მოგესალმებით!
ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალიან ინტენსიურ დიალოგს იმისათვის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი მშვიდობის აღსადგენად და საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლად.
ჩვენ ძალიან ვემადლიერებით თურქეთის მხარეს.
თურქეთმა ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება გამოაგზავნა საქართველოში.
ჩვენ გვინდა და ვთხოვთ თურქეთს, გააგრძელოს ჩვენი დახმარება. ასევე შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ქალაქების ოკუპაცია დასრულდება, ერთად აღვადგენთ გორს და ვიმუშავებთ რამდენიმე სხვა ობიექტის აღდგენაზე.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ნგრევა, არეულობა და ომი შეწყდება, საქართველო ძალიან სწრაფად გაიმართოს წელში, სწრაფად აღადგინოს ყველაფერი და დადგეს ფეხზე.
დღეს უკვე გვაქვს მოძმე თურქეთის მხარდაჭერა.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისათვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ აიღეთ ვალდებულება დაგვეხმაროთ საქართველოს რეკონსტრუქციაში.
დარწმუნებული ვართ, რომ კვლავაც ერთად გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე უსაფრთხოების უკეთესი მექანიზმების შესაქმნელად, რათა მომავალში მსგავსი მასშტაბული კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ და საქართველო, თურქეთი და სხვა ქვეყნები ბევრად დაცული და წარმატებული იყოს და მათ გარანტირებული მომავალი ჰქონდეს.
მინდა შეშფოთება გამოვხატო გორთან და ცხინვალთან ორი თურქი ჟურნალისტის დაჭრასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსულ კაზაკებს გატაცებული ყავდათ თურქი ჟურნალისტი, რომელიც, რამდენადაც ვიცი, უკვე გათავისუფლებული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მინდა ყველას მოვუწოდო სიფრთხილისკენ.
მესმის ჟურნალისტების სურვილი ადგილზე გააშუქონ მოვლენები, მაგრამ საქმე გვაქვს ხალხთან, რომელთაც არ ესმით არც ჟურნალისტების და არც სხვა დაცული პროფესიების ფუნქცია.
ამიტომ, ყველას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ.
დიდი მადლობა!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური