საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

6/10/2009

მიხეილ სააკაშვილი

მინდა განვიხილოთ საკითხები, რომლებიც მთავრობის მიმდინარე მუშაობას შეეხება.

მთავრობამ რამდენიმე საინტერესო გასვლითი სხდომა გამართა. თავად გავიარე თქვენს კვალდაკვალ და ერთი რამ სრულიად ნათელია - არასდროს საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ომის შემდგომი სიტუაცია, არ განხორციელებულა ამდენი ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი.

ამას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან პრაქტიკულად ვცვლით ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას.

წელს რთველზე ჩვენ დავიწყებთ გომბორის გზის მშენებლობას. მომავალ აგვისტოში რთველისთვის თბილისი-თელავის გზა იქნება გახსნილი და თელავში ჩასვლას კარგი გზით 50 წუთი დასჭირდება. ეს არის რევოლუციური გარღვევა იმ რეგიონისთვის. კახეთი წარმოუდგენლად განვითარდება. პირველად ამოქმედდება კახეთის ტურისტული პოტენციალი, ღვინის პოტენციალი, რომელიც საბჭოთა დროსაც კი არ იყო ათვისებული.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომავალ წელს გავყიდით იმდენივე ღვინოს, რამდენსაც ვყიდდით ემბარგომდე.

რეალურად აგვისტომდე ორმხრივი ტრასა გვექნება გორამდე. წლის დამლევს მივალთ რუისამდე და სულ ცოტა დაგვრჩება რიკოთამდე. შემდეგ სამტრედიის გზას დავიწყებთ, ამის პარალელურად კი - აჭარის შემოვლით გზას.

ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო გვექნება მოცული ავტობანით. ორჯერ შემცირდება და გაადვილდება გადაადგილება საქართველოს უმეტეს მონაკვეთებზე. ეს ნიშნავს დროისა და საწვავის ბევრად ნაკლებ დანახარჯს და ეკონომიკის უფრო ეფექტიანად ამოქმდებას.

საიდუმლო არ არის და ენერგეტიკის სამინისტრომ იცის - იმისათვის, რომ ნამახვანის კასკადის მშენებლობა მომავალ წელსვე დაიწყოს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ პროექტით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული და ჩემი პირველი კრიტერიუმია, სისწრაფე. მართალია, ამასთან დაკავშირებით ხშირად მაკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ ეს ის სიტუაცია არ არის, როდესაც" მოჩქარეს დაუგვიანდება". ამ შემთხვევაში ვინც არ იჩქარებს, სწორედ მას დააგვიანდება.

ჩვენ გვჭირდება ჩვენი ჰიდროელექტროსადგურის დროზე გატანა, როცა ვამბობთ, რომ საქართველო ექსპორტის ქვეყანა უნდა იყოს.

ჩვენი ექსპორტი, უპირველეს ყოვლისა, არის ენერგეტიკა, ახალი ჰიდრო ელექტროსადგურები. ნამახვანჰესის მშენებლობაზე, ყველა პროექტის გათვალისწინებით, 20-30 ათასი ადამიანი იქნება დასაქმებული; წელს იწყება ფარავან ჰესისა და მტკვარ ჰესის, ასევე რამდენიმე პატარა ჰესის მშენებლობა.

ეს არის რამდენიმე ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი, რომელიც იმის კომპესაცია იქნება, რაც მსოფლიო კრიზისის შედეგად დავკარგეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი და პესპექტიული თემაა.

ეს საშუალებას მოგვცემს მომავალი წლიდან საქართველო აღარ იყოს იმდენად დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე და ისევ დავიწყოთ ეკონომიკის ჯანსაღი განვითარება.

ყვლაზე უარესი რაც შეიძლება მივიღოთ არის ის, რომ ვიყოთ დამოკიდებული უცხოურ დახმარებასა და კრედიტებზე. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ საგარეო ვალი, რომელიც, შესაძლოა, შემდეგი თაობების გადასახდელი გახდეს. ჩვენი ეკონომიკის განვითარებით, ჩვენი კომპანიებისა და ხალხის ნიჭის გამოყენებით, უნდა მოვახერხოთ მსოფლიო ბაზრებზე გასვლა და საქართველოს შემოსავლების გაზრდა.

ნიკა გილაური: ამ პროექტების ახალ ბიუჯეტს, რომელიც მთავრობამ მოიწონა, წარვადგენთ პარალმენტში. მთლიანობაში ბიუეჯტი იზრდება 312 მილიონი ლარით. აქედან, ერთი მხრივ, საგადასახადო შემოსავლების ნაწილობრივ კლებაა, ხოლო, მეორე მხრივ - არასაგადასახადო შემოსავლების ზრდა, რასაც ვაკომპენსირებთ და ამ ნაწილში 50 მილიონიანი ზრდაა. ამას ემატება 260 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რაც საერთო ჯამში გვაძლევს 312 მილიონ ლარიან ზრდას.

ახალ ბიუეჯტში გათვალისწინებულია სამტრედიის გზის დაფინანსება, ასევე გათვალისწინებულია აჭარის შემოვლითი გზების მცირე დაფინანსება. ამ გზების მშენებლობები მომავალ წელსვე იწყება.

ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები. ეს არის პროექტები, რომლებიც მომავალში თავის თავს გამოისყიდის და ხელს შეუწყობს ახალი სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის:

  • 500 კილოვოლტიანი ხაზი, რომლის მშენებლობა დაიწყება წელს სექტემბერში. მოლაპარაკება ამის თაობაზე ყველა მხარესთან არის დასრულებული.
  • 38 მეგავატიანი მტკვარი და 78 მეგავატიანი ფარავანჰესი მშენებლობა დაიწყება წელსვე და ამ მცირე ჰესების საშუალებით 128 მეგავატი შემოგვემატება, ხოლო ფარავან ჰესის აშენების შემდეგ 450 მაგავატი. საგულისხმოა, რომ ფარავნის შემთხვევაში არა მატო ჰესი, გვემატება, არამედ იცვლება მთელი ინფრასტრუქრურა.

მიხეილ სააკაშვილი: ზემო იმერეთში სადაც დასაქმების პრობლემა თითქმის მოხსნილია. პრაქტიკულად, ტყიბული შეფობის ქვეშ მყავს აყვანილი. რამდენიმე წლის წინათ მთელ ტყიბულში 100 კაცი მუშაობდა, დღეს კი შახტებში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული. ახალი სამკერვალოს გახსნისთანავე, გვაქვს შანსი, რომ დამატებით დავასაქმოთ კიდევ 1000-მდე ადამიანი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს შეეჭიდა და ძალიან კარგი ინვესტორია.

ამას აუცილებლად მიყვება შაორის პროექტი. ტყიბულში მცხოვრები 10 ათასამდე ადამიანი, ასევე რაჭაში, ონსა და ამბროლაურში ხალხი დასაქმდება და მუშა ხელის დეფიქციტიც კი იქნება.

ამ სამუშაოებს მიებმება წყალტუბო და ქუთაისი. ამას წინათ ქუთაისში ვიმყოფებოდი. ქუთაისელები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ქარხნების მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო ეგვიპტეში, საიდანაც მოაქვთ ქარხნები.

კახა ბაინდურაშვილი ივნისის ბოლოს მთავრდება ინდუსტრიული ზონის მშენებლობა. შავ ზღვაში უკვე შემოსულია რამდენიმე პრესი. აგვისტოში გამოვა პირველი პროდუქცია - გაზქურა. ამას გარდა ვაწარმოებთ საყოფაცხოვრებო პროდუქციას და გამოვუშვებთ მაცივრებს, კონდიციონერებს. პირველი ეტაპის ინვესტიციებით 5000 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ.

მიხეილ სააკაშვილი: ამას უნდა დაუმატოთ რამდერნიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან. ხალხი უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ დაიწყება დიდი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, ნამახვანი. ჩვენ უნდა გვყავდეს კვალიფიციური სამუშაო ძალა.

ერთი მხრივ, ძალიან მეჩქარება საზღვაო ზოლში მშენებლობა, მაგრამ, მეორე მხრივ, პირობას ვუყენებთ ყველა უცხოურ კომპანიას, რომ 80 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდეს. ეს ვარშალომიძის მოთხოვნა იყო და ამას მთლიანად მხარს ვუჭერ - აჭარაში 80 პროცენტი აჭარლები უნდა იყვნენ დასაქმებული. თურქულ კომპანიებში, რომლებიც აჭარაში მშენებლობას აწარმოებენ, მშენებლების უმეტესობა არიან თურქი ქართველები. საუკეთესო თურქული ფირმები მთლიანად ქართველებით არის დაკომპლექტებული. ისინი გამოცდილი სპეციალისტები არიან - ნახევარი მოსკოვი მათი აშენებულია. ახლა უნდა გავაკეთოთ კომპრომისი სიჩქარესა და ჩვენი ხალხის დასაქმებას შორის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ნიკა გილაური: რაც შეეხება ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ერთს დავამატებდი. ეს პროდუქცია იმ კომპანიის არის, რომელსაც ბაზარი აწყობილი აქვს აღმოსავლეთში. მომხმარებელი ისედაც ჰყავს და პროდუქცია არა მარტო საქართველოში დარჩება, არამედ მისი უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავა, რაც დამატებით ქმნის ეკონომიკური სტაბილურობის საფუძველს.

მიხეილ სააკაშვილი: აზერბაიჯანთან ჩვენ ხუთ წლიანი კონტრაქტი გვაქვს ბუნებრივი გაზის მოწოდების თაობაზე და, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს გაზიფიკაცია ხდება.

ახლა ვიყავით მარტვილში სადაც გავხსენით ჩაის ფაბრიკა. იქვე ვნახეთ ინვესტორები, რომლებიც გაზის მილის დროზე გაყვანის შემთხვევაში, მარტვილში ააშენებენ ფაიფურის დიდ ქარხანას, ასევე აგურის ქარხანას. მარტვილში გვაქვს ქვიშის კარიერი და საკმარისი რესურსი აგურის ქარხნის ასაშენებლად.

იქ ძალზე ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს და ამაყობს იმით, რომ თავად ქმნის რაღაცას - ალამაზებს რაიონს, აშენებენ სტადიონს და ა.შ. ამიტომ, მათ დასაქმების საშუალება უნდა მივცეთ. ამისათვის კი უნდა მივიყვანოთ კომუნიკაციები.

გააფორმეთ ამ ინვესტორებთან კონტრაქტი, უთხარით, რომ ბუნებრივ გაზს მივიყვანთ. სხვათა შორის, იმ რაიონში სკოლასაც ვაკეთებთ და ბაგა ბაღსაც. ერთი სოფლიდან მეორემდე ორკილომეტრიანი გზა არის გასაყვანი, გაზის მილია მისაყვანი. იქ უკვე არის ჩაის ფაბრიკა, ამას მოყვება ფაიფურის ქარხანა და შემდეგ აშენდება აგურის ქარხანა.

მსოფლიო კრიზისის პირობებში მოხდა უნიკალური რამ - ცემენტის ლიცენზია გაიყიდა სამ მილიონად. მათ ვალდებულება აქვთ ორ წელიწადში განახორციელონ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს არის დამატებით 7500 სამუშაო ადგილი.

მსურს შემდეგ თემაზე გადავიდე. ამ საპროტესტო აქციებმა რომელიც თბილისის ცენტრში მოგვიწყვეს, ჩვენი დათვლით, მარტო ბოლო თვეების განმავლობაში დაგვაკარგინა მინიმუმ 15000-მდე სამუშაო ადგილი. ეს გამოიწვია, მაღაზიების, კინოთეატრის, სამკურნალო დაწესებულებების და სხვა ობიექტების გაჩერებამ.

მინდა ყველამ გაიაზროს, რომ საქართველო იმყოფება ძალიან რთულ ვითარებაში. ეს პოლიტიკურ კრიზისს არ გამოუწვევია - საქართველოში არ არის პოლიტიკური კრიზისი.

პოლიტიკური კრიზისის ნიშნები არის როდესაც მთავრობა დაშლილია. გახსოვთ შევარდნაძის მთავრობა, მთავრობის სხდომები იყო ერთმანეთის ლანძღვა, ჩხუბი და ცემა-ტყეპა. საბოლოოდ ეს ჩვენი ხალხის აბუჩად აგდება იყო. ახლა მსგავსი რამე არ ხდება - მთავრობა მუშაობს და ხელისუფლების ყველა დონე არის კონსოლიდირებული განსაკუთრებით რეგიონებში და ამ მხრივ ძალზე კმაყოფილი ვარ. ამ ნიშნით, პოლიტიკური კრიზისი არ გვაქვს.

პოლიტიკური კრიზისის მეორე ნიშანი არის, როდესაც ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშლება და მთავრობა ვეღარ გასცემს ხელფასებს და პენსიებს, ვეღარ ახორციელებს პროექტებს და პრაქტიკულად არის უუნარო. არც ეს ნიშანი ვლინდება ჩვენში.

ლატვიის ეკონომიკა 25 პროცენტით მცირდება, ესტონეთის -11-12 პროცენტით, რუსეთსა და უკრაინაში 10-10 პროცენტით, ასევეა თურქეთში. ჩვენ გვქონდა შანსი, ჩვენთან წელს ეს მაჩვენებელი გაზრდილიყო, მაგრამ აქციებმა ეკონომიკის ზრდის რამდენიმე პროცენტი დაგვაკარგინეს.

თუ პოლიტიკური ძალები დროზე გამოიჩენენ პასუხისმგებლობის გრძნობას, მაინც მაქვს მატების იმედი. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური კატასტროფა საქართველოში არ მოხდა.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ხალხს არ უჭირს, ჩვენთან ძალიან დიდი გაჭირვებაა. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეკონომიკის მთავარ ღერძს რაიმე დაემუქროს და საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალოს, (ვიმეორებ, რომ ამის არავითარი ნიშნები არ არის) იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობის დანგრევას.

პარალმენტში დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო დიალოგში ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული. არის პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით რადიკალებს შორის, რომლებთანაც, არ ვმალავ, გვაქვს ფუნდამენტურად განსახვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო.

ჩემთვის მიუღებელია როდესაც რომელიმე ტელეარხი ახდენს კრიმინალიტეტის პირდაპირ პროპაგანდირებას ღია თუ შეფარული ფორმით. როდესაც თითებით იწყებ ლაპარაკს ეთერში, ეს მე მაბრუნებს 90-იან წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი სახელმწიფო არსებული განუკითხაობისა და ქაოსის გამო ვერ შედგა.

მოდით ღიად ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა არის საქართველოში ბევრი დაპირისპირების წყარო. გამოქვეყნდა "ტრანსფარენტ ინთერნეიშენალის" მოხსენება კორუფციის თაობაზე. იქ ნათქვამია, რომ საქართველოში კორუფციის დონე, დაახლოებით, უტოლდება ჰოლანდიის და დანიის მაჩვენებლებს, ანუ ტრადიციულად არაკორუმპირებული ქვეყნების მაჩვენებლებს.

ვარდების რევოლუციამდე ჩვენი მაჩვენებლები ამ თვალსაზრისით ნიგერიისა და ლესოტოს მაჩვენებლებს უტოლდებოდა, ანუ მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების მაჩვენებლებს.

კორუფცია ზოგადი ფენომენი არ არის, საქართველოში მას კონკრეტული სახელები და გვარები ჰქონდა. ზოგიერთ კორუმპირებულ ადამიანს ჩვენ პასუხი ვაგებინეთ, თუმცა ისინი დიდი ხანია გამოვიდნენ ციხიდან. ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, ისინი არსად არ გაგვისახლებია - უბრალოდ ზოგიერთი მათგანი თავად წავიდა ქვეყნიდან. გასაკვირი არ არის, რომ მათ არ ვუყვარვართ და ბუნებრივია, რომ პროტესტსაც გამოთქვამს. 40 ათასზე მეტი ადამიანი გავათავისუფლეთ პროკურატურიდან, პოლიციიდან, საგადასახადო სამსახურებიდან. ეს ხალხი მიიჩნევს, რომ მათთვის უკან დაბრუნება კარგი იქნებოდა.

ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მათი და თუნდაც გაჭირვებული ფენების ინტერესები ერთი და იგივე არ არის.

მესმის, რომ ხალხის ერთი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს უკიდურესი გაჭირვების გამო. მაშინ, როდესაც ამ აქციის მთავრი ორგანიზატორები მიტინგზე დადიან ძვირფასი მანქანებით და შემდეგ გალიაში დასარჩენად უკიდურესად გაჭირვებულ თანამოქალაქეს ტოვებენ. ეს ზნეობრივ საქციელად არ მიმაჩნია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ გალიების დანიშნულება იყო ეკონომიკის გაჩერება და ქვეყნისთვის ცუდი იმიჯის შექმნა. ეს არის კულტურის მაჩვენებელი და შენი ქვეყნის სიყვარულის გამოხატულება.

ტყუილად არ მიხსენებია ტელეგადაცემები, რომლებიც ნახევრად კრიმინალური, ზოგ შემთხვევაში, კრიმინალური და ქურდული მენტალიტეტის დაბრუნებას პროპაგანდირებენ.

მაგალითად, გუშინ ბიჭი დაჭრეს და ამ ფაქტის მოწმეთაგან არც ერთმა არ თქვა ვინ დაჭრა ეს ბიჭი. მას არტერია ქონდა გადაჭრილი და მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. აი, ასეთ საზოგადოებაში უნდათ, რომ დაგვაბრუნონ.

ამას წინათ, ტელევიზიით მოვისმინე, რომ თურმე თბილისში ვეღარ იჩხუბებ, ვეღარავის "დაუპადიეზდებ", თურმე ქართველების ბუნებას ეწინააღმდეგება ავტომანქანის გაჩერება წითელ შუქზე და კანონის დამორჩილება.

მათ ერთი რამ ავიწყდებათ - ის, რაც მათ თავისი თავისუფლება ჰგონიათ, დანარჩენი საქართველოს, დანარჩენი მოქალაქეების ხარჯზე ხდება. იმის ხარჯზე, რომ ჩვენ სამჯერ შევამცირეთ დანაშაულები 90-იანი წლების შემდეგ, ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე უკმაყოფილოა.

რა ვქნათ, დავაკმაყოფილოთ ეს ხალხი და დედებს შვილების ქუჩაში გაშვების შეეშინდეთ? ისევ შემოვიტანოთ კლანური მენტალიტეტი, სადაც მთავარია კლანის წევრობა, რათა ვერავინ ვერ შეგეხოს?

რა თქმა უნდა ამას არ მივიღებთ.

არც ერთი მთავრობის წევრისთვის, რომელიც კორუფციაში იყო გარეული, ხელი არ დაგვიფარებია. სწორედ ამიტომ ვართ კორუფციის მაჩვენებლით დანიისა და ჰოლანდიის დონეზე.

ჩვენ შეგვეძლო თვალი დაგვეხუჭა მსგავს ფაქტებზე და არც არავინ გაგვინაწყენდებოდა, აღარც ზღაპრებს მოყვებოდნენ იმის თაობაზე, რომ ბიზნესში იშოვეს ფული. მთავრობის წევრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ორ თვეში ვერ უნდა მდიდრდებოდეს.

ჩვენ შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ვიყავით პრინციპული. შეცდომა შეგნებულად არ დაგვიშვია. ჩვენ ყველას გვქონდა ერთი პრინციპი და ამ პრინციპებს არ უნდა უღალატოთ. ჩვენი აქ ყოფნა მანამდეა აუცილებელია სანამ ეს პრინციპები ძალაშია.

ამავე დროს, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენი ამოცანა ის არ არის, რომ ხალხს, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ნოტაციები ვუკითხოთ და ქედმაღლურად ვარიგოთ ჭკუა. მაგრამ აუცილებელია, ერთმანეთს შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი. ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და არ უნდა დავუშვათ, რომ სიძულვილი, გაუცხოება და ერთმანეთზე გადაკიდება დაინერგოს, რასაც ახლა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ.

შეიძლება, ფუნდამენტურად არ ვეთანხმებოდე ვიღაცის ღირებულებებს, მაგრამ აუცილებელია ამაზე საუბარი.

გუშინ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს შევხვდი. თავს ნუ მოვიტყუებთ, მსგავსი აქციები სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში ყველაფერს ორ წუთში აალაგებდნენ.

ვიღაცას გაუკვირდა, რატომ გამოვიყენეთ რეზინის ტყვიები. აბა როგორ ტყვიებს იყენებენ-ხოლმე?

საქართველოს სახელმწიფო გამოიყენებს მხოლოდ კანონით დაშვებულ საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში... თუმცა ჩვენ ამ საშუალებებს ვიყენებთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე ამ ქვეყნებში; რადგან მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად ავიცილებთ თავიდან კონფლიქტებს, თუნდაც ეკონომიკას პრობლემები შეექმნას, მით უკეთესია ქვეყნისთვის.

მაგალითად, 9 აპრილამდე სამი დღით ადრე, ბევრად მეტი ფული გავიდა ბანკებიდან, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ ორთვიან პერიოდში. ეს იმის გამო მოხდა, რომ ოპოზიციამ გამოაცხადა: "ჩვენ ყველაფერს დავამთავრებთ".

ბიზნესმა ეს აღიქვა, როგორც დაბრუნება შევარდნაძისდროინდელ ბნელ წლებში. ეს არ გამოვიდა და არც გამოვა.

ეს თანხა ბანკებში უკან დაბრუნდა, რადგან ბიზნესი მალევე მიხვდა, რომ ეს არა შევარდნაძისდროინდელი უუნარო მმართველობა, არამედ ქართული სახელმწიფოა.

ამას არც სააკაშვილის მმართველობა არ ჰქვია - ამას ჰქვია ქართული სახელმწიფო, რომელიც იქნება სააკაშვილის დროსაც და ყველა შემდგომი მმართველის პერიოდში.

სახელმწიფოებრიობა არის მთავარი - ეს არის ის, რამაც გაგვაძლებინა რუსეთის აგრესიის ურთულეს პირობებში.

დასავლეთ საქართველოდან ვბრუნდებოდი, როდესაც ჩვენს ტერიტორიებს ბომბავდნენ, მაგრამ პატრულს წარბიც არ შეუხრია, შეუსვენებლად მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახური, არ გათიშულა ენერგეტიკა და კომუნიკაციები - აი, ეს არის სახელმწიფო.

ომის პირობებშიც კი არ გათიშულა ელქრტოენერგია. იმ დროს კი, ეს არ მომხდარა, რადგან ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო. დღეს ეს ჩვენი სიმტკიცის მარაგია.

ჩვენ ერთმანეთთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა. არის კონკრეტული მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა, 5 წლის წინ ჩვენ ვიყავით ნიგერიელების დონეზე, დღეს კი, ჰოლანდიისა და დანიის დონეზე ვართ.

კორუფციის, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც ჰოლანდიელები და დანიელები ცხოვრობენ. ამ ყველაფერს ისინი 500 წელი ქმნიდნენ.

ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ 15 წელიწადში ვიყოთ ამ დონეზე, თუმცა რაღაც მონაცემებით მათ დონეზეც ვართ და ვუსწრებთ კიდეც.

ცივილიზებულ ქვეყნებში წელიწადში 2-ჯერ არჩევნები არ ეწყობა.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული ქვეყანა, უნდა დავიცვათ ციკლები.

არჩევნები დაკავშირებულია ციკლებთან და პოლიტიკურ

სტაბილურობასთან.

არჩევნები საჭიროა იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს.

შარშან ჩვენ ჩავატარეთ რეგიონალური, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ არც საპარლამენტო და არც

საპრეზიდენტო არჩევნებმა დაძაბულობა არ განმუხტა.

მინდა ყველას შევახსენო, მე არაფერს არ ვიტყუები.

2007 წლის ოქტომბერში, როცა პირველად იყო ამ არჩევნების მოთხოვნა, ვამბობდი, რომ არ იყო არჩევნების დრო. ადამიანურად ვეუბნებოდი ყველას, როგორც ამ ქვეყნის შვილი და არა პრეზიდენტი, რომ მოსალოდნელი იყო კოსოვოს ცნობა, ნატოს გაფართოვების თემაზე დიდი დებატები.

იმ წელს შემოდგომაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა საქართველოს

არაკეთილმოსურნეებს ქვეყნის არევის საბაბს აუცილებლად მიცემდა.

ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციონერი ამბობდა - ამ ყველაფერს სააკაშვილი ამბობს იმისათვის, რომ კარგავს მხარდაჭერას და უნდა

კონსოლიდაცია, ეს ყველაფერი არის ტყუილი, რაკეტა მოხვდა რაღაცას და ეს თურმე სააკაშვილმა ისროლა, კოდორი დაიბომბა და ესეც სააკაშვილმა მოიგონა, ახალგორში რუსული ტანკებიც მე მოვიგონე. ახალი კედელი ენგურზე ჩემი მოგონილია? ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ მოვუსმინეთ, საბაბი მივეცით, გავუადვილეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს ამ ყველაფრის გაკეთება.

ჩვენ თვითონ შიგნით ვერ დავლაგდით.

რუსეთის არტილერიას ამ შენობაზე ან თბილისის სხვა ცენტრზე ხელი უფრო მეტად არ მიუწვდება, ვიდრე შარშან აგვისტომედე?

ეს ერთი და მეორე - წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, ინგლისის მთავრობა ამბობს, რომ ვერ ჩაატარებს არჩევნებს იმის გამო, რომ არჩევნები დაანგრევს ეკონომიკას, შეადარეთ ინგლისის და ჩვენი ეკონომიკა, იგივე არგუმენტი აქვთ უკრაინაშიც.

ყველა ქვეყნის მთავრობა ამბობს, რომ ამ სიტუაციაში არჩევნები ეკონომიკას ბოლოს მოუღებს.

დღეს საქართველოში ძალიან ბევრს უჭირს, ეკონომიკური კრიზისი არის ის, რაც ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს.

ეს არ არის ჩემი თეორიული კურსი.

იმ პირობებში, როცა პოლიტიკური სუბიექტების შეთანხმება მთავარ საკითხებზე ჯერჯერობით არ მომხდარა, რაიმე სახის დაჩქარებულ საარჩევნო ციკლში შესვლა მხოლოდ ბანანის რესპუბლიკებში შეიძლება ვინმემ წარმოდგინოს.

ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ისევ 90-იან წლებში დავბრუნდეთ.

სწორედ იმიტომ შევხვდი მე გუშინ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს, არ ვიცი მათ ეს ტერმინი მოსწონთ თუ არა, მაგრამ მოთხოვნები მათი რადიკალურია.

ისინი არ მიიღენებ ამ სისტემას, მაგრამ შევხვდი რომ მეთქვა, თქვენც ხართ ამ პოლიტიკური სისტემის ნაწილი და ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს მათი მარგინალიზაცია.

ჩვენი ინტერესია, თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი ძალადობა და ესკალაცია.

ჩვენ შეიძლება ბევრ საკითხებში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ძირითადი თამაშის წესები ჩვენ უნდა შევქმნათ.

მე საპრეზიდენტო არჩევნებზე მივიღე 53%, შემდგომმა კანდიდატმა მიიღო 25%.

დაახლოებით იმავე დროს ჩატარდა სერბეთში არჩევნები და ნახევარი პროცენტი იყო კანდიდატებს შორის განსხვავება.

წაგებულმა კანდიდატმა ზუსტად ერთ საათში აღიარა თავისი დამარცხება.

ჩვენთან დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა, ყველამ ტაში დაუკრა და ამ არჩევნებს ეუთოს დამკვირვებლებმა დემოკრატიის ტრიუფი უწოდეს, დღემდე ამბობენ, რომ სააკაშვილს არ მოუგია არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ორი ერთზე იყო განსხვავება.

თუ ჩვენ ამ ლოგიკით ვიმოქმედეთ, არჩევნებს ვერასდროს ჩავატარებთ.

ჩვენს ქვეყანას ჩვენ თვითონ უნდა ვცეთ პატივი და უნდა გვესმოდეს, რომ ერთი და მეორე არჩევნებით ცხოვრება არ მთავრდება.

მითუმეტეს რომ პოლიტიკოსების უმეტესობა საქართველოში ახალგაზრდები არიან.

უნდა გვესმოდეს, რომ პერსპექტივა ყველას აქვს მაშინ, თუ ქვეყანას აქვს პერსპექტივა.

ამიტომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე, თუ როგორ კეთდება ეს არჩევნები.

შარშან არჩევნები რადიკალების ერთმა ჯგუფმა წააგო, ერთი ნაწილი ოპოზიციისა შევიდა პარლამეტში, ყველა გამოკითხვით არის ძალიან პოპულარული.

მეორე ნაწილმა კი თქვა, რომ ჩვენ ვხევთ მანდატებს.

მაშინ ხომ ჯერ არ იყო ომი, მაგრამ წინასწარ იყო ჩადებულიის, რომ ისინი ამ პარლამენტის დაშლას მოითხოვდნენ. იმიტომ რომ მათ ვერ გაიმარჯვეს.

საქართველოში თუ დაინერგა ტრადიცია, რომ მე ვერ ვიმარჯვებ და ამიტომ მინდა ახალი არჩევნები, დავემსგავსებით ნიგერიას.

ჩვენი ამოცანაა ეტაპობრივად მოხდეს ინტეგრაცია, მათ შორის თუნდაც რადიკალური ჯგუფების სახელმწიფო სტრქტურაში.

მე ვუთხარი გუშინ ლევან გაჩეჩილაძეს, თქვენ შემოარტყით ალყა პოლიციას, თქვენ უყურებთ პოლიციას გისოსების იქიდან.

ეს სააკაშვილის პოლიცია კი არა რის, ეს არის პოლიცია, რომელმაც საქართველოში აღკვეთა კანონიერი ქურდების პარპაში, ეს არის პოლიცია, რომელიც უყვარს ჩვენს ხალხს, რომელმაც შეამცირა დანაშაულები 90-იან წლებთან შედარებით თითქმის სამჯერ.

პოლიციას, რომელიც ებრძვის კრიმინალებს, თქვენ გარედან ეძახით კრიმინალებს, მის სინდისზე იყოს ის, ვინც ეს თქვა.

ჯერჯერობით არ არის მომწიფებული სიტუაცია რაიმე სახის კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.

მოდით, შსს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იყოს რადიკალების წარმომადგენელი.

დაჯდეს პოლიციის შენობაში, მივცემ დიდ კაბინეტს. შემოუშვან თავისი მომხრეები და ისხდნენ შიგნით და თავისი თვალით დაინახონ შიგნიდან როგორია პოლიცია.

პოლიციელებმაც დაინახონ, რომ ეს ხალხი ნორმალურია და არა ის არის მხოლოდ, ვინც ქვებს ესვრის. დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ერთი სისტემის ნაწილი.

პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში გავაკეთოთ იგივე, სასჯელაღსრულებისა და უშიშროების საბჭოში გავაკეთოთ იგივე.

კანონი შევცვალოთ, დავნიშნოთ ყოველკვირეული შეხვედრები უშიშროების საბჭოში.

ჩვენი ამოცანაა ამ პირობებშიც კი, შევქმნათ ეს საბჭო.

მოდით ყველამ ერთად ავაშენოთ ქართული დემოკრატია.

დღეს, როცა აშშ ამბობს, რომ ეს იყო ინტერვენცია, ევროკავშირმა ეს დაგმო. არის ქართველი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ამბობს

რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, საქართველოს მთავრობის ბრალია ის, რომ ომი მოხდა.

1921 წელს, როდესაც საქართველოში შემოვიდნენ ბოლშევიკები, მათ წინ მოუძღოდნენ ორჯონიკიძე და სტალინი.

დღეს არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს ეს, ამას ალბათ ტარიელ ონიანი გააკეთებს.

საქართველოს მთავრობა მთელი ეს პერიოდი ამბობდა, რომ ის არ უნდა წამოეგოს პროვოკაციებზე. ზუსტად ისე, როგორც ზოგიერთი რადიკალების ლიდერი ამბობს დღეს.

საქართველოს მთავრობამ ჯერ დაუთმო რუსეთს კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია, დაუთმო ის, რომ პრაქტიკულად უარი თქვა შეიარაღებული ძალების შექმანზე, ნეიტრალიტეტი გამოაცხადა ისე, როგორც ითხოვდა ამას ბოლშევიკური რუსეთი.

შემოვიდა ბორისოვი და თქვა, რომ მე ჩემი დივიზიით ვვარჯიშობდი საქართველოს ტერიტორიაზე ომის წინ. თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესვლა ცხინვალში, ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. თუ არ წამოვეგებოდით ამ პროვოკაციას დაგვიხოცავდნენ მოსახლეობას.

მე მინდა ვუთხრა ჩვენ მეგობრებს, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, ომის შემდეგ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, ჩვენ საქართველოს დეოკუპაციის რეჟიმში ვიმყოფებით. ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ შემდგომი ესკალაცია.

უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის რეალურად ამოქმედების მექანიზმს.

ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ბევრად უფრო მეტი ინტეგრაცია ვიდრე ოდესმე გქვონდა.

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი პოზიციების განმტკიცებამდე და შემდეგ საქართველოს დეოკუპაციამდე.

დავით აღმაშენებელს დაჭირდა 30 წელი საქართველოს გასაერთიანებლად.

ამიტომ როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ჩვენ ერთმანეთის, ჩვენი ამოცანაა მუდმივი საუბარი და დიალოგი სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

მივესალმებით იმას, რომ ეს დიალოგი დაიწყო.

მზად ვართ ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები და გადმოვწიოთ გაზაფხულზე.

მზად ვართ ისეთი სისტემით ჩავატაროთ საკრებულოს არჩევნები, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ქონდეს შანსი იქ იყოს წარმოდგენილი.

თუ ყველა აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, ესეიგი ჩვენ შეგვძლებია ამ არჩევნების ჩატარება.

როცა თავისი წარმომადგენელი თანამდებობის პირი ეყოლებათ, თვითონ შეამოწმოს რა ხდება საკანში, ღობეზე ნუკი მიძვრება,

რაც ყველა ქვეყანაში დაღვევაა.

მოდით ყველამ ერთად ავაშენოთ ქართული დემოკრატია.

ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი გარეშე მტრის რაიმე გეგმების განხორციელებას.

ჩვენ გვინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს არ არის ურთიერთობა დაფუძნებული ხვეწნაში.

მოწინააღმდეგეს უნდა სცე პატივი, მაგრამ ეს არ ნიშნავს შენი ქვეყნის ინტერესების ერთი გრამით და ერთი ნაბიჯით დათმობასაც კი.

ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდება თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ და აუცილებლად გაანთავისუფლებს თავის ტერიტორიებს.

მზად ვარ მივმართო შუამდგომლობით და იმ ხალხს, ვისაც სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია, მათი პასუხისმგებლობის მოხსნის საკითხი განვიხილოთ.

ეს არ უნდა იყოს პრეცედენტი, მაგრამ ეს თუ მოგვიტანს მეტ მშვიდობას ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.

თუ არის შანსი, რომ შეთანხმების პირობებში გავაკეთოთ ეს, ასეთ ნაბიჯებზე უნდა წავიდეთ. ოღონდ ამან საქართველოს უნდა მოუტანოს მეტი მშვიდობა და დიალოგი.

ეს ყველაფერი უკავშირდება იმ გეგმებს, რომელიც ჩვენ გვაქვს.

აქ სკამებისთვის ბრძოლა კი არ არის, ჩვენ ვართ მეომარი ქვეყნის მთავრობა. ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს მომავალი და ჩვენ გვქონდეს სამშობლო. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვყალიბდეთ ძალიან წარმატებულ ევროპულ ქვეყნად.

მე ვაპირებ გავაგრძელო და მინდა გთხოვოთ პარლამენტში გაგრძელდეს დისკუსიები. ყველაფერი სახელმწიფოს არ კლავს, ის სახელმწიფოს აძლიერებს.

სახელმწიფო ვერ მოკლეს და ვერც მოკლავენ. საბოლოო ჯამში ხალხს იმედი აქვს, რომ მათი ქვეყანა მათ ეკუთვნით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური