია ქუთაისში, როგორი მუსიკალური ტრადიციებია ჩვენს საყვარელ ბათუმში, ნახეთ როგორი ფოლკლორული ანსამბლებია თითოეულ პატარა ქართულ სოფელში. ათას ადგილზე საბავშვო და დიდ კოლექტივებს ჩოხები და ფორმები შევუკერეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველას არც ეყო...

ამას წინათ ქობულეთის ერთ პატარა სოფელში ვიყავი, იცით როგორი ანსამბლი ჰყავდა ამ სოფელს? ნახეთ როგორი ჯგუფებია ხულოსა და ქედაში.

ჩვენ ხალხს აქვს უნიკალური ნიჭი. ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო საოპერო ვარსკვლავები. ამ ერთ პატარა ქვეყანას ჰყავს უფრო მეტი საოპერო და საბალეტო ვარსკვლავი ვიდრე ჰყავს ჩვენზე ათჯერ და ოცჯერ დიდ ქვეყნებს, ვიდრე მთელ შუააზიას ერთად აღებულს, ვიდრე ჰყავს ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებს. როგორი გაჭირვებაც არ უნდა იყოს, ეს ტრადიცია არ უნდა დავკარგოთ, ყოველივე ეს უნდა შევინარჩუნოთ და როდესაც ამ თეატრის, ამ დარბაზის შენებლობა დასრულდება, რაც ერთ წელიწადში მოხდება, აქ გაიმართება საერთაშორისო ფესტივალები.

ამ ოპერის თეატრს მომავალ წელს გავხსნით მსოფლიო საოპერო ფესტივალით, რათა აქ დამატებით ათობით ათასი ადამიანი ჩამოვიყვანოთ და რუკაზე ბათუმი დამკვიდრდეს როგორც ფესტივალების და კონცერტების, კულტურისა და აღმავლობის დედაქალაქი.

ამას ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთებთ.

მეორე მხარეს ერთ კვირაში ვიწყებთ შავი ზღვის ყველაზე დიდი სასტუმრო კომპლექსის "ჰაიატის" მშენებლობას, რაც ერთ წელიწადში დასრულდება. საბოლოოდ, ჩვენ მაღალი დონის ხალხის მისაღები ადგილები იმ რაოდენობით გვექნება, როგორიც არ ექნება მთელ შავიზღვისპირეთის ნებისმიერ ამ ზომის ქალაქს.

მარტო ამ სასტურმოში უახლოეს კვირაში დასაქმდება 500-700 ბათუმელი; "ჰაიატის" მშენებლობაზე დასაქმდება ათასზე მეტი ადამიანი. უახლოესი თვეების განმავლობაში ბათუმში სამშენებლო სექტორში დამატებით 10-დან 20 ათასამდე ადამიანი დასაქმდება, იმის მიხედვით როგორ წავა მშენებლობის საქმე.

აი ეს არის ის, რაც მოაქვს ინვესტიციებს, რაც მოაქვს განვითარებას.

ეს მარტო განათება კი არ არის, ეს მარტო შადრევნები კი არ არის როგორც ამაზე ხშირად დაგვცინიან კიდეც, ეს არის ხალხისა და ფულის მოზიდვა, საბოლოოდ კი, უკეთესი ცხოვრება.

დღეს ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს, დღეს ჩვენს ხალხს დიდი სიმწარე აქვს, მაგრამ რა სიმწარეც არ უნდა გვქონდეს, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ყველაზე უარესი დღეს ხელის ჩაქნევაა.

ნურას უკაცრავად! ვინმემ შეიძლება ჩაიქნიოს ხელი, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ; ვიღაც დანებდება, მაგრამ ჩვენ - არასდროს; ვიღაც პესიმიზმით შეხედავს მომავალს, მაგრამ ჩვენ მუდმივ ოპტიმისტებად დავრჩებით, რადგან ეს ქალაქი და გაჩირაღდნებული შენობები ამის საფუძველს თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად გვაძლევს.

ოთხ წელიწადში მე აღარ ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა ყოველივე ეს უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს. როდესაც მომავალი თაობა იკითხავს რა დავუტოვეთ ჩვენ მათ, იტყვიან, რომ ავაშენეთ ყველაზე კარგი ტურისტული ცენტრი შავ ზღვაზე, ავაშენეთ ყველაზე ლამაზი ოპერა ევროპაში, ავაშენეთ ახალი ბარსელონა საქართველოში და რა მთავარია უკეთესი ცხოვრება ამ და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ უნდა გავუკეთოთ ეს ჩვენს მომავალს.

ჩვენ ამას უნდა მოვაყოლოთ მუსიკალური განათლების არნახული გაშლა, მუსიკის პედაგოგების შემდგომი დაფინანსება და ახალი მუსიკალური სკოლების გახსნა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და ახალი ვარსკვლავების გაყვანა მსოფლიო სცენაზე. ამის პარალელურად, მინდა დღეს მათ, ვისაც არც სიმღერა შეგვიძლია და არც ცეკვა, ის მაინც შევძლოთ, რომ მშენებლობა დავიწყოთ და პირველი მოკრძალებული აგური ჩავდოთ დიდი ქართული ნიჭიერების მომავალ გენოფონდში.

მინდა ყველას მოგესალმოთ და დავიწყოთ ბათუმში ევროპის საუკეთესო ოპერის თეატრის მშენებლობა, რომელიც მომავალი წლის, 2010 წლის ზაფხულში გაიხსნება და რომლითაც ყველა ვიამაყებთ.

გმადლობთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური