საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლექცია წაიკითხა

1/21/2010

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია ასეთ მეგობარ ქვეყანაში ჩამოსვლა და ისეთ მეგობრულად განწყობილ ადამიანებთან საუბარი და დისკუსია, როგორიც თქვენი ხალხია.

მე ვიცი, რომ ეს შესავალი სიტყვა შეიძლება ძალიან ფორმალურად, ბანალურად და უმნიშვნელოდაც კი ჟღერდეს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე არ არის. ეს სრულებით არ არის ასე.

მაშინ როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია.

მაშინ, როდესაც შენი ხალხის 10% დევნილია.

მაშინ, როდესაც მტრის ტანკები, ჯარი და არტილერია სულ რაღაც 32 კილომეტრის დაშორებით დგას შენი დედაქალაქიდან.

მაშინ, როდესაც ხან გექმნება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო საოგადოებას არ ესმის ის სირთულეები, რომელიც შენს ქვეყანას გააჩნია.

დიახ, გულწრფელად გეუბნებით, რომ დიდი პატივი და დიდი შვებაა იმ ხალხთან დებატები და საუბარი, ვისაც კარგად ესმის ეს სირთულეები და ჭეშმარიტად სურს დაგეხმაროს მათ მოგვარებაში. დიდი პატივია შეხვდე და დებატები გამართო მეგობრებთან.

თუკი ნამდვილ მეგობრებად ის ხალხი ითვლება, ვინც გაჭირვებაში გიდგას გვერდით, მაშინ ესტონლები ქართველი ხალხის საუკეთესო მეგობრები არიან.

რომელი ქვეყანა დაეხმარა საქართველოს თქვენ ბალტიელ მეზობლებზე მეტად, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა? როდესაც იდგა ჩვენი ქვეყნის არსებობის საკითხი?

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, როგორ დაგვეხმარეთ გადარჩენაში 2008 წლის აგვისტოს ყველაზე მძიმე დღეებში.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება თუ როგორ გვიცავთ დღესაც, მაშინ, როდესაც სხვები ფიქრობენ თუ რამდენად ადვილი იქნებოდა მათი ცხოვრება ამ პატარა, ამაყი და ჯიუტი კავკასიური ქვეყნის გარეშე, რომელიც თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის იბრძვის.

ქართველ და ესტონელ ხალხს საერთო არა მხოლოდ იმპერიალისტური ტირანიის ხანგრძლივი და ტრაგიკული ისტორია აქვთ, არამედ ეს ორი ერი იზიარებს ამ ორ ერს გაგვაჩნია წინააღმდეგობის ერთნაირი სული, ევროპული ღირებულებების მიმართ ერთნაირი ვალდებულება და რადიკალური დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოცდილება.

თქვენ განახორციელეთ შესანიშნავი რეფორმები 90იან წლებში - მე ამას რევოლუციას დავარქმევდი.

მეტსაც ვიტყვი, ესტონეთის გამოცდილება იყო და კვლავ არის ის ძირითადი მოდელი, რისთვისაც ჩვენ ვიღწვით ვარდების რევოლუციის შემდეგ: - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ტრანსფორმაცია. პარადიგმების, სტანდარტების, ღირებულებების ცვლილება. ფაქტობრივად საუკუნის და მსოფლიო ცვლილება.

ვარდების რევოლუცია, ჩემო ძვირფასო ხალხო, არის გაცილებით მეტი ვიდრე ისტორიული მომენტი, რომელიც სავსეა ლოზუნგებით, დროშებით, ფერებით და ღიმილით, ეს არის მთელი პროცესი, გრძელი, რთული რეფორმების პროცესი, რომელის მიზნად ისახავს პოსტ-საბჭოთა საზოგადოების გარდაქმნას ევროპულ საზოგადოებად.

ეს პროცესი ეხება საზოგადოების ყველა ნაწილს, პოლიტიკური ინსტიტუტებიდან დაწყებული - მარტივი, სოციალური ურთიერთობებით დამთავრებული.

ეს პროცესი მოითხოვს მართვას და კრიტიკისადმი სრულ გახსნილობას, ენთუზიაზმს და პრაგმატიზმს.

ამ დროს ქვეყანა იძენს მტრებს, მაგრამ ასევე იძენს მეგობრებს, რომლებიც სრულიად არ გვანან ერთმანეთს. და თუკი ნებას დამრთავთ, მოვიყვან ერთ ასეთ მაგალითს - იყო ჰუგო ჩავესი, რომელიც ჩემი ქვეყნის დანაწევრებას და დაშლას ხოტბას ასხამდა და იყო ვაცლავ ჰაველი, რომელიც იცავდა საქართველოს ერთიანობას. მითხარით ვინ არიან თქვენი მეგობრები და გეტყვით ვინ ხართ თქვენ...

ჩვენ ძალიან გვჭირდება ასეთი მეგობრები, გვჭირდება ისინი იმისათვის რომ მხარში ამოგვიდგნენ, გაგვაკრიტიკონ, შეგვისწორონ, იმსჯელონ იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ ევროპისკენ მიმავალ გრძელ გზაზე.

ისინი ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მაშინ, როდესაც უზარმაზარი იმპერია გადაწყვეტს გამოიყენოს მთელი მისი ენერგია, ფული და გავლენა იმისათვის რომ დაამარცხოს ჩვენი, ისედაც უკვე რთული დემოკრატიული ტრანსფორმაცია, წაშალოს უკვე ძალიან რთული გამოცდილება.

თქვენ იცით, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ ევროპელების დახმარებით მივაღწიეთ 2008 წლის აგვისტოში, მადლობა ევროპას ამისთვის.

თქვენ იცით, რომ რუსეთის ჯარს აქვს ოკუპირებული საქართველოს მიწები.

თქვენ ყველამ იცით, რომ ამ ჯარებმა განახორციელეს უმოწყალო ეთნიკური წმენდა ჩვენს ქვეყანაში.

და თქვენ ყველამ იცით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ახდენს „რეჟიმის შეცვლის" პოლიტიკის პრომოცირებას საქართველოში.

ასე რომ, მე ამ ყველაფერზე აღარ ვისაუბრებ. მე ყურადღებას გავამახვილებ იმ ომის სხვა ასპექტზე, რომელიც დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ.

მე განცვიფრებული ვიყავი, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა მოახერხეს გაევრცელებინათ სურეალისტური აღქმა იმისა, რომ თურმე ჩვენ დავესხით მათ თავს.

მე განცვიფრებული ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინა რუსეთის ხელმძღვანელობის პროვოცირება, მაშინ როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით რუსეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს ქვეშ, ამას მოჰყვა მთელი რიგი სამხედრო პროვოკაციებისა და საბოლოოდ სრულმასშტაბიანი დაპყრობა.

მე განცვიფრებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჩვენ გვადანაშაულებდნენ უძინარი ქალაქის დაბომბვაში... თქვენ შეიძლება არ გჯერათ, მაგრამ ეს სიმართლეა... თურმე ჩვენ ვახორციელებდით ეთნიკური წმენდის კამპანიას, მაშინ როდესაც ჩვენი ქალაქები იბომბებოდა და ჩვენი მოქალაქეები იძულებით ტოვებდნენ თავიანთ სახლებს და სოფლებს.

მე ვიმყოფებოდი შოკში და ვფიქრობდი, რომ რუსი ლიდერები არიან ჯადოქრები, რომლებსაც ნებისმიერი რეალობის გადაკეთება შეუძლიათ მის აბსოლუტურად საპირისპირო ისტორიად.

მე ცოტა ხნით წიგნების კითხვაზე გადავერთე და დავაკვირდი ისტორიას. და დავინახე ჩემო ძვირფასო მეგორებო, რომ არაფერი არ იყო ახალი. აბსოლუტურად არაფერი.

ამ სტრატეგიას თავისი სახელი გააჩნია: მას სარკის პროპაგანდა ქვია ან ბრალდება სარკეში.

იგი მოიცავს შენი მსხვერპლის დადანაშაულებას სწორედ იმ დანაშაულებში, რომლის განხორციელებას შენ აპირებ ან უკვე ჩართული ხარ ამ პროცესში.

ეს იყო მთავარი საკომუნიკაციო საშუალება ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმისა განვლილ საუკუნეში.

ნაცისტები პირველები იყვნენ, ვინც ეს ფანტასტიური ინტუიცია დახვეწილ სისტემად აქცია.

მათ დაადანაშაულეს ებრაელები მსოფლიო ომის მომზადებაში რომელსაც ისინი ფაქტიურად თვითონ ამზადებდნენ და ასევე გერმანელების განადგურების დაგეგმვაში, როდესაც თვითონ მუშაობდნენ ებრაელთა გენოციდზე. მათ დაადანაშაულეს პოლონელები იმ პროვოკაციების მოწყობაში, რომელსაც ისინი უწევდნენ ორგანიზებას საზღვარსე და ა.შ.

ეს იმდენად ეფექტური და ძლიერი აღმოჩნდა, რომ კომუნისტებმა სარკის პროპაგანდა მთელ მსოფლიოში გამოიყენეს. და განსაკუთრებით აქ, ზუსტად ამ ადგილას. მაგრამ მხოლოდ ისინი არ იყვნენ გებელსის და ჰიტლერის მიმდევრები.

აფრიკის შუაგულში, რუანდაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზუსტად იგივე სტრატეგია უფრო ადრე, ტუტსის უმცირესობის გენოციდამდე და გენოციდის შემდეგ. ჰუტუს ექსტერმისტებმა, რომლებიც აპირებდნენ მილიონი ტუტსის განადგურებას, დაადანაშაულეს თავიანთი მსხვერპლი გენოციდის დაგეგმვაში ჰუტუს უმრავლესობის წინააღმდეგ. და მოგვიანებით, როცა ჰუტუს გამანადგურებელი ქვედანაყოფები „მუშაობდნენ" - ეს იყო სიტყვა, რომელსაც ისინი იყენებდნენ ქალებისა და ბავშვების ბარბაროსული მკვლელობის შესაფასებლად, ასე რომ, როდესაც ისინი „მუშაობდნენ" მთელ ქვეყანაში, იგივე პროპაგანდისტები თავიანთ თავს ხატავდნენ როგორც გენოციდის მსხვერპლებს.

შეიძლება ეს ყველაფერი მეტად უცნაურად ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს სტრატეგია საკმაოდ კარგად მუშაობს.

ამ საოცრად ცინიკურ და ეფექტურ სისტემას აქვს ერთი მიზანი: მიმდინარე მოვლენებისაგან ნაცრისფერი სურათის შექმნა. თუკი ყველა ყველას დაადანაშაულებს ერთსა და იმავე დანაშაულის განხორციელებაში, ამ სურათის აღქმა ხდება ქაოტური და ჭეშმარიტი დამნაშავე თავისუფალია თავის მოქმედებაში. მსხვერპლი რჩება მარტო, მას მსხვერპლის სტატუსიც კი ჩამორთმეული აქვს.

ეს სტრატეგია ეფუძნება ერთ ძალიან ჭკვიანურ ანალიზს: დასავლური დემოკრატიები არის და ეს - და ეს არის სწორად დემოკრატიის მშვენიერი ნაწილი - თუ ასე შემიძლია გამოვთქვა - და მათ არ სურთ ნებისმიერ კონფლიქტში ჩართვა ყოველთვის.

ეს ქაოტური და ნაცრისფერი აღქმა სთავაზობს ამ დემოკრატიებს კარგ მიზეზს თუ რატომ არ უნდა ჩაერიონ. თუ ყველა ჩადის ერთიდაიგივე დანაშაულს, მაშინ არ არსებობს დასასჯელი დამნაშავე, და არ არსებობს გადასარჩენი მსხვერპლი.

რუსი ლიდერები იყენებდნენ და აგრძელებენ სარკის პროპაგანდის გამოყენებას ჩვენს წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში, და იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, საერთაშორისო ორგანიზაციების და სტრუქტურების ჩართვით, რომლებსაც წარსულში ყურადღებასაც კი არ აქცევდნენ.

რეალობის ტრანსფორმირება გაზპრომის ხედვით, მედიის ობიექტივში გადახდილი თანხები და საჯარო ფიგურების მოქრთამვის სტრატეგია, გამოიყენება უფრო ხშირად, ვიდრე ამას ოდესმე წარმოიდგენდა საბჭოთა კავშირი.

და ეს ზუსტად ის დროა, როდესაც პაწაწინა ქვეყანას, საქართველოს, სჭირდება თავისი მეგობრები.

ჩვენ არა გვაქვს იმდენი ფული, გავლენა და ცინიზმი.

მაგრამ ჩვენ გვყავს ჭეშმარიტი და განსაკუთრებული მეგობრები.

ჩვენ არ ვთხოვთ ამ მეგობრებს გამოგვიგზავნონ სამხედრო შენაერთები და იარაღი. ჩვენ მათ ვთხოვთ გააგებინონ მსოფლიოს სიმართლე.

ჩვენ თქვენ გვჭირდებით რომ დავამარცხოთ სარკის პროპაგანდა, ჩვენ თქვენ გვჭირდებით რომ შევაჩეროთ ამ პროპაგანდის მცდელობა დამალონ ფაქტი, რომ არსებობს საოკუპაციო ძალა და ოკუპირებული ქვეყანა, რომ ისინი არიან ეთნიკური წმენდის განმახორციელებლები და არსებობენ დევნილები, რომ რუსული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს რეგიონში სტაბილურობის წინააღმდეგ და არა საქართველოს რეაგირება მათ ამ საქციელზე...

ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რომ შეახსენოთ მსოფლიოს რომ არსებობს დამნაშავე და არსებობს მსხვერპლი.

არსებობს მიზეზი, იმისა თუ რატომ ვლაპარაკობ დღეს ამის შესახებ.

რუსეთის ლიდერები კვლავ გეგმავენ ჩვენს განადგურებას და ჩვენი გამოცდილების წაშლას. მათ ძალიან კარგად ესმით რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელეწიფება გააგზავნოს მათთვის არასასურველი მესიჯი მთელს რეგიონში.

მისი გზავნილი არის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო სუვერენული ქვეყნის დაპყრობა, არც ძალა ეყო მისი მთავრობის შეცვლაში და ვერ შეძლო წინააღმდეგობის ჩახშობა.

მთელ რეგიონში გაისმის ეს გზავნილი და ვლადიმერ პუტინი ამას ვერ იტანს. ასე რომ, ისინი კვლავ დაგეგმავენ და განახორციელებენ რაიმეს.

მაგრამ, იმისათვის რომ ახალი ომი წამოიწყონ, მათ სჭირდებათ ნაცრისფერი წარმოდგენა, რომლითაც მოახდენენ ჩვენს დისკრედიტაციას და დადანაშაულებას სარკეში.

თქვენ ჩვენ გვჭირდებით ამ სტრატეგიის ოპონირებაში.

იმიტომ რომ თუ თქვენ ჩვენს სიტუაციას ნათელს მოჰფენთ, გაავრცელებთ სიმართლეს ჩვენი განცდებისა და კანონიერი მიზნების შესახებ, ის ფაქტები, რომელსაც თქვენ გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს ჩვენ დაგვიცავენ მეტად ვიდრე ტანკები და ტყვიები.

დამნაშავენი მოქმედებენ ღამით, როცა ყველა კატა შავი ჩანს.

იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მორიგი დანაშაული, ჩემო მეგობრებო, გთხოვთ დაგვეხმაროთ ნათელი შევიტანოთ მსოფლიო შემეცნებაში, არ მივცეთ ნება სიბნელეს კვლავ მოიცვას საქართველო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური