საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის სამხედრო-სასაფლაო მემორიალი გახსნა

5/26/2009

პატივცემულო ოფიცრებო, სერჟანტებო, ჯარისკაცებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი გმირების ოჯახის წევრებო, დედებო, მამებო, შვილებო, დებო და ძმებო! მოგესალმებით თითოეულ თგვენგანს.

დღეს ჩვენ აღვნიშვნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, იმ დღეს, რომელსაც, ჩვენი მტრის გეგმებით, 2009 წლის 26 მაისს აღნიშვნა არ ეწერა.

მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან, 12 აგვისტოს რუსული ტანკები თბილისის მისადგომებთან იდგა. რუს გენერლებს თბილისის აღების, ჩვენი ხუთჯვრიანი დროშის ფეხქვეშ გათელვის, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთხელ და სამუდამოდ დასამარების ბრძანება ქონდათ მიღებული; ე.ი. - კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ გამეფების, შუააზიის და კასპიის რეგიონის გაკონტროლებისა და საბჭოთა კავშირის აღდგენის ბრძანება.

ეს ერთხელ უკვე მოხდა.

1921 წელს, იმ პირობებში,როდესაც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ გაქცევით უშველა თავს და მხოლოდ რამდენიმე ასეული მებრძოლი, ახალგაზრდა იუნკერები, დარჩენილი ქართველი გენერლები ამაგრებდნენ ფრონტს, ისინი კოჯორთან, ტაბახმელასთან, თბილისის ცენტრში შეაკვდნენ ბევრად უფრო ნაკლებად შეიარაღებულ რუსეთის ჯარს და საქართველოს დამოუკიდებლობა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დამთავდრა.

მაშინდელ მთავრობას ეგონა, რომ დროებით გადიოდა ბათუმიდან, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მოესწრო საქართველოს გათავისუფლებას.

ჩვენ ეს გაკვეთილი კარგად ვისწავლეთ.

ჩვენ კარგად ვიცით,რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო ვითარდებოდა, მთელი ეპოქა დავკარგეთ და დღემდე ვებრძვით იმ სიმახინჯეს, რაც რუსეთის იმპერიამ დაგვიტოვა. ეს სიმახინჯე საქართველოში ამ დღეებშიც გვებრძვის, მაგრამ მთავარი რამ შეიცვალა და შარშან ეს ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ. უწინარეს ყოვლისა, ეს დაამტკიცეს იმ ბიჭებმა, რომლებიც აქ, ამ მემორიალთან, ამ ძმათა სასაფლაოზე წვანან.

მე ბევრჯერ მომიხდა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა თუ რა საჭირო იყო საერთოდ შებრძოლება და წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენზე უფრო მდიდარი და მრავალრიცხოვანი ევროპული ქვეყნები, ასეთი ურიცხვი ჯარის შემოსევის პირობებში, უპირობოდ ნებდებოდნენ და აბარებდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ზოგიერთმა მათგანმა საერთოდაც შეწყვიტა არსებობა ამ ეპოქების განმავლობაში.

არის რამდენიმე ერი ევროპაში, რომელიც ბოლომდე იბრძოდა, ასეთები არიან პოლონელები, ლიტველები, უნგრელები და კიდევ რამდენიმე ერი, რომელიც წინააღმდეგობას სწევდა.

საქართველოში შარშან აგვისტოში შემოვიდა იმ რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და ჯარი, რა რაოდენობაც 1978 წელს ავღანეთში და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შევიდა. ჩეხოსლოვაკიაც და ავღანეთიც ჩვენზე ბევრად დიდი ქვეყნებია, მაგრამ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული მათ რამდენიმე საათში დაიკავეს, ხოლო მთლიანად ავღანეთი - რამდენიმე დღეში.

ჩვენ, ალბათ, დავაგვიანეთ კიდეც პასუხის გაცემა.

ამ დღეებში ველაპარაკებოდი ომ ხალხს, რომლებიც 7 აგვისტოს წინა დღეებში იყვნენ იმ სოფლებში, რომლებსაც უშუალოდ ემუქრებოდა საფრთხე, რომლებსაც დღე და ღამე ნაღმტყორცნებით ბომბავდნენ, რომლებშიც დღე და ღამე ხალხს კლავდნენ და სახლებს უნგრევდნენ.

იქ მყოფ ჯარისკაცებს მივეცი განკარგულება რომ მათთვის პასუხი არ გაეცათ. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რადგან რამდენიმე მათგანი ამ გადაწყვეტილებას შეეწირა. ადგილობრივი ხალხი ჩვენს ჯარისკაცებს ეკითხებოდა: "რატომ არ ცემთ პასუხს? თუ თქვენ არ გსურთ პასუხის გაცემა მოგვეცით იარაღი და ჩვენ გავცემთ პასუხს". ჩვენი ჯარისკაცები კი ბრძანებას ელოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი უკვე დაჭრილი იყო, ხოლო რამდენიმე მათგანი ამას შეეწირა კიდეც.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ არავის, მათ შორის არც ერთ ადგილობრივ მოსახლეს არ დარჩენოდა იოტისოდენა ეჭვი, რომ პირველები ჩვენ ავყევით პროვოკაციას, დავიწყეთ სროლა და გადავედით შეტევა. ამას ჩვენი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შემდეგ როკის გვირაბი გადმოკვეთა ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორთა დიდმა რაოდენობამ. მას შემდეგ, რაც ცალმხრივად შევწყვიტეთ ცეცხლი, დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დაბომბვა. ჩვენც იძულებული გავხდით პასუხი გაგვეცა.

ჩვენმა ჯარისკაცებმა გმირულად იომეს.

ცხინვალში მყოფმა ძალებმა ჩვენებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ჩვენებმა ისე გაიარეს ყველა პოსტი, ისე აიღეს ყველა სიმაღლე, რომ წლების განმავლობაში ნავარჯიშებმა ვერც ერთმა შენაერთმა და რუსულმა ჯგუფმა ვერ შეძლო სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა.

ამასობაში, მთელი ძალა როკის გვირაბიდან ჯავამდე და შემდგომ ქვემოთ - დიდ გუფთამდე (იქ არსებული გზაგასაყარი) სავსე იყო რუსული ტექნიკით.

2000-ზე მეტი ჯავშანტექნიკა იყო შემოყვანილი საქართველოში ანუ იმდენივე, რამდენიც შევიდა ავღანეთში.

ჩვენმა მფრინავებმა, რომლებსაც მკაცრი მითითება ჰქონდათ არ დაებომბათ ცხინვალი და მათ ეს შეარულეს, დაბომბეს რუსული ჯავშანტექნიკა უღელტეხილზე. შედეგად, უზარმაზარი კოლონა განადგურდა. ჩვენმა სატანკო ნაწილებმა გაანადგურეს რუსული ჩრდილოეთ კავკასიური არმიის, მთავარი 58-ე შენაერთი. ამ არმიის გენერალი ხრულოვი, რომელსაც გაუნადგურეს რამდენიმე ადგილობრივი ჯავშანტექნიკა და ასობით ინტერვენტი ჯარისკაცი, იძულებული გახდა ბრძოლის ველიდან მძიმედ დაჭრილს გაქცევით ეშველა საკუთარი თავისთვის მძღოლის ამარა. ბოლო რუსი გენერალი, რომელიც ამ ვითარებაში დაჭრეს, მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

ამგვარად, პირველადი გეგმა, თითქოს სეპარატსტული შენაერთები უპირისპირდებოდნენ საქართველოს მთავრობას, ჩაეშალათ. მათ უნდოდათ ეთქვათ, რომ საქრათველომ წააგო ომი კოკოითთან - ვიღაც ყაჩაღთან, თავის რამდენიმე ასეულ ბანდიტთან ერთად.

მეორე გეგმის მიხედვით უნდა ეთქვათ, რომ 58-ე არმია ვითომ სამშვიდობოების დასახმარებლად ჩამოვიდა, რადგან სამშვიდობოებს დაესხნენ თავს; თითქოს რუსეთი ომში არ ჩარეულა და სამშვიდობოების გამაგრების მიზნით გაგზავნეს ძალა. 58-ე არმია, რომელიც შეიარაღებით მთელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აღემატება, ჩვენებმა ადგილზე დაამარცხეს და გააქციეს.

მას შემდეგ, რაც მტრის ყველა ჩანაფიქრი ძირშივე აღიკვეთა, ყველა ამ მპროვოკაციის და ოპერაციის დამგეგმავმა და ორგანიზატორმა ვლადიმერ პუტინმა შეწყვიტა მივლინება და ჩაფრინდა ვლადიკავკაზში. მან შეკრიბა ყველა რუსი გენერალი, 2 საათის განმავლობაში ძალიან უხეშად მიმართვდა მათ და აიძულა, რომ ყველა ბრძოლისუნარიანი რუსული შენაერთი, რუსეთის სახმელეთო ძალის 90 პროცენტი შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში ამ პატარა ადგილზე. შენაერთები გადმოისროლეს ფსკოვიდან, როსტოვიდან, მოსკოვიდან. ამ შენაერთების დიდი ნაწილი, სწორედ ამ ომში მონაწილეობის მისაღებად, წინასწარ იყო მომზადებული ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე სწავლებების წყალობით.

საქართველოს 200 რუსული თვითმფრინავი ბომბავდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არც ერთ ცალკე აღებულ მომენტში ამდენი თვითმფრინავი არ დაუკარგავს რუსეთს, რამდენიც იმ რამდენიმე დღეში საქართველოში დაკარგა - ჩვენმა საჰაერო დაცვის სისტემამ მწყობრად იმუშავა.

ამას წინათ, რუსეთის საჰაერო ძალების სარდლის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც აღიარა, რომ ის თავად სთხოვდა რუს მფრინავებს საქართველოს დასაბომბად გამოფრენას, მაგრამ მრავალმა მფრინავმა ამაზე უარი თქვა. იგი იძულებული გახდა პოლკების მეთაურები დაესვა თვითმფრინავების სამართავად და ამით ხსნიდა მათი თვითმფრინავების ჩამოყრის ფაქტს. თავადვე აღიარა, რომ ვინაიდან, პირადი შემადგენლობა არ დაემორჩილა და გამოუცდელი ადამიანები მართავდნენ საფრენ აპარატებს, გადაწყვიტეს თვად დაებომბათ საქართველო.

რომ არა ეს 200 თვითმფრინავი, ისინი ვერ დაიკავებდნენ ჩვენს სოფლებს და ვერ გამოყრიდნენ მოსახლეობას.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას იმ დღეებში მთელი მსოფლიო უცხადებდა სოლიდარობას. თბილისში ექვსი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი ჩამოფრინდა, მათ შორის ხუთი - ერთი თვითმფრინავით. მათ არ მისცეს უსაფრთხოების გარანტია, თუკი მათი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეს გადმოკვეთდნენ. ისინი მაინც ჩამოვიდნენ და დადგნენ ქართველ ხალხთან ერთად.

ასობით ათასი მოქალაქე დაბომბვის საფრთხის ქვეშ გამოვიდა ქუჩაში და მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი ერთიანობა და ჯარის მხარდაჭერა. მსგავსი ერი ძალზე ცოტაა მსოფლიოში, ასეთი გამბედაობა კი - ფანატიზმისა და სიბრმავის გარეშე - ძალზე იშვიათი.

ეს მხოლოდ დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ერებს ახასიათებთ. საქართველოს ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ეს თვისება აღმოაჩნდა. ეს ყველაზე მთავარი გაკვეთილია, რომელიც ჩვენც და ჩვენმა მტერმაც უნდა გაითვალისწინოს.

დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ჯარის ოფიცრებთან და ჩვენი გმირების ოჯახებთან ერთად, ვსაუბრობთ არა წარსულზე, არამედ მომავალზე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ქართველ ჯარისკაცს, ცოცხალს და მათ ვინც ცოცხალი აღარ არის, თითოეულ ქართველ კაპრალსა და ოფიცერს, თითოეულ ქართველ გენერალს; მინდა მოვიხარო ქედი მათი გმირობის, გამედაობისა და შეუპოვრობის წინაშე.

მინდა გითხრათ ძმებო - მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.

აქ არიან პარლამენტარები, პოლიტიკოსები, ყველას ვისაც გვიყვარს სამშობლო - ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა და თუ საჭიროა თავიც გავწიროთ.

ჩვენ ყველას გვსურს მოვესწროთ იმ დროს, როდესაც ბოლო უცხოელი ოკუპანტი, მტრის ბოლო შენაერთი ერთხელ და სამუდამოდ დატოვებს საქართველოს წმინდა მიწას.

საქართველომ შარშან დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა და აჩვენა მსოფლიოს რომ ჩვენ ვართ მთელი რეგიონის თავისუფლების კარიბჭე.

ჩვენ შემოგვყურებს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ჩვენგან აღმოსავლეთით მდებარეობს.

საქართველოს დაცემა ნიშნავს ამ ქვეყნების დაცემას და განადგურებას.

ასე მოხდა 1921 წელს.

ჩვენ შემოგვყურებენ ჩეხები, უნგრელები, სლოვაკები, პოლონელები, უკრაინელები, ლიტველები, ბულგარელები, რუმინელები და ბევრი სხვა ერები დანარჩენ მსოფლიოში.

ის თუ რამდენად ამაყად იფრიალებს ჩვენი დროშა, განაპირობებს, მათ შორის, ამ ქვეყნების თავისუფლებას, მომავალს, ხოლო, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ღირსებას და თავისუფლებას.

ჩვენ ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც ომის დროს იმალება; როცა მტერი კარს ადგება, თუ იგრძნო, რომ შეიძლება ფეხი დაგვიცდეს, აუცილებლად შეეცდება ციხის კარის შიგნიდან გატეხვას და გაღებას. თუმცა ასეთი ხალხი როდესმე უმრავლესობაში რომ ყოფილიყო, საქართველო დღეს ვერ იარსებებდა.

საქართველო ძლიერია იმით, რომ ყოველ შეშინებულ, გაყიდულ, გაქცეულ, არაპატრიოტზე მოდიოდა საქართველოს მრავალი დამცველი და თავის გამწირავი, ქართველებთან ერთად, სხვადასხვა ეთნოსისა და ეროვნების ადამიანი. ასეთი გმირების სახელები ბევრი ვიცით, მაგრამ ათასჯერ და ათიათასჯერ მეტნი არიან ისინი, ვისი სახელებიც არ ვიცით.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ახალ წელს ეთნიკური ოსების ოჯახში შევხვდი. ეს ხალხი ისეთივე პატრიოტია, როგორიც დანარჩენი ჩვენგანი.

ჩვენ ჯარში მსახურობენ აფხაზები, ოსები, რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები და სხვა ერის წარმომადგენლები.

რომ არა ამ ეთნიკური ჯგუფების ერთიანობა საქართველო დღეს არ იარსებებდა.

საქართველოს 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და დიდი ბრძოლა გვიწევს მშვიდობისთვის.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ინფორმაციის შესაგროვებლად აგრესიის გამო დაზარალებულ ადგილებში საბრძოლო ვითარების დროსაც ჩამოდიოდნენ და ომის შემდეგაც. მათ ეთნიკურ ოსებს ჰკითხეს თუ როგორ იქცეოდნენ იქ ქართველი ჯარისკაცები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა ომში ევროპაში, ამ გამოკითხვის დროს საშინელი სურათი იკვეთებოდა. ომის მსხვერპლი მხარე ყოველთვის ყვებოდა ძარცვა- გლეჯვაზე, მკვლელობებზე, ძალადობასა და გაუპატიურებაზე.

სრულიად სხვა ვითარება იყო საქართველოში - ყველა გამოკითხული ადამიანი ამბობდა, რომ ქართველი ჯარისკაცები შემოდიოდნენ და ამბობდნენ: ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თქვენ დაგიცვათო.

ვშიშობდი, რომ ეს ხალხი არაობიექტური იქნებოდა, მაგრამ ეტყობა ეს შეუძლებელი იყო. ყველა გამოკითხული ადამიანი ამბობდა, რომ ქართველი ჯარისკაცები მხოლოდ დახმარებას სთავაზობდნენ.

როდესაც ეს წავიკითხე, საოცარად ამაყი ვიყავი ჩვენი ჯარისკაცების ამ საქციელის გამო.

ეს გადამთიელები, საქართველოს როდესმე დატოვებენ და ის რამდენიმე ათასი კაცი, რომელიც იქ დარჩა, იქვე დარჩება. იმისათვის, რომ ამათი წასვლის შემდეგ მათ საქართველოში დაბრუნება და ინტეგრირება გაუადვილდეთ, მინდა იცოდნენ, რომ მათი წინააღმდეგი არასდროს არაფერი არ გვქონდა და არც ახლა გვაქვს.

მინდა იგივე იცოდნენ აფხაზებმაც, მაგრამ მათ ეს იციან. აფხაზეთში ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემოვიდნენ და მოახდინეს მისი ოკუპაცია.

თუნდაც ამ საკითხში ჩვენ სულგრძელობა გამოვიჩინეთ, რადგან ჭეშმარიტად გამბედავი და გმირი ხალხი უწინარესად, მტრის მიმართ შეუდრეკელობით და ყველა სხვა ადამიანის მიმართ სულგრძელობითა და თანადგომით გამოირჩევა.

სწორედ ეს აჩვენა ჩვენმა ჯარმა. ამისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა ქართულ ჯარს.

დაბოლოს, საქართველო დგება ფეხზე. ერთი მხრივ, საქართველო აგრძელებს ბრძოლას ჩვენი სრული გათავისუფლებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, აგრძელებს აღმშენებლობას.

ყველაზე დიდი პატივის მიგება ჩვენი დაღუპულის გმირებისათვის იქნება სწორედ ის, რომ საქართველო აშენებული, წარმატებული, შორს წასული, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო გახდება.

ჩვენ ამით მტერსაც გავაკვირვებთ, რომელსაც ჩვენი დაქცევა და დანგრევა გარდაუვლად მიაჩნდა. ალბათ გახსოვთ რა თქვა შარშან პუტინმა სიმწრით, როდესაც ვეღარ შემოვიდა თბილისში: ჩვენ ვერ შემოვედით, მაგრამ ჩვენ საქმეს ქართველი ხალხი დაასრულებსო.

ქართველი ხალხი დაასრულებს იმ ბიჭების საქმეს, რომლებიც გმირულად დაეცნენ და დღეს ამ მემორიალთან, ამ საფლავებში წვანან.

ჩვენ დავასრულებთ საქმეს და ავაშენებთ წარმატებულ და ერთიან საქართველოს.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხი იქნება ნებისმიერი აგრესიის, შემოსევისა და ჩვენი განადგურების მცდელობის მიმართ.

ჩვენი დროშა არასდროს არ დაეშვება.

ის იფრიალებს ამაყად ჩვენი მომავლის და ჩვენი მომავალი თაობების მარადიული თავისუფლების აღსანიშნავად.

ეს ბიჭები დაეცნენ წარსულში, მაგრამ მათ შექმნეს მომავალი.

გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას!

ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის გრძელდება და ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური