საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის დიდ სავაჭრო ცენტრში ქართული ღვინის კუთხე მოინახულა

1/22/2010

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის დიდ სავაჭრო ცენტრში ქართული ღვინის კუთხე მოინახულა. მისი თქმით, საქართველოს ამოცანა დღეს არა თივის სატყუარაზე წაყოლა, არამედ იმ მეგობრულ ბაზრებზე მუშაობაა, რომელიც მისთვის არასოდეს დაიხურება.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს იმედი ჰქონდა საქართველო თავად იტყოდა უარს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე.

"დროა ყველამ გაიგოს - ერთი ის, რომ ბატონ პუტინს საქართველოსთვის კარგი ნამდვილად არ სურს. მეორე, მისი წარმოდგენით ქართველი ხალხი ეს არის დაახლოებით ვირს რომ წინ თივას დაუკიდებ და ამ თივის და სატყუარას ქნევით რაზეც გინდა წამოიყვან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პუტინს ჰგონია, რომ სატყუარას - ღვინის შეშვებასთან, ვიზების მოხსნასთან, ფრენების აღდგენასთან ან ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხი გაჰყვება.

"ნამდვილად ზერელი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის საქართველო და ქართველი ხალხი. ის ხალხი, ვინც მასთან დადის, შეიძლება მართლაც აგონებდეს რომელიმე მისთვის ნაცნობ ცხოველს, მაგრამ საქართველოს არ იცნობს და არ იცის, როგორია ქართველი ხალხის გონიერება, ღირსება, რაციონალური აზროვნება და გამბედაობა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა მუშაობის გააქტიურება და თავის დანებება იმ ილუზიებისთვის, რომ შაჰ-აბასი, მურვან ყრუ, რომელიმე ყაენი ან პუტინი საქართველოს რაიმეს თავისი ნებით დაუთმობს, დაუბრუნებს ან გულში ჩაიკრავს. პრეზიდენტის თქმით, ესტონეთში ქართულ ღვინოს უკვე ცნობენ, ბაზარზე ფეხიც მოკიდებულია, თუმცა, უფრო გამყარებაა საჭირო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური