ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მოსმენა.
დღეს ჩემთვის მორიგი ბედნიერი დღეა და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს დღეები არ ყოფნიდეს ახალი ფაბრიკების და ქარხნების გახსნისთვის.
ძველი მეურნეობის ნანგრევებზე, დღეს ჩაის ახალ ფაბრიკას ვხსნით მარტვილში.
შეიძლება თბილისში ვინმემ თქვას, რომ ეს არის მორიგი პი-არი, მაგრამ ვისთვის პი-არია და ვისთვის ოჯახის გადარჩენა.
შარშან აქ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჩამოვედი და მარტვილის ცენტრში, დაახლოებით, 2000 ადამიანი იყო შეკრებილი.
მაშინ ვფიქრობდი, 2000 ადამიანი რომ დაგვასაქმებინა უახლოეს მომავალში, ჩემს თავს ბედნიერად ჩავთვლი-თქო.
წელს აქ 1300 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მომავალ წელს, ვიმედოვნებ ეს რიცხვი 2 ათასამდე გაიზრდება. იმ 2 ათას ადამიანს, რომელი ამ ფაბრიკაში დასაქმდება, ძალიან მძიმე შრომა მოუწევს.
დღეს მე ქალბატონ მედეასთან ერთად, რომელიც არის შრომის გმირი და 12 შვილის დედა, მოვკრიფე ჩაი. საკუთარ თავზე გამოვცადე რამდენად მძიმეა ჯერ კიდევ გაჩანაგებულ პლანტაციებში საშინელ სიცხესა და უწყლობაში (წყალი მხოლოდ ახლა შემოგვყავს ამ სოფელში) ჩაის კრეფა. კომუნისტების დროიდან შემორჩენილ ათასი ჰექტრიდან მხოლოდ 200 ჰექტარია აღდგენილი, თუმცა მალე 500 ჰექტრამდე ავალთ.
ამ გაუსაძლის პირობებში, სწორედ ასეთი შრომის ფასად სეზონზე ადამიანი 200-250 ლარს, მაქსიმუმ 300 ლარს აიღებს თვეში. ეს ის 300 ლარია, რომელსაც მათ ვერავინ ვერ დააყვედრებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მოგეხსენებათ, რომ ჩემი მთავარი დაპირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და ქვეყნის დაჩოქება, გაჩანაგება, ჩაბნელება.
მთავარია, ჩვენი სამშობლო ისევ არ აღმოჩნდეს იმ ტალახსა და ლაფში, როგორშიც 90-იან წლებში იყო. არ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როგორც ჩემი პირველი ჩამოსვლისას დაგვხვდა. მახსოვს, ცუდი გზების გამო ჩამოსვლა დავაგვიანეთ, მაგრამ კლუბში, რომელიც გენერატორით იყო განათებული, 600-მდე ადამიანი ბოლომდე გველოდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ხალხის წინაშე მუდმივად ვალში ვიქნებოდი იმის მიუხედავად, როგორი კარიერაც არ უნდა გამეკეთებინა და როგორ თანამდებობაზეც არ უნდა ვყოფილიყავი.
მე დღეს მთელი სოფელი შემოვიარე და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ვნახე. მინდა გავიაზროთ თუ რა არის საქართველო ჩვენთვის...
არ შეიძლება, პრეზიდენტს, რომელიც 5 წელია მართავს ქვეყანას, არ ყავდეს ოპოზიცია. ჩვენ გვყავს ოპოზიცია და ოპოზიცია არის ყველა დემოკრატიული სისტემის ნაწილი.
თბილისის ერთ-ერთი ტელე-არხი ატრიალებს კლიპს, რომელშიც მოგვიწოდებენ დავშალოთ საქართველოს პარლამენტი და ავირჩიოთ ახალი პარლამენტი. ე.ი. გამოვაცხადოთ, რომ ეს პარლამენტი არაფერს არ წარმოადგენს და შარშან ტყუილად გავისარჯეთ, რადგან ის 15 ადამიანი, რომლებიც აირჩიეს პარლამენტში, მაგრამ შემდეგ მათ დახიეს მანდატები, გვეუბნება, რომ ამჟამინდელი დეპუტატები ყველასათვის უცნობია - ამ კლიპის საშუალებით ატრიალებენ მაჟორიტარების გვარებს და ამბობენ ვინ არის ეს ხალხიო.
შეუძლებელია, რომ პრეზიდენტს, რომელიც 5 წელია მართავს საქართველოს არ ყავდეს ოპოზიცია. ჩვენ გვყავს ოპოზიცია და ოპოზიცია არის ყველა დემოკრატიული ქვეყნის ნაწილი.
ერთ-ერთ თბილისურ ტელე-არხით გადის კლიპი, რომლის საშუალებითაც ითხოვენ საქართველოს პარლამენტის დავშლას და ახალი პარლამენტის არჩევას. გამოდის, რომ აქაური მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ტყუილად მოვიდა შარშან არჩევნებზე, ტყუილად გავისარჯეთ და ყოველივე ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან ის 15 ადამიანი, რომელიც მოსახლეობამ აირჩია და რომელმაც შემდეგ მანდატები დახია, ატრიალებს ამ კლიპს, ასახელებს სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების გვარებს და გვეკითხება ვინ არის ეს ხალხი. ყველაზე მეტად თვალშისაცემი იყო ბატონი ნაული ჯანაშია.
თქვენ მარტვილელებმა აირჩიეთ ის პარლამენტში და სწორედ თქვენ მინდა გკითხოთ ვინ არის ნაული ჯანაშია?
გაგიგიათ თუ არა ვინ არის ეს კაცი და გაუკეთებია თუ არა მას თქვენთვის რაიმე,
სწორედ თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ პოლიტიკოსთა იმ ერთ ჯგუფს, რომელიც თბილისში, რუსთაველზეა დაბუდებული.
ამ ადამიანმა თქვა, რომ შექმნიდა სამუშაო ადგილებს და თავის რაიონში შექმნა კიდეც 2000-მდე სამუშაო ადგილი; ნაული ჯანაშიამ თქვა, რომ მეუფე პეტრესთან ერთად, რომელიც ერთ-ერთი ღირსეულია ადამიანი საქართველოში და მე ვამაყობ მასთან მეგობრობით, ააშენებდა ეკლესიას - მან მრთლაც ააშენა ჭყონდიდელის ტაძარი, რომელსაც ღირსეული მეუფე ჰყავს. ჩვენ ვთქვით, რომ მარტვილელებს ექნებოდა ახალი სკოლა და არის ახალი სკოლა. ვთქვით, რომ შემოვიყვანდით წყალს და ამასაც ვასრულებთ; ვთქვით, რომ იქნებოდა გაზი და უახლოესი წლის განმავლობაში ესეც დასრულდება. ასევე ვთქვით, რომ გექნებოდათ ბაგა-ბაღი და სკოლის დამთავრებისთანავე, დავიწყებთ ბაგა-ბაღის მშენებლობას.
მოდით ვთქვათ, რომ საქართველოში იმ ადამიანების გარდა, რომელთაგან ზოგი კარგად და ზოგიც ცუდად, მუდმივად გამოდის ტელევიზიით, ცხოვრობს ის ხალხი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.
მე ყველას პატივს ვცემ და არ მინდა საქართველო დავყოთ პირველ და მეორე ხარისხოვან ქართველებად, პირველი და მეორეხარისხოვანი ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებად - ყველა მხარე, ყველა ქართველი პოლიტიკოსი და ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი თანასწორია.
და ნურც ნურავინ ნუ დაყოფს საქართველოს პირველ და მეორე ხარიხოვან ქართველებად; ნურც ნურავინ ნუ დაყოფს პარლამენტს პირველ და მეორე ხარისხოვან დეპუტატებად.
არ მგონია, რომ ეკა ბესელიას ვინმესთვის იმის მეასედი ჰქონდეს გაკეთებული (თუმცა ღმერთმა ქნას, რომ გააკეთოს) რამდენიც - ნაულ ჯანაშიას.
თქვენ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით დამისვით შეკითხვა. უწინარესად, მინდა იცოდეთ რაშია განსხვავება ჩვენსა და ამ ადამიანებს შორის. მესმის ხოლმე კითხვა: "რატომ გაექცა ამდენი თანამებრძოლი სააკაშვილს და რატომ დადგა მეორე მხარეს?"
უპირველეს ყოვლისა, მინდა იცოდეთ, რომ მათი რაოდენობა არცთუ დიდია - საქართველოს მთავრობის შემადგნელობის 60 პროცენტზე მეტი უცვლელი დარჩა.
ნიკა გილაური იყო ენერეგტიკის მინისტრი, რომელმაც გაანათა საქართველო. მანამდე ამ სფეროში ათეულობით თანამდებობის პირი გამოიცვალა, რომლებიც თქვენს ფულს "ჭამდნენ", მაგრამ ვერც ერთმა ვერ აგინთოთ ნათურა. შემდეგ იგი ფინანსთა მინისტრი გახდა და შეავსო ბიუჯეტი. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრია.
თანამდებობის პირთაგან ასეთი ძალიან ბევრია.
ჩემი მთავარი პრინციპია ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მას ვაშენებთ კიდეც.
მე არ მაღელვებს იქნება თუ არა ჩემი მეგობარი თუ ახლობელი კონკრეტულ თანამდებობაზე.
ჩვენი სიცოცხლე, შრომა და არსებობა, ჩვენს ხალხს ეკუთვნის. ამიტომ, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა იციან, რომ ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა აქ აქვს როგორი და რამდენად კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. მხოლოდ არის რამდენიმე პრინციპი, რომლის ერთგულნიც ვართ:
პირველი არის ის, რომ ჩვენ ვემსახურებით საკუთრ ხალხს და არა საკუთარ ოჯახსა და ამბიციებს.
მეორე - კორუფციის თვალსაზრისით, ხელზე არაფერი არ "გვეკრობა" - ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც კორუფცია დაამარცხა და ამით ვამაყობ.
მესამე პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც დღე და ღამე მუშაობს, მუდმივად მოქმედებაშია, არ უშინდება არც ერთ გამოწვევას და საკუთარ თავზე მაღლა აყენებს ჩვენი შვილების მომავალს და საქართველოს.
თქვენ ის კი არ უნდა მკითხოთ გამოვიცვალე თუ არა ხალხი, თქვენ უნდა მკითხოთ და ყოველდღე უნდა გაინტერესებდეთ ის, შევიცვალე თუ არა ეს პრინციპები.
მე ამ პრინციპებისთვის არ მიღალატია და გაძლევთ სიტყვას, რომ მათი ერთგული ბოლომდე დავრჩები. იმ ხალხს, რომელმაც ჩვენს საერთო პრინციპებს უღალატა, ჩვენ დავემშვიდობეთ და მომავალშიც ასე ვიმოქმედებთ.
ჩვენ არასდროს არ ვიქნებით "ჩვენიანის" მხარეს. ჩემიანები ხართ თქვენ!
როდესაც როდესაც ჩემი ერთ-ერთი მინისტრი იმიტომ გადადგა, რომ შევამჩნიეთ ხელი გაისვარა და საქციელიც აშკარად შეიცვალა, გული გახეთქვაზე მქონდა. ის კარგად მიხვდა, რომ ეს შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია, შეეშინდა და გადადგა. ალბათ, იფიქრა კიდეც: თუ ოპოზიციაში წავალ, ხელს არ დამაკარებენო. ნურას უკაცრავად! რამდენად დიდი პოლიტიკური ზიანიც არ უნდა მოგვადგეს, ჩვენს პრინციპებს არ ვუღალატებთ. ჩემი ამოსავალი წერტილი არის ის, თუ რა არის სწორი და სასიკეთო საქართველოსთვის.
შარშან ნინო ბურჯანაძე ჩვენთან მოვიდა და გვითხრა, რომ მას ჰქონდა იმ ხალხის სია, რომელიც უნდა შესულიყო პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ეს სია ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ იქ შეყვანილი ჰყავდა საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები, ნათესაური, ოჯახური, მეგობრული ნიშნით. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო, რადგან ამ პრინციპით ხალხის შერჩევა არ ხდება.
ჩემი არც ერთი ნათესავი რომელიმე სერიოზულ თანამდებობაზე არ მუშაობს. ამით კი არ ვამაყობ ამით, ეს ასეც უნდა იყოს - თუ ნათესავებს ემსახურები, ქვეყნისთვის დრო არ დაგრჩება.
ამ სიაში იყო, მაგალითად, შალვა ობგაიძე, რომელიც, ბურჯანაძის მოთხოვნით, აუცილებლად უნდა ჩაგვესვა საარჩევნო სიაში. შალვა ოგბაიძე იყო ყოფილი "გაის" უფროსი. ყველა მცდელობის მიუხედავად შეგვეცვალა ეს სტრუქტურა ამ ადამიანის მეშვეობით, არაფერი გამოვიდა, რადგან წესიერი ხელმძღვანელი არ იყო და ამას ყველა ხედავდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეშალა "გაი", მაგრამ იგი ბოლომდე გვიწევდა წინააღმდეგობას.
ამ ფაქტიდან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძეს ვკითხე: "როგორ ავუხსნა საზოგადოებას რატომ ბრუნდება შალვა ობგაიძე პარლამენტში, მაშინ, როდესაც 40 გავუშვით პოლიციიდან იმის გამო, რომ იგი სათანადოდ ვერ მუშაობდა?" მხოლოდ იმიტომ უნდა დაგვებრუნებინა ეს ადამიანი, რომ ბურჯანაძის ოჯახის მეგობარი იყო?
ხომ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ეს ხალხი უნდა ყოფილიყო თანამდებობაზე? რა პრინციპით უნდა აგვერჩია საქართველოს პარლამენტის დეპუტატად?
ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით, მაგრამ რადგან ერთპიროვნულად მსგავს გადაწყეტილებებს არ ვიღებ, ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო - ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილება.
იმ წუთში ნინო ბურჯანაძეს ეყო სინდისი ეთქვა, რომ განსხვავებული აზრი არ გვქონდა და რომ ჩვენ, უბრალოდ, გვარებთან დაკავშირებით ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. თუმცა ეს იყო პრინციპული განსხვავება. გვარები არაფერს წყვეტდა, რადგან საქმე გვქონდა პრიციპთან - რის მიხედვით ვაკომპლექტებთ ქვეყნის პარლამენტს: კლანური, ნათესაური კორუმპირებული პრინციპით თუ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენ დავრჩით ჩვენს პრინციპებზე და, რა თქმა უნდა, ამით გავიჩინე პრობლემა.
დღეს მათი ბრძოლა, რა თქმა უნდა, არის სამკვდრო-სასიცოცხლო, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ დაუმსახურებლად ჩამოართვეს პრივილეგია. მე კი მწამს, რომ საქართველოში არსებობს მხოლოდ ერთი პრივილეგია - ემსახურო საკუთარ ხალხს და არა რაიმე სახის კორუმპირებულ ან კლანურ ინტერესებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტი იყო ზურაბ ნოღაიდელი.
ჩვენ გვყავდა რამდენიმე ძალიან ღირსეული პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, ლადო გურგენიძე. იგი ძალიან ძლიერი პრემიერი იყო და რომ არა მისი ჯანმრთელობის არც თუ სახარბიელო მდგომარეობა, ნამდვილად არ გავუშვებდი თანამდებობიდან. ის დღესაც გვეხმარება - მთელ მსოფლიოში დადის და იზიდავს ინვესტიციებს. ლადო ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტია.
პრემიერ-მინისტრი იყო ასევე გეგა მგალობლიშვილი და თითქოს დაგვებედა, მასაც ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა. ისიც ღირსეული ქართველი და დიდი პატრიოტია.
ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობიდან გაშვების გადაწყვეტილება იმის გამო მივიღე, რომ გამიჩნდა ეჭვი მისი კეთილსინდისიერებისა და მუშაობის ეფექტიანობის თვალსაზირისით. სამწუხაროდ, რაც დრო გადის ამ გადაწყვეტილების სისწორეში სულ უფრო ვრწმუნდები. თუმცა, ძნელია, როცა ამხელა თანამდებობის პირი რამეში გარწმუნებს, მუდმივად გადაამოწმო. რა თქმა უნდა, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ როგორც კი აღმოვაჩინე, რომ შევცდი, თანამდებობიდან გავუშვი კიდეც.
ნოღაიდელს დღეს ძალიან ბევრი ფული აქვს. სამწუხაროდ, მინდა ვაღიარო, რომ შესაძლოა, ეს ფული ჩემი პრეზიდენტობის დროსაც აკეთა. ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის განცდა, რომ იმ დროს, როდესაც თქვენთან ერთად, ყველა ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებას ვცდილობდით, ვიღაცისთვის ეს იყო მეორეხარისხოვანი იყო და პირველ ადგილს იკავებდა თქვენს ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ამ ფულით გამდიდრება, რათა შემდეგ პოლიტიკური პარტიები დაეფინანსებინა და ჩვენ დავეშანტაჟებინეთ.
მინდა იცოდეს მანაც და ყველა დანარჩენმაც, რომ თუკი მთავრობაში ყოფნისას ხელს რამე გააყოლა და დღეს თავის თავს ოპოზიციას უწოდებს; თუკი კანონი დაადგენს და აღმოაჩენს რომ ეს ასეა, ქართული სახელმწიფო ამას არ აპატიებს. ნურავის ნუ ექნება იმედი და ილუზია, რომ საქართველოს სახელმწიფო უკან დაიხევს.
ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნის არსებობისა და მისი მომავლისთვის ვიბრძვით.
ჩვენ დღეს ვართ ბრძოლაში, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოებრიობა ან გაიმარჯვებს ან, ღმერთმა არ ქნას ფეხი გადადგვიბრუნდეს, საუკუნეების განმავლობაში დასამარდება - ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება.
დიდი საერთაშორისო ბრძოლა მიმდინარეობს და ჩვენ სწორედ მასში ვართ ჩართული.
ამბობენ-ხოლმე, რომ საქართველო ომის შემდგომ ვითარებაში იმყოფება და ამიტომ მთელ პოლიტიკურ სტრუქტურას ხელახლა უნდა გადავხედოთ. ნეტავ, ომის შემდგომ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვიყოთ!
ომის შემდგომ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ ვიქნებით, როდესაც საქართველო მთლიანად გათავისუფლდება.
დღეს ჩვენ ბრძოლაში მყოფი ქვეყანა ვართ და ორი გამოსავალი გვაქვს - დავნებდეთ და გავაკეთოთ ის, რაც უნდა საქართველოს მტერს ან მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე. შუალედი აქ არ არსებობს.
მტერთან მოლაპარაკების, დაზავებისა და ურთიერთობის გამოსწორების ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ის, რაც მას არ სურს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაა. ცხინვალი რომ მათ არ ჭირდებათ, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ რა გგონიათ მართლა აფხაზეთი სჭირდებათ? რა თქმა უნდა, აფხაზეთიც ჭირდებათ, მაგრამ უპრიველესი, რაც მათ ნამდვილად სჭირდება არის ის, რომ საქართველო არ არსებობდეს, რადგან საქართველო არსებობის შემთხვევაში, გამორიცხულია, მათ აფხაზეთი შერჩეთ. ამის ერთპროცენტიანი შანსიც კი არ არსებობს! ეს არც 20-იან წლებში არსებული ვითრებაა და არც ბერლინის კედლის ანალოგი.
1993 წელს რუსეთმა გამოგვაგდო აფხაზეთიდან. ისარგებლა მაშინდელი მთავრობის უუნარობით, საქართველოს უშიშროების მინისტრად დაანიშნინა იგორ გიორგაძე, ასევე დაანიშნინა თავდაცვისა და შსს-ს მინისტრები, რომელიც ზუგდიდში ხვრეტდნენ ხალხს და მთავარი რაც გააკეთებინა, ხელი მოაწერინა სამშვიდობო ჯარის შემოყვანის დოკუმენტს. ეს სრულიად დაუშვებელი იყო - იმ ხელშეკრულებით არ შეიძლებოდა სამშვიდობოების შემოყვანა.
შემდეგ მოაწერეს ხელი მოსკოვის ხელშეკრულებას - მეორე დოკუმენტს, რომელმაც პრაქტიკულად "აგვაფეთქა". რუსეთმა სამშვიდობოების ყოფნა გამოიყენა იმისათვის, რომ საქართველოსთვის დარტყმა მიეყენებინა, მოეხდინა ჩვენი რეგიონების ოკუპაცია და წამოსულიყო თბილისზე. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ყოველივე ამის ხელმოწერაზე ჩვენ უარი ვთქვით. რუსეთმა ისარგებლა პაუზით და ჟენევაში გაეროს სამდივნოს მოელაპარაკა, რომ აფხაზეთს აღარ მოიხსენიებდნენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად. ეს რომ ყოფილიყო 1993 წელი, შევარდნაძე ამას გადაყლაპავდა.
მე დავურეკე ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე ხელმძღვანელს და ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა ნიკოლა სარკოზისთან. ჩვენი პრონციპული პოზიციის შედეგად დღეს გაეროში ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, როგორიც არ გვქონია 1993 წლიდან.
ჩვენ ვთქვით, რომ ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევდით უკან ჩვენი ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენი მოწინააღმდეგის მუქარის, შანტაჟისა და დაშინების პირობებშიც კი, ერთ სიტყვასაც არ მოვაწერთ ხელს, თუკი ის ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებში ეჭვქვეშ დააყენებდს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
როდესაც ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა რუსების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩამოიტანეს და როდესაც თბილისში მოლაპარაკებას ვმართავდით, რუსეთის ტანკები დედაქალაქს იყო მომდგარი.
რუსეთმა გამოაგზავნა დოკუმენტი, რომელშიც აფხაზეთის სტატუსი ღია რჩებოდა. ამ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა ნიშნავდა იმას, რომ რუსები საქართველოს დაიპყრობდნენ.
ზოგიერთმა უცხოელმა ისიც კი მითხრა: "თუ ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერეთ, ამ სასახლეში ხვალ დილით რუსი გენერლები იჯდებიან".
მე მათ ვუპასუხე, რომ არასდროს, საღ აზრზე მყოფი ხელს არ მოვაწერდი საქართველოს ტერიტორიების გასხვისებას. მე ვთქვი, რომ თუკი ისინი ხვალ ამ სასახლისკენ წამოვიდოდნენ, ჩემი და ჩემი მეგობრების სიცოცხლის ფასად მოუწევდათ თბილისის აღება.
სანამ ხელი მოწერილი არ იქნებოდა, საქართველოს ბრძოლა გრძელდებოდა და საქართველოს ტერიტპროების დაბრუნების იმედი იცოცხლებდა. ხელმოწერის შემთხვევაში კი ჩვენი საქმე წასული იქნებოდა და არც დამხმარე გვეყოლებოდა ვინმე.
რა თქმა უნდა, ჩვენი მტრის გეგმა თბილისის აღება იყო. შარშან მთელი წლის განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ საფრთხე გვემუქრებოდა და რიგგარეშე არჩევნების პოლიტიკური დაპირისპირების, არეულობისა და მანდატების დაჭრის დრო არ იყო. ოპოზიცია ამბობდა: სააკაშვილი ყველაფერს იგონებს იმისათვის, რომ ხმები მოაგროვოსო. თუმცა შემდეგ დადასტურდა, რომ არაფერს არ ვიგონებდი, თანაც არჩევნები მოგებული გვქონდა, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა.
როდესაც რაკეტა დაეცა წითელ უბანს გამოვიდა ერთი პოლიტიკოსი და თქვა, რომ ეს არის სააკაშვილის დადგმა იყო. რუსებსაც ეგ უნდოდათ - გაატირაჟეს, თვითონ ქართველები ამბობენ რომ თავად დაბობმეს ტერიტორიაო.
შარშან აპრილში, როდესაც პროვოკაციები დაიწყო ამბობდნენ, რომ სააკაშვილი შეთანხმდა პუტინთან, პუტინს უნდა სააკაშვილმა მოიგოს არჩევნებიო.
საინტერესოა, რამდენჯერ უნდა წავიტეხოთ კისერი ერთი და იგივე დაბრკოლებაზე? რა დაპირისპირებაც არ უნდა გვქოდეს, როგორი მტრობა და შუღლიც არ უნდა გვქონდეს (თუმცა მე არავის მიმართ არ ვარ ასე განწყობილი) არ ღირს ყოველივე ეს იმად, რომ ჩვენ შვილები სამუდამოდ ვაქციოთ მონებად; არ ღირს იმად, რომ ჩვენი ეროვნული ღირსება, ჩვენი ეროვნული დროშა, ისევ გავათელინოთ ვიღაცის ჩექმებსა და ტანკებს.
მე ვამაყობდი შარშან თქვენით, ვამაყობი თქვენი რეაქციით, როდესაც თქვენ იყავით აქ და როდესაც აქ დადიოდნენ ტანკები. მათ სამეგრელოს დიდი იმედი ქონდათ, მაგრამ მსგავსი დიდი იმედგაცრუება, როგორიც სამეგრელოში ნახეს, არ უნახავთ ალბათ არც ავღანეთში, არც ჩეხოსლოვაკიაში და არც ფინეთში უსამართლოდ დაპყრობილ არც ერთ ადგილას. აქ მკაფიოდ ჩანდა თქვენი ღირსება, მათი უღირსობის წინააღმდეგ; ინტელექტი, უზნეობისა და არაინტელექტუალური ძალის წინააღმდეგ.
მე ამას რუს ერზე კი არ ვვამბობ, ვამბობ იმ დამპყრობლებზე, რომლებიც აქ ტანკებით დაბოგინობდნენ. შარშან ვნახე გაეროს მისია, როდესაც ტანკები ენგურს მოადგნენ. მე და ზაზა გოროზია ვიყავით და ვნახეთ, როგორ აორთქლდა 10 წუთში გაეროს მისია. ჩვენ არ გვიღირს იმად გაეროს ის მისია, რომელიც 10 წუთში მიატოვებს ჩვენს ხალხს, რომ საკუთარი უფლებების თუნდა მცირედი დავთმოთ.
დღევანდელ პირობებში თუ საქართველო შეინარჩუნებს შიდა კონსოლიდაციას, ერთად ყოფნის უნარს, გამორიცხულია, რომ არ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები.
როდესაც გამოგვყარეს მაშინ შევარდნაძემ თქვა, რომ ალბათ ჩვენ არა, მაგრამ მომავალი თაობები დაიბრუნებენო.
მე მინდა ეს საკუთარი თვალით ვნახო და ჩვენ გავაკეთებთ ამას ყველა ერთად.
ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენი დიპლომატიური ბრძოლა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე. საჭიროა რომ გვქონდეს მხარდაჭერა.
თუ ჩვენს არეულობას ნახავს მთელი მსოფლიო და მხარდაჭერას დაკარგავს საქართველო, საინტერესოა რას მოიგებს ამით ოპოზიცია? დღეს აფხაზეთს რუსეთის გარდა არავინ არ ცნობს, მაგრამ თუკი ხვალ "კაციჭამია რეჟიმის" პირობებში, საერთაშორისო არენაზე ამ საკითხ დააყენებენ მათ რა მოემატება? ნუთუ მარტო ის, რომ თბილისის ცენტრში რომელიმე კაბინეტს დაიკავებს და თავს დაარქმევს საქართველოს მმართველს?
მახსოვს 1992 წელი, როდესაც შევარდნაძე ცდილობდა "იმელში" შეენერჩუნებინა პოზიცია, სხვა არაფერი არ აინტერესებდა რა ხდებოდა დანარჩენ საქართველოში - აჭარა გასხვისებული იყო, სამეგრელო ბადრი ზარანდიას, დათო შენგელიას და სხვა ბანდიტებს აჩუქეს, აფხაზეთში რაც ხდებოდა ყველას კარგად გვასხსოვს, ცხინვალიდან ჩიბიროვი იხვეწებოდა რამეზე მოვილაპარაკოთო და იქით არც გაუხედიათ, ჯავახეთში საერთოდ ვერ ჩადიოდნენ. მთავარი იყო ის, რომ თბილისში მას მმართველი ერქვა. ასეთი დემოკრატიული მმართველობა საქართველოში არ მჭირდება.
უწინარეს ყოვლისა ჩვენ უნდა გემსახუროთ თქვენ - საქართველოს უკლებლივ ყველა მცხოვრებს, რადგან საქართველო თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. ჩვენ უნიკალური ხალხი გვყავს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამას გაფრთხილება სჭირდება, უპირველესად კი ჩვენს ერთიანობასა და ჩვენს ერთმანეთის გვერდში დგომას.
პოლიტიკური სპექტრის უმეტესობას ძალიან უყვარს საქართველო, მაგრამ თავისებურად ესმის საქართველოს სამსახური.
ვარდების რევოლუციის პერიოდში, ჯერ პრეზიდენტი არ ვიყავი, როდესაც ტარიელ ონიანი და 12 კანონიერი ქურდი ჩამოვიდა და საქართველოში სიტუაციას აკვირდებოდა. მაშინდელ შსს მინისტრს გია ბარამიძეს ვთხოვე მათთვის გადაეცა, რომ საქართველოდან წასულიყვნენ. ისინი კარგად იცით რომელ ქვეყანაშიც გადასახლდნენ. ერთხელ პუტინს ვკითხე კიდეც, რად გინდათ ამათ რომ ინახავთ-თქო? პასუხად გამიღიმა და მითხრა: რუსეთი თავისუფლი ქვეყანაა და ყველას შეუძლია აქ ყოფნაო.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში არეულობას აფინანსებენ არა ქართველი ბიზნესმენები, რომელთა უმეტესობა ჭეშმარიტი პატრიოტია. მესიჯები მომდის ხშირად იმ ქართველებისგან, რომლებიც არიან რუსეთში და მწერენ, რომ უნდა გავუძლოთ, რომ ჩვენთან არიან და სხვა. ყველაზე მეტი პატრიოტი ქართველი დღეს არის რუსეთში.
მათ ყველაზე კარგად იციან რა არის ქართველობის და იმის ფასი, როცა მათ ქართველობას პრობლემებს უქმნიან. ამიტომ ისინი არეულობას არ აფინანსებენ. ამ მიზნით ფული შემოდის ტარიელ ონიანისგან, ბონდო შალიკიანისგან, ვიღაც ებრალიძისგან, რომელიც ბიზნესში არასდროს არავის არ გაუგია და კიდევ ერთი ბათუმელი, იშვიათი გვარის მქონე ბიზნესმენიგან. ჩვენ ეს ვიცით დანამდვილებით.
მე ვიცი რომ ხსვადასხვა ხალხს სხვადასხვა მოტივით არ მოსწონს ჩვენი მთავრობა.
რეფორმების განხორციელებისას ვიცოდი რაზეც მივდიოდი, ვიცოდი რომ რომ ეს რეფორმები მტკივნეული იქნებოდა.
როდესაც რამდენიმე ათასი პოლიციელი გავუშვით, როცა ათასობით პროკურორი გავუშვით, გავუშვით ათასობით საგადასახადოს მუშაკი ვიცოდი რაც მოხდებოდა - ჩემი მეზობლები, ახლობლები, მეგობრები, ჩემს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ზოგს თვეში 15 ათსი დოლარი ქონდა შემოსავალი, რაღაც ერთ-ერთ მუქთამჭამელი სამსახურის უფროსი იყო. მეორე მებაჟე იყო და 10 ათასი ჰქონდა. ეს რომ დაკარგეს მათ არასდროს აღარ შევუყვარდები. ის არასდროს აღარ მიესალმება არც დედაჩებს, არც ბებიაჩემს და არც ჩემი ოჯახის სხვა წევრებს. ეს კარგად მესმის, რომ გაბრაზებული არიან ჩემზე. სოფლის ბავშვს უნივესრიტეტში რომ ჩაებარებინა, ტომრით იყო საჭირო. იურიდიულზე ჩაბარება ღირდა 15 000 დოლარი, რასაც თქვენ ვერასდროს ვერ მოაგროვებდით; სამედიცინოზე ჩაბარება ღირდა 20 000 დოლარი. როდესაც ვიღაცამ ეს შემოსავალი დაკარგა, რა თქმა უნდა იმას, რომ ჩემსკენ გულს ვერასდროს ვერ მოვუბრუნებ.
მე ისიც ვიცი, რომ ამ ხალხის დიდი ნაწილი სამთავრობო შენობებთან ახლოს ცხოვრობს და ფეხით მოსვლა არის ადვილი.
ბევრი შეცდომაც მოგვივიდა. უამრავი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში და გაჭირვებაში. მე კარგად მესმის, როდესაც ამ ადამიანს სხვა გამოსავალი არა აქვს და პროტესტს გამოხატავს ამ ფორმით.
ოპოზიცია ამბობს: "პროტესტს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ომი იყო შარშან საქართველოში", მაგრამ პარლამენტში არჩეულმა ხალხმა, ნაული ჯანაშიასგან განსხვავებით, მანდატები ომამდე ორი თვით ადრე დაჭრა. მათ მაშინ იცოდნენ, რომ პირგველივე საბაბის გაჩენისთანავე გამოვიდოდნენ ქუჩაში და მოითხოვდნენ ამ პარლამენტის დაშლა და ამ ისინი ამ საბაბს გამოიყენებდნენ. სხვა შემთხვევაში მანდატებს არ დაჭრიდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ომის საფრთხე იყო, მაგრამ მათ რატომ დაჭრეს მანდატები?
2005 წელს გაგვითიშეს ბუნებრივი გაზი, ელექტროენერგია და მთელი საქართველო ჩააბნელეს. მოსკოვის გათვლებით, საქართველო გამოვიდოდა გარეთ და დაამხობდა მთავრობას.
საქართველო დაირაზმა, გამოვიდა და საწინააღმდეგო რეაქცია მიიღეს.
ახლა ამბობენ, მოგვბეზრდა დენზე და გაზზე ლაპარაკიო. შეიძლება რომელიმე გამთბარ ბინაში მყოფ ადამიანს ამაზე ლაპარაკი მობეზრდა-კიდეც, მაგრამ იქ, სადაც გაზი არ შემოსულა, არ მოგბეზრებიათ და გენატრებათ.
ისინი ევროპაში რომ ყოფილიყვნენ ნამდვილად დააფასებდნენ ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის სტაბილურ მოწოდებას. ასევე დააფასებდნენ 5 წლიანი კონტრაქტს, გვაქვს, რომლის წყალობით ევროპაში ყველაზე დაბალ ფასს ვიხდით ელექტროენერგიაში. შეიძლება მოგბეზრდათ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ამაზე ლაპარაკი არასდროს არ მომბეზრდება.
გუშინწინ გამოქვეყნდა საერთაშორისო ანგარიში და საქართველო კორუფცის თვალსაზრისით, ჰოლანდიის და დანიის დონეზე. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამას გერმანული ორგანიზაცია ამბობს. მართალია ჩვენ ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ, ჰოლანდიისა და დანიის დონეზე - მამს დრო სჭირდება, მაგრამ ის, რომ ჩვენ ჰოლანდიის და დანიის დონეზე მივიყვანეთ კორუფცია, ნიშნავს იმას, რომ მე და ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ეს გავაკეთეთ, ბევრი მოწინააღმდეგე გაგვიჩნდა.
მინდა ვიცოდეთ სად მთავრდება მათი ინტერესი და სად იწყება დანარჩენი საზოგადოების ინტერესი.
სხვა ტერმინით არ ვიტყვი, ჩვენმა მთავარმა მოწინააღმდეგემ ვლადიმერ პუტინმა დაიფიცა, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ იარსებებს. საამისოდ ერთადერთი გზა არის - საქართველოს მთავრობა ვადაზე ადრე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. მე მინდა ვუთხრა მას და ყველას, ვინც ამ ნიძლავს მხარს უჭერს: მათ ეს გამოუვიდათ 1921 წელს,1801 წელს; სხვა დამპყრობლებსაც გამოსდიოდათ საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ 21-ე საუკუნეში მთავარ ნიძლავს რომ ისინი ჩვენ გადაგვაყენებენ და დაიმონებენ საქართველოს, საქართველოს მოწინააღმდეგე ვერ მოიგებს.
საქართველო ყველა ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით ჩვენი ხელისუფლებისთვის; იმიტომ რომ ჩემი ხელისუფლება, ჩემი არსებობა და ჩემი ბრძოლა გეკუთვნით თქვენ. ჩვენ ვიბრძვით, რათა ჩვენმა მოწინააღმდეგემ ვერ გაინაღდოს ის, რაც ასე ძალიან უნდა. მინდა ყველამ გაითვალისწინოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთ დათმობაზე არ წავალთ, რადგან ჩვენს უკან მთელი საქართველოს მომავალი და დამოუკიდებლობა დგას.
მინდოდა თქვენთვის ერთი რამ მეთქვა აქ და არა რომელიმე აკადემიურ აუდიტორიაში, პოლიტოლოგების წინაშე გამოსვლის დროს.
მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ჩვენ საბოდიშო და მისაკიბ-მოსაკიბი არაფერი არ გვჭირს.
გაგვითიშეს გაზი, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ, ჩაგვიკეტეს პროდუქციის ბაზარი და ისევ არაფერი არ გამოუვიდათ, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა.
კახეთში ჩავედით და ყველამ ერთად დავამუშავეთ ვენახები. შემდეგ გამოყარეს ქართველები საკუთარი ქვეყნიდან და არც ეს გამოუვიდათ - კიდევ უფრო ერთ მუშტად შეიკრნენ ქართველები.
შემდეგ მოგვიწყეს პროვოკაციები, დაგვიბომბეს კოდორი და არც მაშინ გამოუვიდათ რაიმე. ამიტომაც დაიწყეს ომი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური