საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და გერმანიის ელჩმა, პატრიცია ფლორმა გასული წლის ომის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის გორთან ახლოს ახალი დასახლება გახსნეს. 300 დევნილ ოჯახს გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენებული სახლები გადაეცა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს სახლები დღემდე აშენებული სახლებიდან ყველაზე ხარისხიანია.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია და სხვა მეგობარი სახელმწიფოები დაეხმარებიან საქართველოს ამ ახალ დასახლებაში სამუშაო ადგილებისა და დაზარალებული მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების შექნაში.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დამპყრობელ ძალას არ შერჩება ის, რაც საქართველოში დროებით მიიტაცა.
მიხეილ სააკაშვილმა დევნილთა ახალი დასახლების გახსნისას განაცხადა, რომ რუსეთის ფე-ეს-ბე-ს სპეციალურმა რაზმებმა დღეს დილიდან ქართულ და ოსურ მხარეებს შორის არსებული სადემარკაციო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების გავლება დაიწყეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ვინც მეორე მხარეს დარჩა, ისინიც "ჩვენი ხალხია" და გამოქცეულების უმეტესობა ეთნიკური ოსები არიან.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მავთულხართების მეორე მხარეს ხალხი შიმშილობს და კარვებში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ დამპყრობელი ქვეყნის მთავრობამ ქაღალდზე 1000-ჯერ მეტი თანხა გამოყო.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამოცანაა, მოიგოს მშვიდობით, რადგან შეუძლებელია საქართველომ რუსეთს ძალადობასა და სისასტიკეში გაუწის კონკურენცია.
"ძვირფასო ჩემო თანამოქალაქენო!
დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი უნებლიეთ აღებული ვალდებულება და დაპირება სრულდება. გერმანიის მთავრობის დახმარებით, კიდევ 300 ოჯახი, მრავალთვიანი ტანჯვა-წამების, ცდის, მოლოდინის, საყოფაცხოვრებო შეზღუდვის შემდეგ საბოლოოდ პოულობს თავზე ჭერს.
მე გითხარით შარშან, რომ ჩვენ თქვენ არ დაგვავიწყდებით მაშინაც კი, როცა მსოფლიო პრესა წავა, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს პრესას ეს არ გაახსენდება, მაშინაც კი, როდესაც ახალი პრობლემები გამოჩნდება, ჩვენ არ დაგვავიწყდება არცერთი დაზარალებული.
დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი დღე საქართველო გერმანიის მეგობრობის და ურთიერთობის. გერმანიის კანცლერი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ჩამოვიდა შარშან თბილისში. გერმანიამ გაგვიწია დახმარების ხელი, მაშინვე ჰუმანიტარული დახმარების სახით და გერმანიის დახმარებით აშენდა ეს სახლები.
ჩვენ ეს არასდროს არ დაგვავიწყდება, ყოველთვის შევეცდებით მადლიერება გამოვხატოთ და ეს ვალი ჩვენს გერმანელ მეგობრებს დავუბრუნოთ.
ჩვენ შევასრულეთ დაპირება - 7000 ოჯახს ჰქონოდა ახალი სახლი. რა თქმა უნდა მათ არ შერჩებათ ის, რაც მათ დროებით მიიტაცეს.
ქართლის ისტორია, ეს არის მრავალი საუკუნის განმავლობაში მთებიდან დაშვებული დამპყრობლების და მთის იქით უკან გადარეკილი დამპყრობლების ისტორია.
ბოლო 2000 წლის განმავლობაში, ამ მთებიდან, რომელიც ჩვენი ბუნებრივი საზღვარია და ღმერთმა მოგვიხაზა ეს მსოფლიო რუკაზე,
შემოდიოდნენ სხვადასხვა დასახელების დამპყრობლები, რომელთა სახელი დღეს ჩვენც აღარ გვახსოვს, არათუ ისტორიას.
ეს გადამთიელები როგორც ჩამოვდნენ და ცდილობენ ფეხის მოკიდებას საქართველოს მიწაზე, ასევე გადაჯიშდებიან და მოშორდებიან, აორთქლდებიან ჩვენი მიწიდან.
ეს არის ქართლი- საქართველოს გული,საქართველო არის მუდმივი და მარადიული. მათი აქ ყოფნა კი იქნება დროებითი.
ძალიან მადლობელი ვარ გერმანიის ელჩის იმისათვის, რომ მან რამდენიმე თვის წინ ძალიან გაბედულად თქვა,რომ ბერლინის კედელი დაინგრა. ყველაზე მეტად გერმანელებმა იციან, თუ რას ნიშნავს გაყოფილი ქვეყანა, რას ნიშნავს გაყოფილი ხალხი და რა თქმა უნდა ის ხალხი, რომელიც მეორე მხარეს დარჩა, ისინი "ჩვენი ხალხია".
მინდა გვესმოდეს რომ 60 000 მეტი ადამიანი ცხოვრობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე,
ყოფილს იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთმა ის პრაქტიკულად გაანადგურა. ამ აგრესიამდე და შემოჭრამდე დღეს იქ რჩება 10 000-ზე ცოტა ადამიანი და ესენი იმდენად არ არიან ეთნიკური ქართველები, თუმცა ზღვარი ეთნიკურ ქართველებს და ეთნიკურ ოსებს შორის, ყოველთვის ძალიან პირობითი იყო. თუ ვინმეს უნდა ჩათვალოს, რომ მე ვარ ოსი, მე სიამოვნებით ვიქნები ოსი.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კულტურას და ამ ეთნიკურ ჯგუფს, მაგრამ უმეტესობა, ვინც თავის ფეხით მისცა ხმა და გააკეთა არჩევანი, ესენი არიან ეთნიკური ოსები. ისინი გამოექცნენ იმ ბრუტალურ ძალას, რომელთაც გამოაცხადეს, რომ ისინი არიან იქ მათ გასათავისუფლებლად მოსულები, იმიტომ რომ ჯერ უხეში ძალით დამყარებული და დამპყრობლის ჩექმით განვითარებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა არასდროს არ უნახავს ევროპას და მსოფლიოს და ვერც ვერასდროს ვერ ნახავს.
ყველა ტყუილის კოშკი, რომელიც აიგო, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალა.ისეთი დამაჯერებლად ამბობდნენ, რომ 3000 ადამიანია დაღუპული ცხინვალში, რომ ლამის ზოგიერთმა ჩვენგანმაც კი დაიჯერა.
აღმოჩნდა რომ ეს არის აბსოლიტური სიცრუე.....
შეუძლებელია, რომ საქართველომ ძალადობაში და სისასტიკეში კონკურენცია გაუწიოს იმ რაზმებს, რომლებიც დაბანაკებულნი არიან მათ მიერ გაკეთებული ამ მავთულხლართის მეორე მხარეს.
შეიძლებოდა ჩვენ, როგორც ჩეჩნეთი, მიწასთან გავსწორებულიყავით, როგორც ერი გავნადგურებულიყავით, ავღანეთის მსგავსად 15-20 წლის განმავლობაში გვებრძოლა და ვყოფილიყავით დანგრეული, გაუბედურებული, ან როგორც გერმანია და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები ავშენდეთ, გავძლიერდეთ და ჩვენი მაგალითით შევცვალოთ ის რეალობა, რომელიც ძალადობრივმა მეთოდებმა შექმნეს"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური